ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ თავისი გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და მოდურ ფეტიშიზმს უფრო მეტად გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციებზე მუშაობისას, შემოქმედებითი პროცესის დაწყებამდე დიზაინერი საგულდაგულოდ აანალიზებს თემას, იკვლევს მას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ნამუშევრების შექმნაზე. შეიძლება თემის სიღმისეული ცოდნაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი ნამუშევრები ასე გამორჩეულია და ყოველთვის ყურადღების საგანი ხდება.

ამ ნამუშევარში დემნა ცდილობდა გაერკვია, რა ამოძრავებს მყიდველს ახლი სამოსის შეძენისას, რა უდევს საფუძვლად მოდურ ფეტიშიზმს. ტანსაცმლის შესაქმნელად მან სპანდექსი (spandex), სინთეტიკური წელვადი ქსოვილი გამოიყენა. მასზე მუშაობა ადვილია, კარგად იღებს ინტენსიურ ფერსა და პრინტს, მაგრამ წლების განმავლობაში სამოდელო სამყარო დიდად არ სწყალობდა ამ მასალას, იგი, ძირითადად, სპორტული ტანსაცმლისთვის გამოიყენებოდა. ამ ახალ ნამუშევარში სპანდექსის გამოყენება გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გვასალიამ ახლაც შეძლო მისი სწორად წარმოჩენა და კრიტიკოსების დაინტერესება.

თემის კვლევისას დიზაინერმა აღმოაჩინა, რომ სპანდექსი და კრისტობალ ბალენსიაგას სავიზიტო ქსოვილი, აბრეშუმის „organza gazar“ 1958 წელსაა შექმნილი. ეს გახდა კოლექციაში სინქრონულობის ელემენტების ჩართვის მიზეზი. მთლიანი ჩვენება ერთგვარი მიძღვნაა ლეგენდარული დიზაინერისადმი, იქნება ეს სამკაულები თუ ის სტილი, რომელსაც ბალენსიაგა იყენებდა დროთა განმავლობაში. მაგრამ კოლექციას მაინც თან სდევს რაღაც დემნასეული, რომელიც ყოველთვის გამოარჩევს სხვებისგან.

დიზაინერმა მოდელების ქვედა ტანი ერთი ფერის ან რეტროს სტილის ყვავილების პრინტის ქსოვილით დაფარა, ხოლო ზედა ტანი გათანამედროვებული 80-იანების საღამოს კაბებითა თუ ფართო პიჯაკებით შემოსა, რითიც ბალენსიაგაზე გაკეთდა აქცენტი. აქტიურადაა გამოყენებული დიდი ზომის სილუეტები; განივი მხრები, რაც თითქოს სიძლიერის შეგრძნებას ტოვებს. ნამუშევრებში კაშკაშებს ფერები; ერთმანეთს ისე ადვილად ენაცვლება სალათისფერი და იასამნისფერი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. შესამჩნევია „ტრანსფორმირებადი“ ტანსაცმელი, მაგ: ქვედა ბოლო რომელიც კაბად გარდაიქმნება (ასევე მინიშნება ბალენსიაგაზე) და სპანდექსის ჩექმა/შარვლები, რომლებიც ტერფიდან წელამდე ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

და ბოლოს, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით დემნა მხოლოდ კოლექციის კონცეპტუალური ნაწილით არაა დაინტერესებული, იგი პრაქტიკულობითაც გამოირჩევა; წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კომფორტულად გამოსაყენებელი სამოსია.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest