პროექტი: აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი

ფართობი: 135 მ2

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

წელი: 2015–2017

უკრაინულმა დიზაინ სტუდია YØ DEZEEN–მა თავისი პირველი ინტერიერი დაასრულა თბილისში. არტემ ზვერევისა და არტურ შარფის დუო 2010 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. მათი სტილი მასალების მრავალფეროვნებითა და ძვირადღირებული ავეჯის კომბინაციებით გამოირჩევა.

135 მ2 აპარტამენტი საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს და შედგება მისაღები ოთახის, სამზარეულოს, საძინებლისა და დამხმარე სათავსებისგან. ინტერიერის დიზაინის კონცეფცია ბეტონის, აგურის, მასიური ხისა და რბილი კლასიკური ავეჯის კომბინაციას მოიცავს. შავი ფერის სამზარეულოსთან კონტრასტს კრემისფერი დივანი და სავარძლები ქმნის მისაღებ ოთახში. განათება თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. მოზრდილ საძინებელში სინათლე უხვად შემოდის მაღალი ვიტრაჟების საშუალებით, საპირფარეშოში აქცენტი მუქი ფერის მარმარილოს კუთხოვან ბაზაზეა გამახვილებული, რომელზეც ხელსაბანებია განთავსებული. საინტერესო დეტალია ოთახების გამყოფი მეტალი ჩარჩოიანი დაბურული შუშები, რასაც სივრცეებში ჰაეროვნება შემოაქვს.

ავტორებისგან:

„თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია, რომელიც მდინარე მტკვრის ნაპირებზე მდებარეობს და მთებითაა შემოსაზღვრული.

არსებულმა გარემომ და ბუნებამ დიდი გავლენა მოახდინა ამ აპარტამენტის კონცეფციის შექმნისას, რაც საბოლოოდ ინტერიერის რასთიქ და უხეშ სტილში გადაწყვეტაში გამოიხატა. მოსაპირკეთებელ მასალებად დაუმუშავებელი სამშენებლო მასალები შეირჩა, ავეჯი კი მთლიანად მასიური ხისაა. მასიური ხითვე მოვაპირკეთეთ ბინის იატაკი. ავეჯი კლასიკური სტილისაა, რომელსაც წითელი აგურის კედლები უკეთ კვეთავს.

ინტერიერში გლამურული დეტალები პრიალა და მსუბუქი მასალების გამოყენებით შევიტანეთ, რაც გამოიხატა, მაგალითად, სამზარეულოს ზედაპირსა და გამყოფი შუშის ვიტრაჟებით. ფაქტობრივად მთელი ინტერიერი წარმოადგენს ერთი სახურავის ქვეშ უხეში და დახვეწილი ელემენტების დაბალანსებულ თანაარსებობას.“

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest