ინტერიერის დიზაინი – ნუკა კორინთელი

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო

ინიციატორები – პაატა ბეჟანიძე, ნინო ბეჟანიძე, მარი ბოლქვაძე

სამუშაოებს კურირებდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საერთო ფართი: 247 მ2

წელი: 2014

ფოტო: Sereley

 

საპორტო ქალაქი, დროის გარკვეულ მონაკვეთებში საოცრად სწრაფად ვითარდება. ბათუმისთვის ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი XIX საუკუნის ბოლოა. ამ დროს ის, უნდოდა მას ეს თუ არა, ძალიან ბევრ გონებაგახსნილ ადამიანს მასპინძლობდა. მათგან გონის ნაწილს იტოვებდა და სწორედ ასეთი ნაწილია მარინის პროსპექტზე 1901 წლიდან არსებული წიგნების მაღაზია და შენობა, რომელშიც ის ცხოვრობს.

მოდერნის და ტრადიციული არქიტექტურის ნაზავი ინტერიერი შალიაპინს, იესენინს, გორკის, გალაქტიონს, დუმბაძეს და კიდევ ბევრ წიგნების მოყვარულს მასპინძლობდა. 2011 წელს მაღაზიამ 110 წლისთავი იზეიმა, ამას დაემთხვა „სს აჭარწიგნისა“ და „BKპროექტის“ გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინათ თანამედროვე ლიტერატურული სალონი.დღეს ის თითქმის უცვლელად არის აღდგენილი. ფასადზე ფრონტონის ცენტრალური ნაწილი განახლებულია. ის არ კარგავს ხასიათს, მათ შორის აბრისთვის სიფრთხილით შერჩეული შრიფტის წყალობით. ინტერიერის ორდონიანობა მას სიმყუდროვეს მატებს. ანტრესოლში, წიგნების თაროებთან განთავსებული თითოეული მაგიდა პატარა მიკროსამყაროა. შენარჩუნებულია „Rothschild“ -ის ქარხანაში დამზადებული უნიკალური შავ-თეთრი ორნამენტირებული იატაკი. ხის ულამაზესი ავეჯი ტრადიციული ელემენტებით მოდერნის გარემოცვაში – თავიდანვე საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც უდავოდ გაამართლა.

idaaf-ი ინერიერის დიზანის ავტორს, ნუკა კორინთელს გაესაუბრა:

„პროექტის იდეა იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის ავთენტურობა, რაც ამ ადგილს გააჩნდა. მიზანი იყო – ახალ დიზაინს არ გადაეფარა არსებული და პირიქით, მას მორგებოდა. ხაზი გაესვაძველი ქვის დახვეწილი იატაკისთვის და ბათუმლებისთვს (და არა მარტო მათთვის) ასე კარგად ნაცნობი ძველი წიგნების კარადებისა და დახლებისთვის. მათი ნაწილი ბარის მაგიდად გადაკეთდა. კარადები ანტრესოლში გადაადგილდა. არც ერთი ეს ცვლილება არ ცვლის იმ აურას, რომელიც ადრე ამ მაღაზიაში იყო. ახალი დეტალების ფერები მაქსიმალურად ნათელი და ნატურალური გადაწყდა, რათა სივრცე არ დამძიმებულიყო და მყუდრო გარემო შეექმნა.

ავითვისეთ ძირითადი დარბაზიდან გამავალი პატარა შეწეული ოთახები, რომლებიც ადრე მაღაზიის საწყობად გამოიყენებოდა. ასეთ ოთახებში შემოსასვლელის მოპირდაპირე კედლებზე სარკეები განვათავსეთ. ისინი ქუჩის მხრიდან შემოსულ სინათლესა და მოძრაობას ირეკლავენ – ერთგვარი ფანჯრის იმიტაციაა, რომელიც პატარა სივრცეებს ჰაეროვნებასა და დინამიკას ჰმატებს.“

დიზაინის ერთ-ერთი ახალი დეტალიანტრესოლის პერიმეტრზე განთავსებული შავი ლითონის მოაჯირია, რომელსაც გარკვეულ მონაკვეთში კიბის საფეხურების დამჭერის ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ახალია,მოაჯირის მარტივი კონტური არ ტვირთავს სივრცეს და მისი განუყოფელი ნაწილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძალიან საინტერესოა, რომ აქ გამწვანებაზე საგულდაგულოდ იზრუნეს. ის ლოგიკურად, ჯიშების მიხედვით არის გადანაწილებული. იქ სადაც მეტი მზის შუქია ციტრუსის ხეებია და შედარებით სიღრმეში გვიმრების ბუჩქები და ფიკუსები.

წიგნების სალონში დღეს არქეოლოგიური სუვენირების შეძენა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვა და სხვა კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest