XX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არქიტექტურა ცდილობს გათავისუფლდეს მოდერნისტული წესდების მიერ დადგენილი პარადიგმებისგან და ინსპირაციას მხვატრობაში, მუსიკაში, სკუპლტურასა და სხვა ხელოვნების სფეროებში ეძებს. კუბისტური ნახატების კომპოზიციური სტრუქტურა, ჰერაკლიტეს ლიტერატურული ფრაგმენტები, ბახის პრელუდიები არქიტექტურული პროექტების შთაგონების წყაროა, თუმცა ეს გამძაფრებული ინტერესი ხელოვნების სხვა დარგების მიმართ და მისი მცდელობა გაიფართოვოს ხედვა, გარკვეულწილად მიანიშნებს არქიტექტურის, როგორც ხელოვნების, არსის და მომავლის გაურკვევლობაზე.

არქიტექტურის ბოლოდროინდელი ინტერესი მიმართულია კინოზე, რომელიც თავისი შინაარსით ყველაზე ახლოს დგას მასთან სივრცული პრინციპებით და პირველ რიგში იმით, რომ კინოც და არქიტექტურაც ქმნიან და აკონსერვებენ კულტურას და ცხოვრების გარკვეულ წესს, განსაზღვრავენ ეგზისტენციურ სივრცეს და განზომილებას, ქმნიან ემპირიულ სცენებს ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის. რემ კულჰაასი, ჟან ნუველი და ბერნარდ ჩუმი, არქიტექტურული ავანგარდის თანამედროვე წარმომადგენლები, აღნიშნავენ, რომ კინომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი არქიტექტურისადმი მიდგომის ჩამოყალიბებაში. საინტერესოა, თვითონ არქიტექტურა რა როლს თამაშობს კინოში, რა მეტაფორულ მნიშვნელობას ატარებს სივრცე, რომელიც კადრებშია აღბეჭდილი. ნაკლებად მნიშვნელოვანია საერთოდ რეალურად არსებობს თუ არა ქალაქი, შენობა ან ოთახი, რომელიც ფილმშია, რადგან ფილმის არქიტექტურა უკვე თავისთავად გამოგონილია, მორგებულია კონკრეტულ სურათს გამოგონილი ფსიქოლოგიური, სულიერი სივრცეებით. ფილმის გადასაღები მოედანი თავისი განათებითა და მიღებული ჩრდილებით, ემოციური რქიტექტურული სივრცეა, რომელსაც ერთი და იმავე მოვლენის სრულიად სხვადასხვა განწყობით წარმოჩენა შეუძლია. სტენლი კუბრიკი ფილმში “ნათება“, სიმეტრიულ სივრცეებს იყენებს, რომლებიც მაყურებელში შიშს იწვევს, ანდრეი ტარკოვსკის ფილმები კი ალბათ ყველაზე მეტად პოეტურ და სულის შემძვრელ გარემოს ქმნიან.

ფუტურისტული, ურბანული ხასიათის მქონე ფილმია „მეტროპოლისი“, რომელიც რეჟისორ ფრიც ლანგის გერმანული პერიოდის შედევრად და ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკადაა აღიარებული. მეტროპოლისი ოცდამეერთე საუკუნის ქალაქია, რომელსაც მდიდარი ტექნოკრატები მართავენ ქალაქის ქვემოთ მცხოვრები მუშათა კლასის მეშვეობით. ფილმში წარმოდგენილი არქიტექტურით რეჟისორმა გადაწყვიტა ადამიანური კონფლიქტის იდეა ეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლისის არქიტექტურა მიანიშნებს საერთო მიზანზე შეიქმნას ერთიანი, ძლიერი ქალაქი, რომელიც ძალას, სიმდიდრეს ასხივებს, კონფლიქტი გარდაუვალია. ფილმში არქიტექტურა ხაზს უსვამს ქალაქის სიძლიერეს, აყალიბებს ღირებულებებს, რომელთაც მუდმივად პროგრესისკენ, უფრო ძლიერისკენ, უფრო მასშტაბურისკენ მივყავართ.

მეტროპოლისი იდეოლოგიების, ღირებულებების კონფლიქტში ქალაქის და ზოგადად არქიტექტურის მედიატორულ როლს გვიჩვენებს,რომელსაც კულტურულ პლურალიზმამდე და ამავდროულად სოციალურ ერთობამდე მივყავართ. მეტროპოლისი თავისი ცივი, სწორხაზოვანი, უმასშტაბო ფორმებით სრულიად საპირისპიროს, ადამიანის ინტერესებისადმი მგრძნობიარე ქალაქის საჭიროებას უსვამს ხაზს.

ქალაქი „მეტროპოლისი“ ჩვენთვის უცნობი ადგილია, რომელიც რეალურ სამყაროს მიღმა, ჩვენსავე წარმოდგენებში არსებობს. ქალაქთან იდენტიფიცირების პრობლემას შენობების ადამიანურ მასშტაბებთან შეუსაბამობა ამძაფრებს. ქალაქები, რომლებიც ჩვენთვის ახლობელია, გარკვეულ მოგონებებს, ასოციაციებს აღვიძებენ. „მეტროპოლისის“ არქიტექტურა კი სტერილურია, ერთიან მასკას ატარებს, რაც ე.წ. სუსტი არქიტექტურის პრინციპს უგულებელყოფს. სუსტი არქიტექტურის ეთიკა კი მრავალფეროვნებისადმი გახსნილი გარემოს არსებობისთვის აუცილებელია, რადგან ეს არქიტექტურა გარემოზე არ დომინირებს, არ არის აგრესიული, პირიქით დამყოლი, ხელშესახები და სუსტია.

 

მეტროპოლისი და ლე კორბუზიეს „მომავლის ქალაქი“

ლე კორბუზიეს მომავლის ქალაქი 3 მილიონ მაცხოვრებელზე გათვლილი თანამედროვე ქალაქია 60 სართულიანი ცათამბჯენებით, ლითონის კარკასის მქონე, მინით დაფარული საოფისე შენობებით, მართკუთხა ფორმის პარკებით. ქალაქის ცენტრში სატრანსპორტო კვანძია რამდენიმე დონიანი სადგომებით ავტობუსებისთვის და მატარებლებისთვის, შენობის თავზე კი აეროპორტია. ლე კორბუზიემ გზების გასწვრივ არსებული საფეხმავლო ტროტუარები სრულიად უგულებელყო. მეტროპოლისის გეგმარებაზე ლე კორბუზიეს მომავლის ქალაქმა დიდი გავლენა იქონია, რადგან ამ ორ ქალაქს შორის აშკარა მსგავსებაა, ორივე ქალაქის ძირითადი პრინციპი ვერტიკალური ზონირებაადა ორივე მათგანი 20-იანი წლების არქიტექტურულ ფუტურიზმის იდეების მატარებელია.

ჰიუ ფერისის „მომავლის მეტროპოლისი“

ჰიუ ფერისი(1889 – 1962) ამერიკელი არქიტექტორი იყო, რომელიც ცათამბჯენების ილუსტრაციების ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ მას ცალკეული შენობა არასდროს დაუპროექტებია, მისმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა იქონია არქიტექტურასა და პოპკულტურაზე. ბეტმენის კომიქსებში აღწერილი ქალაქი – Gotham City სწორედ ჰიუ ფერისის ცათამბჯენებით იყო შთაგონებული. დიდი დეპრესიის დროს ცათამბჯენები ხაზს უსვამდა სოციალურ ფენებს შორის განსხვავებას, მდიდარი ხალხის ციტადელებს განასახიერებდა, რომლებიც მიუწვდომელი იყო ჩვეულებრივი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, ჰიუ ფერისმა დახატა ცათამბჯენების სერია, რომელიც ცივი, მონუმენტური და აბსტრაქტული იყო. სიბნელეში ჩაფლული აკლდამებს მიმსგავსებული შენობები მეტროპოლისის ამპარტავან, არაჰუმანურ განწყობასთან ნამდვილად ახლოს დგას.

ფილმების არქიტექტურა ხშირადაა ინსპირირებული არქიტექტორების ნამუშევრებით, თუმცა ზოგჯერ პირიქით, ფილმის გამოგონილი არქიტექტურა ხდება არქიტექტურის შთაგონების წყარო. თითქმის ვერ ნახავთ ფილმს, რომელიც არქიტექტურის ელემენტებს არ შეიცავს. მნიშვნელობა არ აქვს ფილმში არის თუ არა შენობების კადრები, რადგან გამოსახულების ჩარჩოში მოქცევა, მასშტაბის, განათების განსაზღვრა უკვე ნიშნავს გარკვეული სივრცის მოწყობას, სივრცის მოწყობა კი არქიტექტურის მთავარი დანიშნულებაა.

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest