ფერის არარსებობა.

შავი შთანთქავს სინათლეს – არ აქვს ტალღა და სიშირე.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შავი შთანთქავს სინათლეს და აბსოლუტურად არ ირეკლავს მას. შეიძლება ითქვას, ის საერთოდაც არ არის ფერი, არამედ ამ უკანასკნელის არარსებობაა. შავი მთელი სპექტრიდან ყველაზე უფრო მისტიური ტონია. ეს განპირობებულია მისი სიბნელესთან ასოცირებითა და კავშირით. თანამედროვე ადამიანისათვის შავი არის ბოროტი ძალის – სიკვდილის, გლოვის, ნეგატივის, რისხვის, უბედურების ფერი. ზოგიერთ უძველეს ცივილიზაციებში მას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს – სიმდიდრე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიბრძნე. ასეა თუ ისე, შავი ფერი ძლიერი სიმბოლოა. ამასთანავე, ის უდაოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ყველაზე დელიკატური, დახვეწილი და ელეგანტური ტონი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ტანსაცმლისათვის და ნებისმიერ ქსოვილთან დაკავშირებულ ხელოვნებაში. შავი არქიტექტურა მრავალფეროვანია, ისევე როგორც მის მიერ მონიჭებული შთაბეჭდილებები და შეგრძნებები. ეს არის ფერი, რომლის შეხამებაც ნებისმიერ სხვა ტონთან არის შესაძლებელი. ეს მოქნილობა თავად შავის ბუნებით შეიძლება აიხსნას – არანაირი აუცილებლობა შეეჯიბრო სხვას, არანაირი საჭიროება იბრძოლო იმისთვის, რომ შეგამჩნიონ. სინათლის შთანთქმის უნარი საშუალებას იძლევა იყო ნებისმიერი ტონის იდენტურ აღქმადობის საფეხურზე. მეორეს მხვრივ, შავი შესანიშნავი ფონია. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული „შავის ძალა“ არქიტექტურაში.

 

ამერიკული რადიატორების შენობა/სასტუმრო ბრაიანტ პარკი

ავტორი: რეიმონ ჰუდ & ჯონ ჰოუელს

მოქანდაკე: რენე პაულ ჩამბელანი

მდებარეობა: ა.შ.შ. ნიუ იორკი

წელი: 1924

ფოტო: ჯეიმს მაჰერ

 

ეს შენობა ნიუ იორკის ერთ-ერთი პირველი ცათამბრჯენია. ფასადის ფერი აქამდე არსებულ წესებს ანგრევს. ტრადიციულად ღია ფერის მაღალი შენობები, ამ შავი ნაგებობის ინდივიდუალურობისათვის, აკომპანიმენტად იქცნენ. არქიტექტორმა დიზაინში გოთიკა და მოდერნი გააერთიანა. შავი აგური და მარმარილო, მათ შორის ნახშირის სიმბოლური მნიშვნელობის გადმოსაცემად იქნა გამოყენებული. დღესდღეობით „ამერიკული რადიატორების“ შენობამ შეიცვალა სახელი და ფუნქცია, მაგრამ მსუყე შავი ფერი კვლავ რჩება ცნობადი ცათამბრჯენის ღირსებად.

 

 

სახლი ბალსთალში

ავტორი: პასკალ ფლამერ
მდებარეობა: შვეიცარია, ბალსთალ
წელი: 2013
ფოტო: იოანა მარინესკუ

 

სახლი არის შავი მერქნის ექსტერიერისა და ხის რბილი ინტერიერის კომბინაცია. გარემოცვა აბსოლუტურად მწვანეა. სახლი მდებარეობს მთის ძირში, ტყის ნაპირზე. გადახურვა, როგორც წამყვანი ელემენტი დაპროექტებულია ზომიერად და თავშეკავებულად. ყველა ხაზი ლაკონური და მკვეთრია. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ეს სახლი ყოველთვის ამ ბუნების ნაწილი იყო.

 

 

 

თბილისის პროკურატურის შენობა

ავტორი: Architects of invention

მდებარეობა: საქართველო, თბილისი

წელი: 2012

ფოტო: Architects of invention

 

გამაერთიანებელი კონტურით მოჩარჩოებული პრიალა შავი მრავალდონიანი კონსტრუქცია, მისი ფუნქციის ადეკვატურია. მდებარეობამ ავტორებს საშუალება მისცა დაეპროექტებინათ მიმზიდველი შავი შენობა, რომელიც ტრასაზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას შეუჩნეველი მაინც არ რჩება. პროკურატურის შენობის სრულ სახეს, ჩარჩოსთან დატოვებული სიცარიელე და სხვა და სხვა დონეზე განლაგებული შავი შემინული მოცულობები ქმნიან.

 

 

 

სიუთ ჰოლი

ავტორი: AnLstudio
მდებარეობა: ჩინეთი, გუანგჟუ
წელი: 2013
ფოტო: AnLstudio

 

სიუთ ჰოლის შავი ინტერიერი შესანიშნავ დეკორაციას წარმოადგენს სივრცეში მიმდინარე ნებისმიერი ღონისძიებისთვის. ის ადვილად გარდაიქმნება კონკრეტული ატმოსფერის შესაქმნელად საჭირო მოთხოვნების შესაბამისად. განათების რეჟიმის წყალობით შავი მარტივად იცვლება სასურველი ფერით. ამავე დროს, გაერთიანებული შავი ჭერი და კედლები რჩება დამოუკიდებელ ხელოვნების ნიმუშად.

 

 

 

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დროებითი აუდიტორია

ავტორრი: DeubzerKönig + Rimmel Architects

მდებარეობა: გერმანია, მიუნხენი

წელი: 2011

ფოტო: ჰენინგ კოპკე

 

დროებითი შავი ნაგებობა. პლასტიური არქიტექტურის ერთაერთი ნიმუში ამ სტატიაში. აუდიტორია მართკუთხა პარალელეპიპედია, რომელსაც შავი, რბილი ტექსტურის მქონე გარსი აქვს. ვიზუალის გარდა შავი ფერის გამოყენებას აქ სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ხე მგრძნობიარე კლიმატის მიმართ, შავი კი მის დაძველებას მეტად შეუმჩნეველს ხდის. ამ შემთხვევაში ფერი არ არის მოსაწყენი და განსაკუთრებით დინამიურად გამოიყურება.

არქიტექტორებმა შავის გამოყენება არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ეს ფერი არქიტექტურაში მისი სრული მომხიბვლელობით არის წარმოდგენილი.

 

 

 

შავი – ფერის ძლევამოსილი არარსებობა.

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest