პროექტის ავტორი: ზვიად სურგულაძე

ფოტოს ავტორი: მარიამ სიჭინავა

ფართი: 110 მ2

მდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ. #4

 

სილამაზის სახლ “მირორისთვის” შექმნილი ზვიად სურგულაძის ინტერიერის დიზაინი მოულოდნელი დეტალებით არის სავსე. სივრცე კლასიკურია, ამავე დროს თანამედროვე და სურეალისტური ელემენტების შემცველი. იდააფმა ავტორს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

– რამდენად იქონია გავლენა ობიექტის დასახელებამ ინტერიერში ორი მრგვალი სარკის დომინანტ პოზიციაზე, თუ პირიქით, ინტერიერის კონცეფციიდან გამომდინარე შეირჩა მისი დასახელება?

ჯერ შემუშავდა საერთო კონცეფცია და ინტერიერი, აქედან გამომდინარე მოხდა ობიექტის დასახელების მოფიქრება.

– გარდა სარკის მასალის მყარი პოზიციისა, ინტერიერში არის ფერის მკაფიო ლაქები, განსაკუთრებით კი კედლის მწვანე სიბრტყე, რომელიც თეთრისგან მკვეთრი ჰორიზონტალით იყოფა, რასაც შერჩეული ნახატების ჭრაც ამძაფრებს. რამ გამოიწვია ვერტიკალური სიბრტყეების ასეთი გადაწყვეტა?

ინტერიერი ატარებს ექსპერიმენტალურ ხასიათს, შევეცადე იგი ყოფილიყო სურეალისტური კლასიკური ელემენტებით, რამაც გამოიწვია პანელებისა და კარებების ჰორიზონტზე გადაჭრა, და ამ ყველაფერზე ხაზგასმა გადავწყვიტე ფოტოების თავისივე ჩარჩოების ჭრით. ასევე სარკეები თემატურია ინტერიერისთვის და მათი ერთმანეთში არეკვლა ვფიქრობ, ინტერიერს უფრო სურეალისტურს ხდის.

– მასალების კომბინაცია განსაკუთრებით იატაკის შემთხვევაში, საკმაოდ არატრადიციულია და ჩანს, რომ ფუნქციურადაც გამართლებულია ზონების მიხედვით. რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ მათი შერჩევისა და შეხამების შესახებ, როგორც ვიზუალური ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით?

ვიზუალური თვალსაზრისით კონცეფციის არსი იყო ორ ნაწილად, ჰორიზონტზე გამეყო ინტერიერი – ქვედა ნაწილი ყოფილიყო კლასიკური პანელებით, პარკეტის იმიტაციის მქონე კერამიკული ფილით მოპირკეთებული, რომელსაც წყობაც ექნებოდა ასევე კლასიკური და ესპანური, “ბარსელონისებური” ორნამენტებიანი ფილებით, რომელიც პერიმეტრზე მოჰყვება ოთახს, ხოლო ზედა ჰორიზონტი მინიმალისტური თეთრ ფერად შეღებილი სიბრტყეები სქემატურად დაქსელილი სანათებით, რაც გაათანამედროვებდა ინტერიერს.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest