პროექტი: სილამაზის სალონი „საკურამი“

არქიტექტორი: ზვიად სურგულაძე

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

საერთო ფართი: 270 მ2

ფოტო: მარიამ სიჭინავა

სილამაზე გემოვნებიან გარემოში, ვფიქრობ, უფრო თავისუფლად იქმნება. დიზაინერ ზვიად სურგულაძის მიერ შექმნილი „საკურამის“ ინტერიერი ნამდვილად განგაწყობს რაღაც ახლისა და დახვეწილის შესაქმნელად. ის საინტერესოა სტრუქტურით, ფერით, ტექსტურითა და კიდევ სხვა ბევრი დეტალით. მაგალითად, თაროები მოდულური სისტემით არის აწყობილი და მათი პოზიციის გადანაცვლება საჭიროებისამებრ არის შესაძლებელი, ამიტომ ინტერიერი მუდამ ცვლადი და ცოცხალია. ის „საკურამის“ დიდი ქსელის არც ერთ სხვა ობიექტს არ ჰგავს. პროექტის ავტორს IDAAF-მა რამოდენიმე შეკითხვა დაუსვა:

რა პრინციპით შეირჩა მასალა და რატომ არის კონცეფცია ასეთი განსხვავებული ამ ფუნქციისთვის?

„შევეცადე რომ მიმეღო სადა, დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი. პროექტში გამოყენებულია ჩემთვის საყვარელი მხოლოდ რამოდენიმე მასალა და ფერი, რათა იგი არ გადატვირთულიყო. ეს მასალებია: არსებული და ხელოვნურად შექმნილი ბეტონი, რაც ხაზს უსვამს ინტერიერის მონუმენტურობას; ხის ვერტიკალური დეკორატიულ-ფუნქციური სიბრტყეები, რაც ინტერიერს მატებს სიცოცხლეს. თეთრი კედლები და შავი მეტალის კონსტრუქტივიზმის სტილის ელემენტები.“

 

 

ავეჯიდან და არსებული ობიექტებიდან ყველაზე ძალიან სარკემ დაგვაინტერესა. მისი კონსტრუქცია მარტივი და არაჩვეულებრივია, გეომეტრიაც საინტერესო. ის რომ მას ორივე მხასრეს სარკის ზედაპირი აქვს მხოლოდ სივრცის მაქსიმალურად ათვისებისთვის არის?

„ჩემს ინტერიერებში ხშირად ვიყენებ ჩემივე პროდუქტს, რომლებიც ექსკლუზიურად მზადდებადა არ არის განკუთვნილი მასიური წარმოებისთვის, სარკე Standing Mirror ჩემსმიერ იქნა დაპროექტებული 2012 წელს და გამოვიყენე ამ სივრცეშიც, რადგან თემატურად და ფუნქციურად შეეფერებოდა მას. იგი ორმხრივია და გამოირჩევა მარტივი მეტალის კონსტრუქციით, რაც წარმოადგენს ორი მიმართულებით გატეხილ ჩარჩოსა და თავისი ორმხვრივობიდან გამომდინარე იგი ინარჩუნებს წონასწორობას და მყარად დგას. ასევე, მინდა აღვნიშნო, ბენჩი – Barcelona Wood. იგი დაპროექტებულია 2014 წელს, მისი ფორმაც მარტივია და ინტერიერს მატებს ელეგანტურობას, იგი დამზადებულია ნატურალური ხისგანდა ყვითელი მეტალისგან.“

 

 

ინტერიერის პროექტში საინტერესოა დამოკიდებულება ე.წ. მეორად სათავსებთან, როგორებიცაა დერეფნები და სველი წერტილები. ისინი ძირითად სივრცეებზე არანაკლებ გულმოგდინედ არის დამუშავებული, რაც შეიძლება ითქვას დიზაინის კიდევ ერთი ღირსებაა.

მეტი ზვიად სურგულაძის ნამუშევრებზე შეგიძლიათ ნახოთ აქ: www.surgula.com

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest