პროექტი: თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი

არქიტექტორი: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (1915-1978) და გერმანე ღუდუშაური (1939)

მდებარეობა: ვერის ბაღი, თბილისი

წელი: 1973

 

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა კიროვის (დღევანდელი ვერის) ბაღში. იგი ე.წ. გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა.

როგორ მაც ხშირად მოიხსენებენ “ჭადრაკის სასახლე” მიეძღვნა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც 1962 წელს 21 წლის ასაკში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ითვლება, რომ შენობა მიეძღვნა სპორტის ერთ კონკრეტულ სახეობას – ჭადრაკს, თუმცა შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემულ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც საჭადრაკო და ალპური კლუბი.

შენობის არქიტექტორებს, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილსა (1915-1978) და გერმანე ღუდუშაურს (1939) – საკმაოდ საინტერესო დავალებისა და არაერთი გამოწვევის გადაჭრა მოუწიათ ამ შენობის დაგეგმარებისას. მდებარეობა განსაზღვრული იყო დამრეცი რელიეფის მქონე ბაღში, ხოლო ფუნქცია უნდა მორგებოდა სპორტის ორ სახეობას – ჭადრაკსა და ალპინიზმს. შენობის იდეა და დანიშნულება უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან ჰარმონიაში, ხოლო დეკორატიული გაფორმება მისი ფუნქციის ადეკვატური.

ახალი არქიტექტურული ფორმის ძიება ამ პროექტის მთავარი იდეაა. თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი ორგანულად ზის ვერის ბაღის რელიეფში. იგი არ გამოირჩევა დიდი ზომით და არ დომინირებს არსებულ საჯარო სივრცესთან მიმართებაში. სართულების განლაგება მიუყვება რელიეფს და ექსტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალის წყალობით – ქვა და ხე – ორგანულად ეწერება ბაღის ინფრასტრუქტურაში. შენობის ფასადი უმეტესწილად შუშის კარ–ფანჯრებითაა გამოხატული, რაც ერთის მხრივ სიმსუბუქეს ანიჭებს ნაგებობას, ხოლო მეორეს მხრივ, ამ გზით საკმაოდ მოხერხებულად არის გადაწყვეტილი შენობაში ბუნებრივი განათების მიწოდება და გამჭოლი განიავება.

შენობას მეორე და მესამე სართულებზე წრიულად 360 გრადუსზე მიუყვებ(ოდ)ა ერთიანი აივნები, რაც ისევ და ისევ ღიაობისკენ მიუთითებს. ინტერიერის გადაწყვეტაშიც არქიტექტორები აგრძელებენ გახსნილობის იდეას. მთელი შენობა დაგეგმარებულია მთავარი, 520 მაყურებელზე გათვლილი საჭადრაკო/კინო დარბაზის გარშემო. ამ დარბაზს თითქმის ყველა მხრიდან ორივე სართულზე მიუყვება გალერეები და ვესტიბიული. ძალიან საინტერესოდ და ინოვაციურად არის გადაწყვეტილი შიდა დარბაზის როგორც დამატებითი განათების სისტემა, ასევე, მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის საშუალება. მესამე სართულის დონეზე დარბაზს აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებიდან ემიჯნება გალერეები, რომლებიც გამოყოფილია 6 მობილური პანელით. ეს პანელები საჭიროების შემთხვევაში იწევა ზევით, შესაბამისად შესაძლებელია, რომ მეტმა მაყურებელმა ადევნოს თვალი თამაშს და ამავდროულად ბუნებრივი განათება მიეწოდოს დარბაზს, რომელიც შენობის შუაგულშია. ბუნებრივი განათება იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოხდეს სათავსების განიავება.

შენობის გაფორმებაზე „სამეულის“ შემოქმედებითი კოლექტივი: ალექსანდრე სლოვინსკი (1935), ოლეგ ქოჩაკიძე (1935) და იური ჩიკვაიძე (1934-2004) მუშაობდა.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მობილური პანელების მასალა და შესრულების ტექნიკა. ისინი გადაწყვეტილია ხის ინკრუსტაციის ტექნიკაში, რაც საქართველოში თითქმის არ იყო და დღესაც არ არის გავრცელებული. თუმცა, აქ ვხედავთ საკმაოდ გააზრებულ პარალელს ჭადრაკის დაფასთან, რომლის ზედაპირიც ასევე ხით არის ინკრუსტირებული. ხელოვანებმა ძალიან გააზრებულად გადაწყვიტეს მასალის გამოყენება – ხე მობილურ პანელებზე, ხეზე კვეთა მესამე სართულის მთავარ ვესტიბიულში, ქვაში კვეთა მეორე და მესამე სართულების დერეფნებში, რაც აბსოლუტურ გამოძახილს პოვებს ჭადრაკის დაფისა და ფიგურების წარმოების ტექნოლოგიაში. ასევე აღსანიშნავია მხატვრული შესრულება – ერთის მხრივ ჭადრაკის ფიგურების სტილიზებული გეომეტრიული ფორმები ხის ინკრუსტირებულ პანელებზე ასოციაციას იწვევს ჭადრაკის დაფის გეომეტრიულობასთან და ფიგურების მოძრაობის სწორხაზოვანებასთან. ხოლო ხე და ქვაში ნაკვეთი უფრო ალეგორიული და თხრობითი მოტივები ჭადრაკის ბატალურ ხასიათზე მიანიშნებს.

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი არა მხოლოდ არქიტექტურული დაგეგმარების ოსტატობით, არამედ ურბანული გეგმარების საინტერესოობითაც გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ არქიეტქტურაში მოდერნიზმის სტილის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საჯარო გამოყენების სივრცეები იყო. ზუსტად და მკაფიოდ გააზრებული შენობების სოციალური დანიშნულება გამორიცხავდა ავტონომიურ მფლობელებს. თუმცა, დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათის ამსახველია. ყველგან და ყველაფერში ვლინდება ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სივრცეები.

 

 

ავტორი: ნინი ფალავანდიშვილი

ყველა ფოტოს უფლება © გეოეარი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest