პროექტი: ბინის ინტერიერი

დიზაინი: სტუდიო + – (ნატო ბაგრატიონი, ელისაბედ ზაუტაშვილი)

ფართობი: 150 კმ.მ

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

წელი: 2014-2018

 

ავტორებისგან:

„ეს არის საცხოვრებელი ბინის პროექტი, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. იმის გამო, რომ განხორციელებისას დიდი დრო დავუთმეთ დამკვეთის სურვილებისა და ცხოვრების სტილის შესწავლას, მუშაობის პროცესი უფრო შემოქმედებითად წარიმართა. ჩვენი ინსპირაციის წყარო არსებული გარემო, იპოდრომის მთის ხედები და განათებაა, რაც ამ ბინის გამორჩეულ თავისებურებას წარმოადგენს.

პროექტირებისას ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო, შეძლებისდაგვარად დიდი სივრცის შენარჩუნება და მყუდრო ინტერიერის მოწყობა, სადაც დამკვეთი თავს იგრძნობდა მშვიდად და კომფორტულად. ბინას პირვანდელი გეგმარებიდან უკვე ჰქონდა მეტალის ვიტრაჟები, რაც მუხის იატაკითა და ღია ფერის ხის ავეჯით დავაბალანცეთ. კედლები, კოლონები და რიგელები მხატვრული ტექნიკითაა შეღებილი ღია ცისფერ და მომწვანო ტონებში, რამაც ინტერიერში სიცოცხლე შემოიტანა და ღია ფერის ხის ავეჯთან კონტრასტი შექმნა.

მისაღებ ოთახში ავეჯის ფორმებში მრავალფეროვნება გვაქვს: მართკუთხა ფორმებთან ერთად ვხვდებით წრეებს და კვადრატებს. წიგნის თაროები, რომელიც ჭერამდე ადის, ვიზუალურად ამაღლებს ოთახს. გრძელი და დაბალი კომფორტული ტახტი ვიტრაჟს მიუყვება მთელ სიგრძეზე. ავეჯის ტექსტურის ფერები: ქვიშისფერი, კრემისფერი და პასტელური ყვითელი საერთო მშვიდ განწყობას ქმნის. ამ გარემოს ნატო ბაგრატიონის ინტენსიური და ფერადი ნახატები, სერიიდან: “ფიქრები როგორც მთები” აქვს შერჩეული. დაბალი და მასიური ხის მაგიდა დომინანტია ოთახში, რომლის თავზეც გვხვდება ვინტაჟური ჭაღი, სხვადასხვა მხარეს მიმართული გაშლილი ტოტებით.
საერთო სივრცესთან გაერთიანებული სამზარეულო კაფსულასავით გამოყოფილია. მისი სამი კედელი, ჭერი და იატაკი თეთრი კვადრატული კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. ინტერიერის ავეჯი: წიგნის თაროები, სასადილო მაგიდა, გრძელი სკამი ე.წ. ბენჩი, დიდი მაგიდა, საწოლი, საწერი მაგიდა და სამზარეულოს განათებები, სტუდიო +- დიზაინით დამზადდა. ინტერიერში გამოყენებულია თბილი ნათურები. ბინა ჰაეროვნებას ინარჩუნებს ბუნებრივი და ხელოვნული სინათლის წყაროებით.“

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest