პროექტი: Tirpitz– ის მუზეუმი

ავტორი: BIG (Bjarke Ingels Group)

არქიტექტორები: ბიარკ ინგელსი, (Bjarke Ingels) ფინ ნორქეარი (Finn Norkjaer)

ფართობი: 2800.0 2

მდებარეობა: ბლოვენ, (Blåvand) დანია

წელი: 2014-2017

დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია, ბი აი ჯი –მ (BIG) დაასრულა მშენებლობა „უხილავი მუზეუმისა“ ბლოვენში, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ აგებული ბუნკერის მიმდებარედ, ქვიშის ბორცვში ხაზოვნადაა გაჭრილი.

BIG- ის დიზაინი ითვალისწინებს ახალ საგამოფენო სივრცეებსა და ტირპიცის (Tirpitz) ბუნკერის მუზეუმის გაფართოებას. ექსტერიერში ოთხი გრძივი საფეხმავლო დერეფანი შენობის ცენტრში ერთიანდება და ქმნის ბირთვს, რომელიც მუზეუმისთვის შიდა ეზო, ინტერიერში სინათლის წყარო და ნაგებობის ახალი შემკვრელი წერილია.

მუზეუმი ოთხი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, რომლებსაც წახნაგოვანი ფორმა აქვთ. რადგან შენობა მიწისქვეშ მდებარეობს, ამ ბლოკებში ექვსმეტრიანი სიმაღლის ვიტრაჟები მოეწყო, რომლებიც შესაძლებლობას ქმნის, სინათლემ შეაღწიოს და ბნელი სათავსების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს.

 

“ტირპიცის არქიტექტურა არსებული ბუნკერის ანტიტეზია – მძიმე ჰერმეტულ ობიექტს ეწინააღმდეგება ახალი მუზეუმი, თავისი სიმსუბუქითა და გახსნილობით. ბორცვში ინტეგრირებული გალერეები თითქოს ღია ოაზისს ქმნიან ქვიშაში. ახალი მუზეუმის მსუბუქი ხასიათი მკვეთრად განსხვავებულია ნაცისტური ციხის ბეტონის მონოლითისგან. ლანდშაფტში ოთხი მხრიდან გაჭრილი დერეფნები კომპლექსის შუაგულში ერთიანდება და ქმნის შიდა ეზოს, შეკრების წერტილს და ამასტანავე ჰაეროვნება შემოაქვს.” – აღნიშნავს BIG- ის დამფუძნებელი ბიარკ ინგელსი.

 

მუზეუმში არსებული ოთხი თემატური საგამოფენო სივრცე შექმნილია ჰოლანდიური სტუდია Tinker Imagineers– ის მიერ. სათავსებში ასახულია ომის ისტორია. ინტერიერი ძირითადად ბეტონის მასალისაა, რასაც არსებულ გარემოში დრამატული ხასიათი შემოაქვს.

ეს ბეტონის გალერეების არმია აზიარებს ისტორას ჰიტლერის გეგმების შესახებ, შეექმნა ფართო თავდაცვითი ქსელის სანაპირო ნაგებობებით, რომლებიც ცნობილია როგორც ატლანტიკური კედელი.

აღსანიშნავია, რომ ტირპიცის ბუნკერის მშენებლობა 1944 წელს დაიწყო, თუმცა მისი მშენებლობა მეორე მსოფლიო ომი დასრულებისთანავე შეწყდა. ეს ბეტონის ბლოკი მოგვიანებით გადაიქცა მუზეუმად.

არსებული ბუნკერი აქ ერთადერთი ნიშანია, რაც არც თუ ისე შორეულ და საზარელ წარსულ გვახსენებს მსოფლიო ისტორიიდან. ახალი მუზეუმის არქიტექტურა, თითქოს მის განეიტრალებასა და პოზიტიური გარემოს შექმნის მცდელობაა.

ტირპიცის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და გასულ კვირას გაიხსნა. ვარაუდობენ, რომ მუზეუმი ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ვიზიტორს მოიზიდავს.

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

წყარო: dezeen

Facebook Comments
facebooktwitterpinterest