მდებარეობა: თბილისი, საქართველო

საერთო ფართი: 61.5მ2

წელი: 2015

ფოტო: მარიამ სიჭინავა

 

ზვიად სურგულაძემ ეს ერთ საძინებლიანი ბინა ისე დააპროექტა, რომ ფართის ყველა კვადრატული სანტიმეტრი რაციონალურად აითვისა და ფუნქციონალურ გამართულობასთან ერთად, ვიზუალური კომფორტიც შექმნა. აქ თითოეული სათავსო საკუთარ მკაფიო კონტურშია მოქცეული, მაგრამ კავშირი მათ შორის თავისუფალი და ლოგიკურია. ამ ბინის ინტერიერი შეიქმნა ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს წიგნების კითხვა. მისი სურვილი იყო რაც შეიძლება მეტი თაროს არსებობა, რაც ავტორმა გაითვალისწინა და სწორედ ამით შექმნა ძირითადი დეკორი არსებულ სივრცეებში.

როგორ აღიქვა დამკვეთმა მასალების ასეთი შეთავსება?

დამკვეთმა პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი გამოყო და ამ ბიუჯეტში მომცა სრული თავისუფლება მასალებსა და სტილისტიკაში. მე შევეცადე შემექმნა მარტივი, საცხოვრებლად პრაქტიკული გარემო, რისი რეალიზებაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა თბილისის პირობებში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკისა და სანტექნიკის გარდა ყველაფერი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული.

რატომ გაჩნდა საძინებელში იატაკის რამდენიმე დონე, შიგნით რამე სათავსოც ხომ არ არის?

ბინის ფართობიდან გამომდინარე, საძინებელი ოთახი გამოდიოდა ძალიან ვიწრო და ლოგინის დადგმის შემთხვევაში აღარ დარჩებოდა გასასვლელები. სივრცემ თვითონ მიკარნახა ავეჯის განლაგება, რითაც საძინებელი ფართი გაიყო ორ ნაწილად და ოთახის ნახევარი გარდაიქმნა ლოგინად, რომელიც აწეულია იატაკის დონიდან რამოდენიმე საფეხურით. ამის ხარჯზე მის ქვემოთ შეიქმნა სათავსო.

ინტერიერში ერთ-ერთი საინტერესო დეტალი საძინებლის ფანჯრის დარაბებია, ეს არც თუ ისე ხშირად გამოყენებადი ელემენტია საცხოვრებელი სივრცეების პროექტირებისას და უფრო მეტად საინტერესოს ხდის ინტერიერს. დარაბები და მათი წვრილ-წვრლი ღიობებიდან შემოსული სინათლის თამაში, მზის პოზიციასთან ერთად მოძრავ ნახატს იძლევა შიდა სივრცეში. ის ინტერიერში განწყობის წამყვანი ელემენტის როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დეკორი ავეჯის დანარჩენ ელემენტებშიც მეორდება.

 

ზვიად სურგულაძის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest