ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მათი გონივრული მოხმარება ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევს. Line Architects-მა (თორნიკე ჭელიძე) წარმოგვიდგინა 3D მოდელი პროდუქტისა, სახელწოდებით: „აუდიო სკამი“, რომელიც ამ კავშირს კიდევ უფრო ცხადყოფს. მისი კონცეფციაა მოსახერხებელი სკამის გაერთიანება სპიკერებთან და ტელეფონის ან სხვა ხელსაწყოს დამტენ წყაროსთან. ხის სკამი ზომიერად პლასტიური და რბილი კონტურით არის წარმოდგენილი, ზომებით – 700x700x995 მმ. გარდა ტექნოლოგიური ჩანართებისა, მის ქვედა ნაწილში ღია თაროს ტიპის სათავსია, სადაც წიგნის, ჟურნალის, CD-ს ან სხვა ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი.

როგორც თორნიკემ idaaf-თან საუბარში აღნიშნა, „აუდიო სკამი“ პერსონალური ნივთია და გარემოც ასეთივე პრივატული სჭირდება. უახლოეს მომავალში კი ის ნამუშევრის ვირტუალური სივრციდან რეალურში გადმოტანას გეგმავს.

„…ხაზი შეიძლება იყოს მარტივი, მოკლე, უსასრულო, სქელი, მსუბუქი, პლასტიური, ჰარმონიული რთულ სივრცეში, დამაბრკოლებელი კარგად დაბალანსებულ მექანიზმში… ხაზს შეუძლია მიმართოს წარმოსახვა უსასრულობის ზღვრამდე და გამოიწვიოს მგზნებარე წინააღმდეგობები, ვიდრე მიღწეულ იქნება საბოლოო შეთანხმება და ურთიერთპატივისცემა. ხაზით იწყება პოეზია ქაოსში…“

 

 

მეტი Line Architects -ის შესახებ იხილეთ აქ: http://www.linearchitects.org/

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest