უდავოა, რომ ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლისას კარგი და ხარისხიანი მუსიკის მიღების იმედი გვაქვს; ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ალბომის წარმატებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარეკანიც, ის არა მარტო შენახვის, დაცვის ფუნქციას ასრულებს, არამედ გემოვნებიანად შესრულებული სურათი, ნახატი თუ უბრალოდ წარწერა გააჩერებს, მიიზიდავს მსმენელს და ალბომის შეძენის სურვილს გაუჩენს. წიგნის ყდის მსგავსად, მან ილუსტრაციებით უნდა გადმოგვცეს მუსიკის შინაარსი და არსი, გაუკეთოს მას რეკლამა და იდენტიფიცირებადი გახადოს. სწორედ რომ გარეკანია, რაც დიდი ხნით შემორჩება მეხსიერებას და შეიძლება შემსრულებლის სავიზიტო ბარათიც გახდეს, როგორც ეს მაგალითად „სექს პისტოლზის“ შემთხვევაში მოხდა და 1977 წლის ალბომის გარეკანზე გამოყენებული ყვითელი და ვარდისფერი ფერები მათ სტილად ჩამოყალიბდა. ალბომის გარეკანის დიზაინი დიდი ხანია, რაც ხელოვნების ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდა და მსმენელი მუსიკასთან ერთად მის იერსახესაც დიდი ინტერესით ელოდება.

ამ მხრივ, 2015 წელი საკმაოდ საინტერესო იყო. მუსიკოსებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ორიგინალური გარეკანიც შემოგვთავაზეს, ზოგი შემსრულებლის ალბომი მოულოდნელობებით იყო სავსე, ზოგი – უბრალოდ უცნაური.

IDAAF 2015 წლის მუსიკალური ალბომების 12 საუკეთესო გარეკანს წარმოგიდგენთ.

 

Petite Noir: La Vie Est Belle / Life is Beautiful

გარეკანი სრულად გამოხატავს ალბომის მუსიკას, რომელშიც თავისუფლებისკენ სწრაფვა იგრძნობა. სურათზე გამოსახულია მუსიკოსი, რომელიც არაფრად აგდებს გრავიტაციას და თავისუფლდება მისი ბორკილებისგან.

FKA Twigs: m3ll155x

ყველა დროის საუკეთესო ნამუშევარი Photoshop-ში. ეს გოგო იქცა კერპად დღევანდელი მუსკალური მოდისა და იმიჯისა, რომელიც თავის გარშემო იმპერიასავით შექმნა. ძალიან ნიჭიერი არტისტის უდაოდ ღირსეული დიზაინი, თავისი მისტიური მელოდიების გამოსახატად.

3. Arca: Mutant

არტისტის წინა ნამუშევარი ცნობილი გახდა აგრესიული, ფერადი იმპულსებით. ახალი ალბომის დიზაინერი ალეხანდრო გერსი კი უკან წევს ამ უხეშ კიდეებსა და გარეკანს თითქოსდა სამგლოვიარო ელფერს სძენს. წითელ მუტანტს, თმების მსგავსი რკალები კიდევ უფრო საშნელს ხდის, თუმცა არც ისე საშინელს რომ შეგძულდეს. კარგად თუ დააკვირდები, შეიძლება დაუმეგობრდე კიდეც.

4. Lupe Fiasco: Tetsuo & Youth

დღევანდელ დროში, როდესაც იმიჯი ყველაფერია, შემსრულებლის არყოფნა გარეკანზე და მისი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშით ჩანაცვლება, ამბიციური განცხადებაა. ლუპ ფიასკომ ამას არაჩვეულებრივად გაართვა თავი, უფრო მეტიც, ერთ-ერთი საინტერესო დიზაინიც კი შემოგვთავაზა.

5. Earl Sweatshirt: I Don’t Like S**t I Don’t Go Outside

ხანდახან სიმარტივე გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამ მეთოდს იყენებს ახალგაზრდა შემსრულებელი ამ გარეკანის დიზაინისთვის და წინასწარ გვამზადებს ალბომის პირველი ნოტებისთვის, რომელსაც დიზაინი უფრო იდუმალს ხდის.

6. Father John Misty: I love you, Honeybear

ღია პასტელური ფერები, ღვთისმშობელი ბავშვით და ზოგადად ზღაპრისებური ელფერი გვაფიქრებინებს, რომ ალბომი სიმშვიდის მომტანი იქნება. თუმცა კარგად თუ დააკვირდები სურათს შეამჩნევ, რომ ყველა მასზე გამოსახული არსება მონსტრია. სანამ ბნელ რეალობასთან დაგაპირისპირებს, გარეკანი თავისი ზედაპირული სითბოთი გიზიდავს.

7. Lady Lamb the Beekeeper: After

ალბომის გარეკანი სიმარტივით გამოირჩევა. იგი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ცა, მთები და ხორბლის ოქროსფერი მინდორი, რასაც იდუმალებას მატებს ქალი კაშკაშა, წითელი გადასაფარებლის ქვეშ და თეთრ პერანგში გამოწყობილი გახევებული კაცი, რომელიც ქალის ფორმას მისჩერებია.

8. Tame Impala: Currents

დიზაინი რობერტ ბეტის ეკუთვნის. იგი მუსიკოსთან, კევინ პარკერთან ერთად მუშაობდა გარეკანის იდეაზე. ალბომის თემაზე ფიქრისას და მისი ვიზუალურად წარმოდგენის დროს, კევინს მღელვარე ნაკადი, ქარიშხალი წარმოუდგებოდა თვალწინ, თუ როგორ მიედინება წყალი ან ქარი რაიმე ნივთის გარშემო. ამ იდეით შეიქმნა სურათიც, რომელიც ალბომის არსს ზუსტად გამოსცემს.

9. Snoop Dogg: Bush

ალბომის გარეკანი უცნაურია. სურათი მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, ბუჩქებსა და ხეებს შორის მარტო ერთი ლურჯი ძაღლია, რომელიც ბუჩქს ღრღნის. ბიძია სნუპი უჩვეულო ფორმაშია: ოქროების, სუპერ მანქანებისა და მოდელების ჩვენებისგან თავს იკავებს და ალბომის დიზაინს თანამედროვე ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშად წარმოგვიდგენს.

10. Ava Luna: Infinite House

შემსრულებლებმა ალბომის სახელი და დიზაინი დანგრეულ, ლაბირინთის მსგავს სახლს მიუძღვნეს, რომელშიც ჩერდებოდნენ ბენტონში ყოფნის დროს. როგორც მუსიკიდან, ასევე სურათიდანაც ჩანს, რომ მუსიკოსები ბოლომდე დაიხარჯნენ მისი შექმნისას. ნახატი მომნუსხველია და მისი ყურებისას გგონია, რომ იკარგები და გამოსასვლელს ვეღარ იპოვი.

11. Protomartyr: The Agent Intellect

ჯგუფის ყოველი ახალი ალბომი ექსტრაორდინალურია და არც ესაა გამონაკლისი. ალბომის სახელი ძველი ფილოსოფიური კითხვიდან მოდის, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის გონება პიროვნებასთან კავშირში. ალბომის გარეკანიც სწორედ ამ თემას ეხმიანება.

12. Dutch Uncles: O Shudder

დიზაინი მინიმალისტურია და ამავდროულად მიმზიდველი. გამოყენებული ფერები მკვეთრია, მაგრამ არ გხვდება თვალში და არ გაღიზიანებს. სურათი თითქოს მსუბუქია და მშვიდი, მაგრამ ალბომის მოსმენისას აღმოვაჩენთ, რომ მთლად ასეც არაა და იგი დატვირთულია ისეთი სერიოზული თემებით, როგორიცაა: ტერორიზმი, განქორწინება, სიყვარული, ეჭვი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. არადა აუზში ჩაგდებული ბურთისა და ტრამპლინის უკან მსგავსი თემების წარმოდგენა თუ შეიძლბოდა ვინ იფიქრებდა…

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest