პროექტი: სადალაქო

მდებარეობა: გ. ახვლედიანის ქ. თბილისი

ფართობი: 100 კვ.მ

წელი: 2018

სტატუსი: დასრულებული

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, ანი წიქორიძე

კონცეფცია: სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერი ხვდება XIX საუკუნის თბილისურ ინტერიერს, საბჭოთა დიზაინსა და თანამედროვე ავეჯს.

სადალაქო XIX საუკუნის ბოლოს აშენებულ და ამ დროისთვის დამახასიათებელ თბილისურ შენობაში მდებარეობს. მაღალი ჭერი და სივრცეების დამაკავშირებელი კუთხოვანი ღიობები ამ ადგილს სახასიათო ელფერს სძენს. პროექტირების პირველ ეტაპზე ინტერიერი მთლიანად გამოთავისუფლდა ზედმეტი და მოგვიანებით დამატებული დეტალებისგან და თავისი პირველყოფილი სახე დაიბრუნა.

ჭერი და კედლები ავთენტური სახით შენარჩუნდა, სადაც მოეწყო საბჭოთა დროის განათებები. სივრცეებში ასევე განთავსდა დიდი ზომის სარკეები, მწვანე ფერის კედლის პანელები 1 მეტრ სიმაღლეზე და რკინის ქოთნები მცენარეებით. დახლი XX საუკუნის დროინდელ ინტერიერებში განთავსებული კარებისგან აეწყო, ხოლო იატაკზე ჭადრაკულად განლაგდა მწვანე და შავი ფერის ფილები.

აღსანიშნავია, რომ დიზაინის კონცეფცია მთლიანად იყო აგებული იდეაზე, შეგვექმნა არასტანდარტული სადალაქო სივრცე, განსხვავებული მსგავსი ადგილებისთვის დამახასიათებელი დიზაინისგან, გამოგვეყენებინა მეტი ბუნებრივი ფერი და ეკლექტიკური დეტალი. შედეგად მივიღეთ ინტერიერი, სადაც ყოველდღიური სწრაფი ტემპისა და სტრესული გარემოსგან დაღლილ მამაკაცებს საშუალება აქვთ განიტვირთონ კომფორტულ სავარძლებში, მცენარეებისა და სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის გარემოცვაში.

 

მეტი იდააფ არქიტექტორების შესახებ: www.idaafarchitects.com

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest