ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; საქართველოს ეს ნაწილი დღეს ყველაზე საინტერესო ადგილია მოგზაურობისთვის, რადგან მის კულტურას სხვა მხარეებთან შედარებით ნაკლებად ვიცნობთ და უმეტესობა ამ ადგილებისა ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ლანდშაფტები ხელუხებელი, თანამედროვე ურბანული ქაოსისგან სრულიად თავისუფალი და მშვიდი; ტბებითა და მდინარეებით მდიდარი სამცხე-ჯავახეთი, ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობითა და უნიკალური არქიტექტურითაა წარმოდგენილი, მისი მსგავსი კი სხვაგან არსად გვხვდება საქართველოში.

რა ვიცით სამცხე-ჯავახეთის შესახებ? შოთა რუსთაველის მხარეში მოგზაურობისას, პირველად ვეფხისტყაოსანში აღწერილი ციხეები შეიძლება გაგვახსენდეს. მდინარეების შესართავთან აქაური ლოდებისაგან მშრალად ნაგები ციხე–ნამოსახლარები, კოშკები და აკლდამები ძალიან ღრმა ისტორიულ ექსკურსს შლის თვალწინ. ლოდებისაგან აგებულ ასეთ ძეგლებს მეგალითურ, ან ციკლოპურ ნაგებობებს უწოდებენ.

ამ სტატიაში ჯავახური ციხე-კოშკების მედიდურ არქიტექტურაზე არ ვისაუბრებ, მათზე ჩემამდე ბევრი დაწერილა და მერეც ბევრი დაიწერება. აქ ამ მხარისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ სახლებზე მინდა ვისაუბრო, საოფელ: ფარავნის, ფოკისა და გორელოვკას მაგალითებზე. გამწვანებული სახურავებით გამოჩეული ეს სოფლები პირველი შეხვედრისას ინტერნეტში ნანახ ისლანდიურ ფოტოებს მოგვაგონებს, თუმცა დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ მათ დიდი მნიშვნელობა, ისტორია და არქიტექტურული ხასიათი აქვთ.

 

ისტორია

თუ თბილისიდან სამხრეთით იმოძრავებთ, 130 კილომეტრში ჯერ ფარავნის ტბის შთამბეჭდავ ლურჯ ფერს დაინახავთ, შემდეგ კი მის ნაპირებზე შეფენილ ორ სოფელს: ფარავანსა და ფოკას.

ცენტრალური გზიდან ვიწრო ბილიკებით ჩაუყვებით სოფელ ფარავნის დაღმართებს და პირველი რასაც გაიფიქრებთ: რატომ დგას საქონლის ფუნის მძაფრი სუნი ჰაერში? თუმცა ეს დისკომფორტი მალევე გავიწყდებათ, რადგან აღმოაჩენთ, რომ ზემოდან დანახული მწვანე მოლი სულაც არაა მინდორი და ისინი არც მეტი არც ნაკლები საცხოვრებელი სახლების სახურავებია.

ტიპური ჯავახური საცხოვრებელი მწვანე გადახურვით ხასიათდება. რიგ სოფლებში ისინი მიწაშია ნაგები და სინათლის წყარო სახურავის ცენტრში გაჭრილი თაღია. ჭერი ასევე ასრულებს გამწოვის ფუნქციას და მიწის ზემოთ ის, პრაქტიკულად, არა ჩანს.

რა იყო ასეთი საცხოვრისების აგების მიზეზი?

– თბოიზოლაცია და თავდაცვა.

ჯავახეთის კლიმატი ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით ხასიათდება, შესაბამისად, მიწაში სახლის შენება ზაფხულში სიგრილის, ხოლო ზამთარში სითბოს გარანტია. რაც შეეხება თავდაცვას, გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეს მხარე ხშირი შემოსევების მსხვერპლი იყო, შესაბამისად „შენიღბული“ სახლების მშენებლობა ჭკვიანური გამოსავალი იყო მოსახლეობისთვის. სოფელ არალიში, რომელიც ადიგენის რაიონში მდებარეობს, ადგილობრივების გადმოცემით, სახლები ერთმანეთთან საიდუმლო გვირაბებით იყო დაკავშირებული.

ქ. მამადაშვილის ნაშრომში: „ქართული სახლის ინტერიერი და სიმბოლიკა“, რომელიც სოფელ არალის მაგალითზეა დაწერილი, ვკითხულობთ:

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის მესხურჯავახურ სოფელში სახლის გაბატონებულ ტიპს მიწურბანიანი საცხოვრებელი წარმოადგენდა, რომელიც კარგად ეწყობოდა კლიმატურ პირობებს და თავდაცვით ფუნქციასაც ითავსებდა. ატმოსფერული ნალექების სიჭარბის გამო მესხური სახლის ბანი წინამხრისკენ ოდნავაა დაქანებული, რათა ზედ წვიმის წვეთი არ გაჩერდეს და დაგორდეს. ასეთი ნაგებობა თითქმისშეუმჩნეველია უცხო თვალისათვის, რაც უზრუნველყოფს მის თავდაცვას.

ასეთი ხუთიექვსი ოჯახის სახლკარი ერთმანეთზე იყო მიდგმული და საიდუმლო კარით უკავშირდებოდა ერთმანეთს. თუმცა, როგორც აქაურებს ახსოვთ, არალში ერთმანეთთან დაკავშირებული იყო არა რამდენიმე, არამედ თითქმის ყველა დარბაზი. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში უბნის მოსახლეობა ამ საიდუმლო კარებით ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა, რომ უფრო საიმედოდ დაცული ყოფილიყო.

სახლებს, არც თუ იშვიათად, გვირაბებიც ჰქონდა, რომელთა საშუალებით ლტოლვილი მოსახლეობა ციხესიმაგრეს აფარებდა თავს.

უნდა ითქვას, რომ მაშინაც, როცა ამ სახლებში ცხოვრობდნენ, მიწის ზედაპირზე ნაგებობები არ მოჩანდა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო ასე შენიღბულად ეცხოვრათ XX საუკუნის 40-იანი წლებამდე. მიწის ზემოთ სახლები ამ სოფელში მხოლოდ მას შემდეგ აშენდა, რაც გათურქებული მესხები გაასახლეს და შეწყდა მათი მხრიდან ქრისტიანი ქართველების შევიწროვება.

არლის დარბაზი მოიცავს რამდენიმე ოთახს. ყველა ეს ოთახი თუ სათავსო ერთმანეთთან დერეფნებით იყო დაკავშირებული.

საგანგებო ნაგებობაა ამბარი, სადაც ინახავდნენ მარცვლეულსა და სხვა პროდუქტს. ამბარი საგანგებო სქელი ფიცრით შენდებოდა.

 

. ჩიქოვანი წერს: ,,გადმოცემის მიხედვით ასეთი სახლის ამბრები წინათ სამხრეთდასავლეთ საქართველოდან მოსულ ლაზებს უკეთებიათ და ამიტომაც ეძახიან ლაზამბარებს. აღნიშნული ფორმის ამბრებს მესხებიც აკეთებდნენ, მაგრამ ლაზთა ნახელავი უკეთესი გამოდიოდა. ლაზამბარი ტრადიციული სიგრძით 18 “ფეხი” (ტერფი) უნდა ყოფილიყო, სიგანით 16 “ფეხიდა სიმაღლით 7 მტკაველი.“ დღეს ამბარი აქვს ყველა თანამედროვე სახლსაც და ისინი საოცარი ოსტატობით არის აგებული.

მთავარი დარბაზი წარმოადგენდა ზამთრის საცხოვრებელს. აქ ცხოვრობდნენ ზამთრის პერიოდში ოჯახის უფროსი – “მამასახლისიდა მისი მეუღლე. ოჯახის უფროსების საძინებელი ტახტი შესასვლელიდან მარცხნივ იყო, რაც შეეხება მარჯვენას, იგი დათმობილი ჰქონდათ გასათხოვარ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც ზამთრის პერიოდში ოჯახის უფროსებთან ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ასევე ზამთრის პერიოდში ამ ორ ოთახში სადილვახშმობდა მთელი ოჯახი. საინტერესოა, რომ სადილვახშმობის დროს სამი ტაბლა იდგმებოდა: მამაკაცებისთვის ცალკე, ქალებისთვის ცალკე და ბავშვებისთვის ცალკე. ასეთი ტრადიცია ზოგიერთ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი. ყოველგვარი საოჯახო საქმის გადაწყვეტისას და ასევე სადილვახშმობის დროს, მამაკაცები ისხდნენ მარცხენა ტახტზე, ხოლო ქალები მარჯვენაზე და ისიც უფროსუმცროსობის მიხედვით.

ზოგი ოთახი საშუალო ზომისაა.. იგი ხასიათდება შიგ შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელში არსებული კერაბუხრით და ამ უკანასკნელის ორივე მხარეს, კედლების გასწვრივ მოწყობილი ტახტებით. თუმცა ტახტები აქ უკვე აღარ დგას.

გარდა აღნიშნულისა, ამ ოთახში ყოფილა საჯამჭურჭლე და ლოგინის შესაწყობი წალოები – (დოლაბი), საოჯახო ძვირფასეულობის შესანახი სკივრი.

დღევანდელი მდგომარეობა

ისევ სოფელ ფარავანსა და ფოკას რომ დავუბრუნდეთ: დასაწყისში სუნი ვახსენე; საქმე ისაა, რომ ალპურ ზონაში მდებარე ამ სოფლებს გასათბობად მხოლოდ გამომშრალი ცხოველის ფუნა აქვთ, რომელსაც ზაფხულში მზეზე ახმობენ, ხოლო ზამთარში ღუმელში წვავენ შეშის ნაცვლად.

სოფელი ფარავანი საინტერესოა იმითაც, რომ აქ მწვანე გადახურვა უკვე მიწის ზემოთ გვხვდება და მათი სტრუქტურის დანახვა ადვილად შეიძლება. სოფელ ფოკისგან განსხვავებით აქ მწვანე ბანიანი სახლების უმეტესობა დამოუკიდებლადაა ნაშენი, სოფელ ფოკაში კი მწვანე სახურვიანი სახლები უშალოდ საცხოვრებელ სახლებს აქვთ მიდგმული. დღეს მხოლოდ რამდენიმე მწვანე ბანიანი სახლიღაა შემორჩენელი სოფელ ფოკა- ფარავანი- გორელოვკაში, სადაც ხალხი ისევ ცხოვრობს. ახლა მათ ცხოველების სადგომის ფუნქცია აქვთ შეთვისებული, მოსახლეობა კი ადგილობრივი ქვით ნაშენ, ძირითადად, ორ სართულიან სახლებში ცხოვრობს, რომლებიც მწვანე სახლების გვერდითაა განთავსებული. უმეტესობა მათგანი ინგრევა ან სრულიად მორყეულია, რაც ყველაზე სევდნიანი ნაწილია ამ სოფლებში მოგზაურობისას.

 

მომავალი

სოცილურ ქსელებში ხშრად ვხვდებით ფოტოებს სახელით: „ისლანდია, მინდააა“ და ფოტოზე მწვანე სახურავიანი სახლია მთების ფონით.

სინამდვილეში მსგავსი და უფრო ლამაზი გარემოა სამცხე-ჯავახეთის სოფლებში. ახლა აქ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, რომლებსაც თავიაანთი მდებარეობის უნიკალურობა გააზრებული არ აქვთ. სოფელ ფოკაში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, სადაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ამ ადგილის პოპულარიზაციისთვის, თუმცა ეს საკმარისი არაა.

ტურისტული პოტენციალი ფარავნის ტბის პირას გაშენებულ სოფელ ფარავანსა და ფოკას იმაზე დიდი აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

აქ მოგზაურობა ერთი სახალისო თავგადასავალია: სხვაგან სად ნახავთ წეროების უზარმაზარ ბუდეებს, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, სახლების სახურავზე ან განათების ბოძებზეა განთავსებული; სად შეხვდებით ცხვრებს, რომლებიც ამ მწვანე სახლების გადახურვაზე სადილობენ ან გადამფრენ ფლამინგოებს, რომლებიც ოქტომბერში ფარავნის ტბაზე ისვენებენ?

ეს და კიდევ სხვა უამრავი დეტალის ერთობლიობა ქმნის ჯავახეთის ამ სოფლების გარემოს ასეთ უნიკალურს ტურისტული საქმიანობებისთვის. აღსანიშნავია, სამცხე-ჯავახური კულინარიის მრავალფეროვნება და მთის ფერდობებზე ტერასულად გაშენებული ვენახები, საიდანაც მსოფლიოში ადგილობრივები უნიკალური ტიპის ღვინოებს აყენებენ.

 

რა შეძლება გავაკეთოთ ამ მხარის პოპულარიზაციისთვის?

პირველრიგში, ამ ადგილს უნდა უნდა შევძინოთ ახალი სიცოცხლე, ჯავახეთი უნდა გახდეს ახალი ტურუსტული ზონა, ყველა ტრადიცია და გარემო უნდა იყოს თავიდან აღმოჩენილი და სწორად მიწოდებული ვიზიტორისთვის. სამცხე ჯავახეთი უნდა გასცდეს ვარძია-ბორჯომს და გაიფართოვოს ტურისტული მარშუტების არეალი. აქ არის ჯერ კიდევ თითქმის აღმოუჩენელი ადგილები: დაშბაშის კანიონი, სოფელი ხეოთი ახალციხის რაიონში, სოფელი გორელოვკა, რომელსაც დუხაბორების სოფლის სახელით ვიცნობთ, სოფელ არალი ადიგენის რაიონში და კიდევ უამრავი სხვა ადგილი, რომელიც უყურადღებობით დროთა განმავლობაში მთლიანად უდაბურდება. ეს ადგილები მხოლოდ საცხოვრისების არქიტექტურით კი არა, სამლოცველოების, ცოხე-კოშკებისა და სხვა ობიექტების მრავალფეროვნებაც გამოირჩევა, აღარაფერს ვამბობ შთამბეჭდავ ბუნებასა და ხედებზე, რომელსაც ეს მხარე გვთავაზობს.

 

გაგაცნობთ იდააფ არქიტექტორების ხედვას , რომლებიც დაახლოებით ერთ წელია, რაც ნებაყოფლობით ვმუშაობთ სოფელ ფარავნისა და ფოკის ტურისტულ ზონად გარდაქმნის პროექტზე. პროექტი მოიცავს ამ სოფლებისთვის გენერალური გეგმის შემუშავებასა და მათი არქიტქეტურული იერსახის ჩამოყალიბებას არსებული გარემოდან გამომდინარე. ასევე ფუნქციურ ზონირებასა და სხვა ასპექტებს, რაც ამ ადგილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

სოფელი ფარავანი და ფოკა ერთმანეთისგან მოშორებით მდებარეობს, თუმცა მათი დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა ადგილად შეიძლება მოეწყოს. ეს ორი ლოკაცია აირჩა თავისი საინტერესო მდებარეობის გამო, ისინი ფარავნის ტბის ნაპირებზეა შეფენილი და გარშემო შთამბეჭდავი ხედები იშლება. შეიძლება ათვისებული იყოს ტბაზე ნავებით სერნობისა და მისი ნაპირების პლაჟად ქცევის პოტენციალი. ტბაში ბანაობა რეკომენდირებული არაა, თუმცა საცურაო აუზების მოწყობა მასთან ახლოს სრულიად შესაძლებელია.

რაც შეეხება დანგრევის პირას მისულ ამ მწვანე გადახურვიანი საცხოვრისებს, რომლებსაც ადგილობრივები აღარ იყენებენ, ისინი ვფიქრობთ, გადაკეთდეს მაქსიმალურად კომფორტულ ღამის გასათევ ადგილებად. თითოეულ მათგანთან გეგმარდება მცირე აუზი და პატარა მწვანე ბაღი, ქვის მოაჯირიანი ღობე და ტბის ხედზე გახსნილი ფანჯრები.

სოფელში ასევე მოეწყობა ვიწრო მოკირწყლული ქუჩები და კაფე-რესტორნები, საცხობი, ყავის მაღაზია/კაფე, ადგილობრივი რეწვისა და პროდუქტის მაღაზია, სადაც ადგილობრივი პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, იქნება ეს მთის თაფლი, ფურნეში გამომცხვარი პური თუ ყველი, რომლის ნაირსახეობითაც ეს ადგილი ნამდვილად გამოირჩევა. ამის მაგალითი ფოკის დედათა მონასტერია, რომელიც ფანტასტიურად ართმევს თავს სრულყოფილად წარმოაჩინოს ამ მხარის პროდუქტი და სხვა პოტენციალი.

აქვე მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი სოფლების ტურისტული განვითარება მოხდა:

იდააფ არქიტექტორები ვეძებთ ამ პროექტის განხორცილებით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს და მზად ჩვენი ხედვა და იდეები ამ ადგილის ტურისტულ ზონად გარდაქმნისა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.

 

 

ერთი რამ რაც სამცხე ჯავახეთზე აუცილებლად უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ იგი უძველესი დასახლებული მხარეა მსოფლიოში. აქ აქტიური კულტურა და ცხოვრება მიმდინარეობდა ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, რაც მსოფლიოში ხდებოდა. ამ ხარეს აქვს ნანახი ალექსანდრე მაკედონელი, შოთა რუსთავლის ვეფხისტყაოსანი მთლიანად ჯავახური ბუნებითაა შთაგონებული, არქიტექტურა, ტრადიციები და კულტურის ყველაზე საინტერესო მოვლენები ხდებოდა აქ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტურიზმი გასცდეს ერთფეროვან ტურებს უკვე მილიონჯერ ნანახ ადგილებში და ისეთ აღმოუჩენელ მხარეს, როგორიც ჯავახეთია ახალი სიცოცხლე შევძინოთ. გავაცნოთ ამ მხარის ეგზოტიკურობა უფრო მეტ ადამიანს.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest