თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია.

მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს:

– რამდენიმე წლის წინანდელი შენი ნამუშევრები ფერითა და ფორმით უფრო მშვიდია. წლებთან ერთად ისინი უფრო მკვეთრი, ექსპრესიული და პირდაპირი გახდა. გრძნობდი ამ ცვლილებებს?

– რთულია იმაზე ისაუბრო, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ვერ ვაკონტროლებ რას გავაკეთებ დღეს და რას გავაკეთებ მომავალში. მე, მაგალითად, არ გამოვყოფდი ასე მკვეთრად ხუთი-ექვსი წლის წინანდელ ნამუშევრებს და იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. ჩემი აზრით, ეს ერთი დიდი პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

– რაზეა ნამუშევრების სერია Play?

– Play-ს ჩემდა უნებურად ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი Play უაზროდ და ყოველგვარი დატვირთვის გარეშე დავხატე, უფრო სწორად, ჩანახატი დავჯღაპნე, ეს იყო სტრიპტიზის მოცეკვავე. ცოტა ხნის შემდეგ ლეპტოპი რომ ჩავრთე გავოცდი, ყველას გახსოვთ ხომ Facebook-ზე ვიდეოებმა თავისით რომ დაიწყეს ჩართვა?- ამ ცვლილებას დაემთხვა ზუსტად. სწორედ ეს დამთხვევა გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს Play-ს სერიებიც აქვს.

– სექსი, რელიგია, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ბოლო დროს კი განსაკუთრებით ბევრი სიკვდილია შენს ნამუშევრებში , ოღონდ ეს ყველაფერი თითქოს მხიარულად მეჩვენება. ასე უნდა იყოს?

– არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები მხიარულია, სხვას შეიძლება ემხიარულება, მაგრამ მე არა. ძირითადად, პრობლემებს ვხატავ, სადაც ხალისიანი მხოლოდ ფერები შეიძლება იყოს. უფრო რეაქციონერი ვარ, ვიდრე მხატვარი. ორი წლის წინაც, როცა ამ ნამუშევრების გაკეთება დავიწყე და დღესაც, როცა ამას ვაგრძელებ, ვცდილობ რომ ვიყო მაქსიმალურად გასაგები, მისაღები იქნება ეს ვინმესთვის თუ არა, მთავარი მიზანია იყოს გასაგები.

 

სერიაში One Day არჩიბალდის ერთი დღეა აღწერილი, ყოველი დღე 6 წლის მანძილზე. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს მის ავტოპორტრეტად შეიძლება ჩავთვალოთ.

 

არჩიბალდ კორძაიას სხვა ნამუშევრები ნახეთ აქ

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest