ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი არტისტია, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით მუშაობს. ხატავს ზეთით, აკრილით, ქმნის ფოტო-კოლაჟებს, დგამს ვიდეო ინსტალაციებს, ატარებს პერფომანსებს და სხვ. მისი ფერწერული ნამუშევრების სამი სერია: „კულმინაცია“, „უკომენტაროდ“ და „ავტო-პორტრეტი“ 15 ნოემბრამდე იყო გამოფენილი „თბილისი მომაში“.

ოლეგ ტიმჩენკო 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ხატვა მისთვის ქცევის ბუნებრივი წესია და ისეთივე ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია, როგორც ლაპარაკის ან სიარულის უნარი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ის იყო სხვადასხვა ჯგუფის წევრი, რომელიც მხატვრებს აერთიანებდა. 2011 წლიდან ასწავლის თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ის არის პირველი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევარი „არყის ხეები“ ბონემის აუქციონზე, ლონდონში გაიყიდა. მისი ნამუშევრები მუდმივად არის წარმოდგენილი ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში გამართულ, როგორც საჯარო გამოფენებზე, ასევე კერძო კოლექციებში. ძირითადად ხატავს კონცეპტუალურ ფერწერულ სერიებს, რადგან მიაჩნია, რომ ასე გამოსახავს მთლიან სამყაროს სიყვარულის, სიხარულისა და ტრაგედიის სისავსით. მის ნამუშევრებს ახასიათებს ისეთივე გულწრფელობა, როგორც თვითონ მას – სადა, გახსნილ და პოზირებას მოკლებულ პიროვნებას.

პროექტი “ავტო-პორტრეტი”, რომელიც ამ სტატიაშია წარმოდგენილი, რამდენიმე ფერწერული ტილოს აერთიანებს. ნამუშევრებზე გამოსახული ავტომობილები გადმოსცემენ საქვეყნოდ ცნობილი იმ ადამიანების ხასიათს, რომლებსაც ესა თუ ის კონკრეტული მანქანა ეკუთვნოდა ან დღესაც ეკუთვნის. პოლიტიკოსების, მომღერლების, მსახიობების, ბიზნესმენების, სპორტსმენების პირადი ავტომობილები, შესრულებული რეალისტური, მკაფიო ხაზებითა და გამოკვეთილი, ზოგჯერ მძაფრი ფერებითაც კი, ამართლებენ მათი მფლობელების არა მარტო ხასიათს, არამედ იმ ლოზუნგებსაც, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ და რომლებიც ავტორმა ნახატებზე რეალობის განცდის გასაძლიერებლად დაიტანა.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

ფოტო: ოლია კულაევა

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest