ყველაზე კრიტიკულად განწყობილი, გულახდილი, უკიდეგანო ფანტაზიის მქონე და მეოცნებე ადამიანთა ჯგუფისთვის – ბავშვებისთვის, რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ძალიან რთულია. მიუხედევად იმისა, რომ მათთვის ბევრი რამ ახალია და სამყარო აღმოჩენებით სავსე, მაინც ძნელია ბავშვების გაკვირვება და მათზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ მათ პატარა თავებში ფანტაზიის უსაზღვრო რესურსი ეტევა.

 

 

ამისდა მიუხედავად, ათასწლეულების მანძილზე ზღაპრები, დღეს კი, ანიმაციური ფილმები მათი ყურადღების მიპყრობის საუკეთესო საშუალებაა. გამოგონილ გმირებს კი გამოგონილი სამყარო და შესაბამისად გარემო და არქიტექტურა სჭირდებათ. ნაგებობების მრავალფეროვნება არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. პრინცესებისა და პრინცების კოშკები და სასახლეები, მოსიარულე და მფრინავი შენობები, წყალქვეშა და ტყის სახლები, უცნაური არსებებისა და ნაგებობის ჰიბრიდები, ბოროტი და კეთილი გმირების საცხოვრებელი – ხასიათითა და სახვითი ფორმით ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც მისი მეპატრონე გმირები. მათი ჯადოსნური თვისებები არქიტექტურული მოცულობის, ინტერიერისა და უმცირესი დეტალების ვიზუალში ყოველთვის ჩანს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არქიტექტურის გამომსახველი კადრები წამიერია ან უბრალოდ ფონად არის დამოყენებული, ხშირად მათ შექმნაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და ნაფიქრია შენობების შიდა ორგანიზების სტრუქტურაზე და რა თქმა უნდა გარეგნულ იერზეც. ზოგჯერ ამ არარეალური ნაგებობების პროექტირებაზე იმაზე მეტი რესურსიც კი მიდის, ვიდრე „ნამდვილი“ არქიტექტორები უბრალო მოკვდავთათვის იმეტებენ.

 

 

ანიმაციური არქიტექტურა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის ბავშვებისთვის, ბიძგს აძლევს მათ ოცნებებს, აუცილებლად ანვითარებს გონებას, ფანტაზიებს და საბოლოოდ უფრო კეთილს ხდის სამყაროს. თუნდაც მოზრდილები რომ დავფიქრდეთ, ბავშვობაში ნანახი და მერე გონებაში ხშრად გამეორებული კარდების უმრავლესობა ხომ სწორედ ანიმაციური ფილმებიდან მოდის, იქ შექმნილი და დანახული სამყაროს კვალი დიდხანს რჩება ჩვენს გონებაში და ყველაზე უფრო მძაფრი ემოციების გამომწვევია ხოლმე.

 

 

IDAAF გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს და წარმოგიდგენთ სტატიას, რათა თქვენს პატარებთან ერთად ისიამოვნეთ ბავშვებისთვის შექმნილი არქიტექტურით, ინტერიერითა და დიზაინით.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი, ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest