ტალღის ხანგრძლივობა ~ 495 – 570nm

ტალღის სიხშირე~ 575 – 525THz

როდესაც ვამბობთ „მწვანე არქიტექტურა“, ასოციაციები, რომლებიც გვიჩნდება, ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე უბრალოდ მწვანედ შეფერილი ფასადები. დღეს ის მეტწილად გულისხმობს მდგრად არქიტექტურასა და მცენარეებით გარშემორტყმულ შენობებს. მწვანე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ფერია თავისი მაცოცხლებელი უნარითა და ყურადღების მიპყრობის თვისებით. ამ სტატიაში მწვანე ნარგავებში ჩაფლულ შენობებს ვერ ნახავთ, აქ იმ გამორჩეულ შენობებზე ვისაუბრებთ, რომელთა ავტორებმაც მწვანე ფერს ფასადზე ახალი მომხიბვლელობა და სახასიათო სტილი შესძინეს, აქ შეხვდებით სხვადასხვა მასშტაბის ნაგებობებს, რომლებიც გეტყვიან – მე ვარ ის მწვანე, რომლის ნახვასაც ელოდი.

 

Juniper House/ღვიის სახლი

არქიტექტორები: Murman Arkitekter

მდებარეობა: კათზამარსვიკი, შვედეთი

წელი: 2007

ფოტო: Åke E-son Lindman, Courtesy of Hans Murman, Göran Uhlin

ღვიის სახლი თავისი გარემომცველი ლანდშაფტის ანარეკლია მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სარკე გამოყენებული არ არის. შენობაში მწვანე ფერი წარმოდგენილია ადგილობრივი ხე-ბუჩქის – ღვიას ფოტო პრინტის სახით, რომელიც ბადისებურ ვინილის ქსოვილზეა გადატანილი. მწვანე ფენა ფასადის გარე შრეა და ინტერიერის მხრიდან ნახევრად გამჭვირვალედ აღიქმება. იმის გამო, რომ წიწვოვანი მცენარე ღვია მარადმწვანეა, სახლის სიმწვანეც მთელი წლის მანძილზე ბუნებრივად გამოიყურება მინდვრის და ტყის ფონზე.

 

საზოგადოებრვი ტუალეტი უსთერში

არქიტექტორები: Gramazio & Kohler

მდებარეობა: უსთერი, შვეიცარია

წელი: 2011

 

საერთო სარგებლობის ტუალეტი ასეთი მიმზიდველი ჯერ არასდროს ყოფილა. მწვანე ალუმინის ზოლები, რომლებისგანაც მისი გარეკანია შექმნილი, ტუალეტს დამაინტრიგებელ ობიექტად აქცევს. ალბათ შეამჩნევდით, რომ მისი გარემომცველი სივრცე საკმაოდ მოსაწყენია, შენობები უფერული და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარშემო. მიუხედავად ამისა, ტუალეტს თავისი ცვალებადი სიმწვანით შემოაქვს ხალისიანი განწყობა, ცვალებადი კი იმიტომ, რომ ის დამოკიდებულია განათებისა და დამკვირვებლის ხედვის კუთხეზე.

 

Lounge MS

არქიტექტორები: VAILLO + IRIGARAY

მდებარეობა: ნავარა, ესპანეთი

წელი: 2007

კაფეს მწვანე იერი შექმნილია ვერტიკლური მილების მაშვეობით, რომლებიც დამზადებულია მეორადი, გადამუშავებული მასალისგან. მრავალტონალური მწვანე ფასადის საფარი ინტერიერში დღის სინათლის შესვლის საშუალებას იძლევა და სტუმრებს ბამბუკის ტყეში ყოფნის შთაბეჭდილებას უქმნის. ამასთან ერთად, ეს სინათლის ხრიკი, კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს მწვანე ზედაპირებს. ფასადზე მწვანე ტონების თამაში და მილოვანი სტრუქტურა, ბუნებრივ გარემოსთან მის შერწყმას აადვილებს. ინტერიერი სავსეა ხალასი, მწვანე ფერით, ის წარმოდგენილია მრავალი სახით – მინის გამჭვირვალე მწვანე, მწვანე იატაკი და არნიშნული ფერი ბევრი სხვა ფორმით. მიუხედავად ამისა, ბალანსი ნეიტრალური ტონებით შექმნილი ფონის მეშვეობით არის დაცული.

 

სოციალური საცხოვრებელი მადრიდში

არქიტექტორები: SOMOSarquitectos

მდებარეობა: მადრიდი, ესპანეთი

ფართი:14 934m2

წელი: 2006-2009

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც თავისი კარგი გეგმარებისა და ესთეტიური ფასეულობის გამო რიგი ჯილდოები აქვს მიღებული, ყურადღებას ურნაბულ გარემოში თავისი სიმწვანით იპყრობს. მისი გარემომცველი ხეების გაზრდამდე, ის ძალიან თვალში საცემია, თუმცა ნარგავების მოძლიერების შემდგომ, ნამდვილად მათ ორგანულ ვიზუალურ გაგრძელებად იქცევა. ფასადის ყრუ და ღიობებიანი ნაწილები საერთო პოლიკარბონატის სეგმენტების სისტემით არის გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ პროექტში გამოყენებული მასალის უმეტესობა გადამუშავებას დაქვემდებარებული პროდუქტია.

მწვანე ფერის მასალა არქიტექტურაში იშვიათად გამოიყენება, რაც ლოგიკურია, რადგან მწვანე ფერის შეყვანა პროექტში, ბევრი ალტერნატიული ხერხით შეიძლება. მწვანე არის ფერი ყვითელსა და ლურჯს შორის, ამიტომ ის ორივე მათგანის დამახასიათებელ თვისებებს აერთიანებს.

მწვანე – ეს სიცოცხლეა, ევოლუცია და განვითარებაა. მწვანე ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, თუმცა იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთანაც ასოცირდება. მწვანე ირლანდიის ნაციონალური ფერია და ამ ქვეყანასთან მჭიდროდ არის ასოცირებული. წითელთან ერთად, მწვანე ომის ფერია დასავლურ კულტურებში. მწვანე არმიის ფერიცაა, მას იყენებენ შეიარაღებული ძალების ტანისამოსისთვის, რადგან ბრძოლისას მუქი მწვანე ფერი თვალში არ ხვდება მოწინააღმდეგეს და ამასთან ბუნებაში ის სხვა მწვანეში იმალება.

მწვანე ფერი თავის თავში აერთიანებს სიგრილესა და სითბოს. არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. მწვანეს სხვადასხვა ტონალობას იყენებენ, რათა გაზაფხულისა და სიგრილის შეგრძნება შექმნან.

მწვანე ყოველთვის გეუბნება – იმოძრავეთ წინ!

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest