თეთრი, როგორც ფერი არ არსებობს, ეს არის ზედაპირზე მოხვედრილი სხივების აბსოლუტური არეკვლა. თეთრი მიეკუთვნება აქრომატული ფერების რიცხვს და ყველაზე კაშკაშაა.

განათება და ფერი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილებია, რადგან სინათლის გარეშე ფერი არ არსებობს. ფერის დატვირთვაა, გამოხატოს არქიტექტურული ელემენტების წყობა, განსაზღვროს სივრცეების დანიშნულება ინტერიერში, მოახდინოს ვიზუალური ეფექტები და ამით გავლენა იქონიოს ადამიანის განწყობაზე, ობიექტის აღქმაზე, გადმოცემული ინფორმაციის გაცნობიერებაზე. ფერი არის ინტერნაციონალური ვიზუალური ენა, რომელიც აღქმადია ნებისმიერი ადამიანისათვის, მნიშვნელოვანი ასპექტია მისი მულტიკულტურული გაგება და აღქმა.

სხვადასხვა კულტურებში თეთრი ასოცრდება განსხვავებულ ემოციებთან, განწყობასთან და “ფსიქოლოგიურ ეფექტებთან”. მაგალითად, დასავლეთის კულტურაში, თეთრი ფერი ქმნის გახსნილობის, სიწმინდის, სისუფთავის, ზოგ შემთხვევაში სტერილურის შთაბეჭდილებასაც, ხოლო აღმოსავლეთში ის ტრადიციულად სიკვდილის, მწუხარების ფერია. ზოგადად, თეთრი მშვიდობის, ზავის დადების ფერია. უმეტესობა ასოციაციებისა პოზიტიურია – გახსენდება ქორწილი, ღრუბლები, ცა, თოვლი, გაზაფხულზე ნუშის ყვავილობა და მსგავსი სასიამოვნო შეგრძნებები.

ინტერიერის დიზაინერები თეთრ ფერს იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან სისუფთავისა და სიმშვიდის განწყობა. ტექნიკურად კი თეთრი კედლები სივრცეს ვიზუალურად ზრდიან. ჰიგიენა, სინათლე, სისუფთავე, სიმარტივე, სიახლე, სრულყოფილობის განცდა, ამ ფერის დადებითი მახასიათებელია.

ფერი ფორმასთან ერთად ქმნის არქიტექტურას. ის ყოველთვის დიდ როლს თამაშობს სივრცის, ნაგებობის აღქმის დროს. თეთრით მრავალი მესიჯის გადმოცემა შეუძლია არქიტექტორსა და დიზაინერს, რომელიც სწორად, სწორ სივრცეში გამოიყენებს მას. ნაგებობის ფერის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ არქიტექტურის შინაარსზე და განვსაზღვროთ მისი ფუნქციაც.

 

კიკლადეს კუნძულები. საბერძნეთი.

Cyclades Islands. Greece.

პირველი მაგალითი თეთრი ფერის არქიტექტურისა, არის განაშენიანება კიკლადეს კუნძულებზე. კიკლადები, ეს არის არქიპელაგი ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საბერძნეთის ტერიტორიის შემადგენლობაში. უმეტესობა ნაგებობებისა ამ კუნძულებზე თეთრი ფერისაა, ერთი მარტივი მიზეზის გამო – აირეკლონ ზაფხულის მწველი მზის სხივები. ამ შემთხვევაში თეთრი ფერი ბიოკლიმატური, ეკოლოგიური მიზეზების გამო შეირჩა.

ნაგებობები იმ ქვისა მასალისაა, რომელიც ხელს უწყობს სიგრილის შენარჩუნებას ზაფხულში. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ეს შენობები შეღებილი იყო არა თეთრი საღებავით, არამედ ასბესტისგან, სილიკატური მინერალისგან, რომელიც ცნობილია, როგორც თერმოიზოლატორი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ასბესტის მტვერი წარმოადგენს კანცეროგენულ ნივთიერებას, და მისი მოხვედრა ადამიანის სასუნთქ გზებში მძიმე დაავადებებს იწვევს. 2005 წლიდან ევროკავშირში სრულად აკრძალულია ასბესტის გამოყენება.

დღევანდელ დღეს კიკლადეს თეთრმა არქიტექტურამ ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და ახლა მას უფრო ვიზუალური დატვირთვა აქვს. ალბათ, ამ ფერის დამსახურებაცაა ის მიმზიდველობა, რომელიც ამ მხარეში უამრავ ტურისტს იზიდავს.

 

 

კანაგავას ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდიო

ავტორი: Junia Ishigami + associates

მდებარეობა: ტოკიო, იაპონია

წელი: 2010

ფოტო: Iwan Baan

კანაგავას ტექნოლოგიის ინსტიტუტის კამპუსში განთავსებულია მარტივი, მართკუთხა ფორმის გახსნილი სივრცე სტუდენტებისათვის. აქ არ არის არცერთი ტიხარი, მხოლოდ 305, ერთი შეხედვით, უწესრიგოდ განლაგებული ვიწრო სვეტი. კოლონების განლაგების სქემას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ არქიტექტორმა შექმნა ფუნქციურად ორგანიზებული სივრცეები სხვადასხვა აქტივობებისათვის.

 

 

 

 

იუსტიციის სახლი თბილისში

ავტორი: Masimiliano and Doriana Fuksas

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

წელი: 2010-12

ფოტო: Moreno Maggi, Studio Fuksas

“ყველაფერი ერთ სივრცეში” ეს ფრაზა იუსტიციის სახლის მოცემულობაა. შენობის ცენტრალური ატრიუმი საზოგადოებრივი სივრცეა და სადაც ძირითადი მომსახურების მიღება შეიძლება, მის გარშემო შემოკრებილ მინის მოცულობებში კი სხვადასხვა ოფისები, საბანკო ფილიალები და სხვადასხვა სააგენტოებია განთავსებული. ინტერიერის ნაწილია სტრუქტურულად დამოუკიდებელი სახურავი, რომელიც თერთმეტი მრუდი ფორმისაგან შედგება და დამოუკიდებლად მდგარ მეტალის სვეტებს ეყრდნობა.

 

 

 

დუგლასის სახლი

ავტორი: Richard Meier & Partners Architects

მდებარეობა: მიჩიგანი, ა.შ.შ.

წელი: 1971-73

დუგლასის სახლი რიჩარდ მეიერის საწყისი პერიოდის ნამუშევარია და ექსპერიმენტულად შეიძლება ჩაითვალოს. სახლი 70 -იანების რაციონალიზმის სიმბოლოა. პირველი, რაც თვალში ხვდება ადამიანს, თეთრი ფერის კონტრასტია გარემოსთან. იმისათვის, რომ ლანდშაფტი თითქმის ხელშეუხებლად დარჩენილიყო და ბუნებრივი გარემო შენარჩუნებულიყო არქიტექტორმა მინიმალური სამშენებლო ფართი აითვისა და მოცულობა სამ სართულზე გადაანაწილა.

 

 

 

როლექსის სასწავლო ცენტრი

ავტორი: SANAA

მდებარეობა: ლოზანა, შვეიცარია

წელი: 2010

ფოტო: Iwan Baan

კომპლექსის მთავარი ბიბლიოთეკა უდიდესი სამეცნიერო კოლექციების მფლობელია ევროპაში. ამ სივრცის მთავარი დანიშნულებაა იყოს ღია და იდეალურად მორგებული სტუდენტებზე, მკვლევარებსა და დაინტერესებულ ადამიანებზე.

გეგმაში, მართკუთხა ფორმის ნაგებობის ინტერიერში მრუდები და დონეთა ცვალებადობა ქმნის ორგანულ ფორმას. როგორც სანაას წევრი ამბობს: – “ადამიანების მოძრაობის ტრაექტორია ორგანულია და არ არის ხაზოვანი, როგორც მაგალითად, მატარებლის. მრუდებით ბევრად მეტი და მრავალფეროვანი ურთიერთქმედების შექმნა შეიძლება”.

 

 

აირეს მათეუსის ინდივიდუალური სახლი ლეირიაში

ავტორი: Manuel Aires Mateus

მდებარეობა: ლეირია, პორტუგალია

წელი: 2008-2010

ფოტო: SG+FG

ამ ინდივიდუალური სახლის მაგალითზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თეთრი უდაოდ მოდერნიზმისა და თანამედროვეობის ფერია. არქიტექტორია მანუელ აირეშ მატეუსი. 2008-2010 წლებში შესრულებული ეს ნაგებობა, მარტივი პრინციპით გაყოფილია ორ, პრივატულ და საერთო ზონად. ამ სახლის სახასიათო ნიშანია სიცარიელე ნაგებობის ბირთვში, რომელიც ამოჭრილი სახურავიდან ნათდება.

 

Hoto Fudo by Takeshi Hosaka Architects

არქიტექტორი: ტაკეში ჰოსაკა

მდებარეობა: იამანაში, იაპონია

კონსტრუქცია: ოვე არუპი და პარტნიორები იაპონია / ჰიტოში იონამინე

წელი: 2009

ფოტო: კოჯი ფუჯიი, ნაკასა

ტაკესი ჰოსაკას ტრადიციული სამზარეულოს რესტორანი Hoto Fudo (Hoto – ტრადიციული ლოკალური კერძი) მდებარეობს იაპონიაში, ფუძის მთის სიახლოვეს. შენობას ბიომორფული ფორმა აქვს, მისი რბილი გეომეტრია ღრუბლების, თოვლის ასოციაციას ქმნის. თეთრი ფერიც უკავშირდება ამ განწყობას და მთლიანობაში ეს მცირე მოცულობის არქიტექტურული ობიექტი გარემოშიც ეწერება და ამასთან ერთად საინტერესო აქცენტებეს ქმნის. წარმოუდგენელია ერტხელ ნახო ის და გონებაში სამუდამოს არ აღგებეჭდოსი, ეს კი უდაოდ ფერისა და ფორმის იდილიური კავშირია ერთმანეთთან.

 

 

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest