14 დეკემბერს „არტარეა“-ს საგამოფენო სივრცემ ანდრია დოლიძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. „On The Rope” („ბაგირზე“) ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ანდრიას ნამუშევრები ლაკონურად და უბრალოდ გვესაუბრება, მაგრამ მარტივი სტრუქტურის მიღმა ყოველთვის იგრძნობა ძალიან ფრთხილი და დახვეწილი სვლა იმპულსებსა და გამომსახველობითობას შორის. თითქოს მხატვარი მუდმივად ბალანსის დაცვას ცდილობდეს, ბაგირზე გადიოდეს და გარკვეულ წონასწორობას იცავდეს. ანდრია დოლიძე ახალგაზრდა მხატვარია და შემოქმედებითი გზის დასაწყისში ეს სათაური შეიძლება გარკვეულ წილად სიმბოლურიც იყოს. ამიტომ ინტერვიუსაც ეს სახელი დავარქვით, მისივე ერთ-ერთი ნამუშევრის სათაური.

 

– შეიძლება ეს გამოფენა შენს დებიუტად ჩაითვალოს?

– პირველი პერსონალური გამოფენაა კლასიკური გაგებით, მანამდე ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. ეს თითქოს უფრო მეტადაც მომწონდა ალბათ იმიტომ, რომ ვერ ვაბამდი თავს ამ ყველაფრის ორგანიზებასა და შეკვრას. ბევრი ნამუშევარიც არ მქონდა, სამაგიეროდ, პატარა სივრცეს თავისუფლად ვითვისებდი და შემოთავაზებულ პირობას მაქსიმალურად ვიყენებდი. ამიტომ ჩემი წარსული გამოცდილებებით მაინც კმაყოფილი ვარ. პირადად მე პერსონალური გამოფენა მაინც უფრო სხვა მგონია – სათქმელით უფრო დატვირთული და შეკრული. ამ გამოფენის შემთხვევაშიც ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე მზად ვიყავი, საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ – ალბათ უფრო იმანაც დამაჩქარა რომ ეს შემოთავაზება წამოვიდა და იმანაც რომ დარბაზი მომწონდა, არტარეას საქმიანობაც. ამიტომაც დავთანხმდი. გამოფენა ორ თვეში დაიგეგმა და ნამუშევრების უმეტესობა მართლაც ამ გამოფენისთვის გაკეთდა.

 

– რა პრინციპით გაერთიანდა ეს ნამუშევრები ერთმანეთთან? აქვს თუ არა ამ ნამუშევრებს რამე ერთობლივი კონცეპტუალური ხაზი? მთლიანად ამ ციკლს რომელიც გამოფენაზე წარადგინე.

– გამოფენა ყოველთვის კიდევ ცალკე ნარატივს ქმნის. გინდა თუ არა სივრციდანაც გამოდიხარ. ამ გამოფენაზე განსაკუთრებული მიდგომა არ ყოფილა, მინიმალისტური გზით წავედი და ბევრი ნამუშევარი არც გამოვფინე, ერთი ოთახი დაეთმო ორ ინსტალაციას და დანარჩენი ორი ოთახი ტილოებს. ეს იყო ის, რაც ამ სივრცემ მიკარნახა. მზადებაში არანაირ კონცეპტუალურ მიმართულებაზე არ ვფიქრობდი და უბრალოდ მივყვებოდი საკუთარ თავსა და ინსპირაციებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ გამოფენამ ქაოტური სახე მიიღო. მაინც შეკრული გამოვიდა და ჩემი ძირითადი მომენტები უპრობლემოდ გამოავლინა.

რათქმაუნდა, დღეს ტექსტს დიდი ყურადღება ექცევა და ეს ჩემზე მოქმედებს. ზოგადი გავლენები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამის იგნორირება გადავწყვიტე. როგორც მსიამოვნებს და რაზეც მიმიწევს გული – ისე ვაკეთებ. ჩემს თავზე ახლა ამ მხრივ ვმუშაობ, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნო. მგონი ასე უფრო ნამდვილი ვიქნები, ეს ჩემი პირველი ამოცანაა – თუ ეს ნამდვილი არ იქნება, ტექსტითაც და უტექსტოდაც სისულელე გამოვა. ნარატივზე მაქვს საუბარი, ყველაფერ იმაზე რაც შენი ინტერპრეტაციის შეთავაზებას გულისხმობს.

 

– როგორ მოხვედი ამ გამოფენამდე, საიდან დაიწყო და როგორ მიდოდა შენი შემოქმედებითი ზრდა?

– რაც თავი მახსოვს სულ ვხატავდი, არაფრით განსაკუთრებული ან გამორჩეული არ ვიყავი თითქოს. მე მგონი ბავშვობაში ჩემი ძმა უკეთესადაც ხატავდა ჩემზე. ამას უბრალოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებდი – ალბათ როგორც ყველა ბავშვი. მერე უკვე ნელ-ნელა ეს ჩემს მთავარ საქმიანობად გამოიკვეთა, ამაში ჩემი ოჯახიც დამეხმარა, ბიძგი მომცეს, რომ რაც კარგად გამომდიოდა, ის მეკეთებინა. მერე ვსწავლობდი ნიკოლაძის სასწავლებელში და აქ ძირითადად ტექნიკური კუთხით დავიხვეწე, უფრო ბაზაზე ვამახვილებდით ყურადღებას. სამხატვრო აკადემიამდე წარმოდგენა არ მქონდა არც მხატვრობის დანიშნულებაზე, არც მის ბუნებაზე, ასეთ რამეზე არავინ გესაუბრებოდა. იქ უბრალოდ ისტორიას ვსწავლობდით და ვეცნობოდით ინფორმაციას. მოუხედავად იმისა, რომ აკადემიას თავისუფლება აკლია და ძალიან ბევრი ცოდნის იგნოირებას ახდენს, მე მაინც ვიტყოდი რომ იქ ჩემთვის გარდატეხა მოხდა. შევხვდი რამოდენიმე ადამიანს, რომლებისგანაც ძალიან ბევრი ავიღე და საშუალება მომეცა ხედვა გამეხსნა. ის რასაც განვიხილავდით იძლეოდა იმის საშუალებებს, რომ უბრალოდ სახლში მოვსულიყავი, მეფიქრა და გარკვეული ინსპირაციით ხატვა დამეწყო, რაღაცეები მეცადა და ჩემი თავი გამეზარდა. რაღაცეები მომინიშნეს, დამაბნიეს და შემდეგ უკვე მე თვითონ გავიკვლიე გზა. უმეტეს წილად დღეს არტისტს ალბათ ეს უწევს მაინც – ისევ საკუთარ თავში რაღაცეების გაღვივებ, მაგრამ აუცილებელია იმ გარემომაც შეგიწყოს ხელი სადაც პროფესიულად იზრდები. უნდა მოგცენ სითამამე, სხვადასხვა მიდგომებს შორის ლავირების საშუალება და კითხვები. წინაღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ჩარჩები და შემოქმედებითი აზროვნება შეჩერდება. ისე ვთვლი, რომ გამიმართლა, ბევრ კომპეტენეტურ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა. ყველაზე დიდ ხანს როგორც პედაგოგთან და მეგობართან, ოლეგ ტიმჩესკოთან მქონდა ურთიერთობა და საუკეთესო რაც მისგან ავიღე სწორედ ის იყო, რომ ოლეგი გვინგრევდა არსებულ პარადიგმებს და მონიშნულ წესებზე ყოველთვის ეჭვის თვალით გვახედებდა, სწორედ ამ მიდგომებმა ჩამომაყალიბა გარკვეულ წილად, ვფიქრობ, რომ სჯობს ბოლომდე მართალი იყო და მუდმივ ძიებაში, ვიდრე რაღაცეებს აუწყო ფეხი. სჯობს გარისკო. შეიძლება, მე მეტი გამბედაობა მჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მთავარია, საკუთარ თავსაც ამას ვუსურვებდი. ეს არტისტისთვის საკვანძო თვისებაა.

 

 

– როგორ გგონია რას მიიღებს შენი შემოქმედებიდან ისეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ხელოვნებაში? აღქმადია თუ არა შენი ნამუშევრები და სჭირდება თუ არა წინასწარი მზაობა?

– მგონია, რომ თანამედროვე ხელოვნებას წინასწარი თეორიული მომზადება მაინც სჭირდება. ისედაც ნებისმიერი დამთვალიერებელი მოდის ეჭვის თვალით, იმ განწყობით რომ „რამე შესთავაზო“, შენ შენის მხრივ ახვედრებ ისეთ რაღაცას, რაზეც ძნელია ერთნმნიშვნელოვანი რეფლექსიის ქონა თუ რაღაც კოდები ამოკითხული არ იქნა. ხელოვნება ამ სიმბოლოებს ყოველთვის იყენებდა და დაკავშირებაც ამითი ხდება. ჩემს შემთხვევაში ორივე ტიპის ნამუშევრები არსებობს, არის ისეთებიც, სადაც გარკვეული წინასწარი ცოდნაა საჭრო და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი საერთოდ არ ყოფილა ამ სფეროსთან ახლოს და აღფრთოვანებულა. ვერ ვიტყვი რომ ჩემი ნამუშევრები რომელიმე კატეგორიაში, პროგრამა მინიმუმი შესრულებული იქნება, თუ დილეტანტი ნახავს და რაღაც კითხვები მაინც გაუჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მინდა ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ესთეტური სიამოვნებაზე კონცენტრირდეს და ასეთივე შთაბეჭდილებით დავკმაყოფილდე. ერთხელ გურამ წიბახაშვილს ვუთხარი ამ პრობლემის გადაჭრაში მომეხმარე მეთქი, ზუსტად მაშინ მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებოდი ნამდვილი და საინტერესო, თუ ყოველთვის საკუთარ გულსა და სურვილებს მივყვებოდი, თუნდაც ეს ბანალურობამდე დასულ ნაბიჯებად მომჩვენებოდა. ამის მერე დავმშვიდდი და გავაცნობიერე, რომ იმპერატიულად არავის რჩევა არ უნდა მიიღო და საკუთარი ნამუშევრის მოდიფიკაცია არავისზე არ უნდა გააკეთო.

 

– გაქვს რამე სხვა ასეთი მოთხოვნები თუ ფიქსირებულ ცნებები შენი თავისთვის?

– ჩემი თავისათვის ბევრი გამოწვევა მაქვს, მაგალითად, არ მინდა ადამიანი მოდიოდეს ჩემი ნამუშევრების სანახავად და უკვე რაღაცა ფიქსირებული მოლოდინები ქონდეს. იქნება ეს ტექნიკური, ფორმისა თუ იდეური თვალსაზრისით, ერთით ვერასდროს ვკმაყოფილდები. თუ რამე უნივერსალურს ოდესმე მივაგნებ, მაგალითად, როტკოსავით, რომ ერთი რამით ძალიან ბევრი ვთქვა – შეიძლება დავკმაყოფილდე – თუმცა ეს ჯერჯერობით არც მინდა, არც გამომივა.

 

 

– იმის გათვალისწინებით, რომ ისეთ სივრცეში მუშაობ, სადაც სახელოვნებო სივრცე არ არის ფართო და იმ დამთვალიერებლის რაოდენობა, რომელიც მომენტალურად აღიქვამს მხატვრის ენას ძალიან ცოტაა, ხომ არ არის ეს „ნამდვილობა“ ერთგვარი ფუფუნება და ხომ არ რისკავ რომ „გაუგებარი“ დარჩე?

საქართველოში ხალხი აქტიურად არ დადის გალერეაში, თითქოს ამისთვის არც ცალია, ან სწორი მიწოდება არ არის რომ დაინტერესდნენ. ამას ემატება ეკონომიური მდგომარეობაც – ხალხს უბრალოდ ამის თავი არ აქვს და შესაბამისად სახელოვნებო ბაზრის არსებობა ჯერ შორი პერსპექტივაა. მნახველი ცოტაა და დამთვალიერებლებიც ისინი არიან, ვისაც ყოველ ივენთზე ვხედავთ – ერთი და იგივე ხალხია ჯერ-ჯერობით. შედეგი მაინც პატარაა და რეალურად დიდი ძვრები არ არის, ალბათ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არა მგონია ეს მარტო სახელოვნებო სივრცის პრობლემა იყოს. მილიონი პრობლემაა და ამ დროს საზოგადოებას კულტურული წიაღსვლები არც აინტერესებს. უბრალოდ არ ცხელა ამისათვის და შესაბამისად მზაობა არ აქვს ხელოვნების მისაღებად. ჩემთვის არ არის ნაკლები მნიშვნელოვნების მატარებელი ისეთი ადამიანების შთაბეჭდილება, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ ესმოდეთ საგალერეო „ხელოვნების ენა“. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, დღეს ბევრი ლაპარაკობს ბენქსიზე და მეც ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს რასაც ის აკეთებს, სთრით არტი მიყვარს – როცა ჩვეულებრივ ლონდონელ მუშას შეუძლია ნახოს შენი ნამუშევარი და მასთან ერთიანობა იგრძნოს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი მიიღო ისეთი ადამიანებისაგანაც ვინც შენთვის ბევრს ნიშნავს. მე, რათქმაუნდა, ორივეს ვისურვებდი. ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ მე როცა ვმუშაობ, ამაზე არ ვფიქრობ.

 

-საერთოდ როგორ წარმოგიდგენია შენი ენობრივი განვითარება და თავს ამ კონტექსტში როგორ მოიაზრებ? რა ფორმებს არჩევ, რა პრიორიტეტებით და ნამუშევრის დასრულებისას როგორ ფიქრობ, ვინ ნახავს მას და ვინ „მიიღებს“?

– ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ეს არ არის მთავარი. რათქმაუნდა, პუბლიკაზე სადღაც უნდა იფიქრო თანამედროვე არტისტმა, იმას არ ვამბობ რომ სხვისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ რაღაც მომენტში შენი წესებიც უნდა შესთავაზო. ჩემი ენა ხშირად იცვლება, არასდროს შემინარჩუნებია ერთი ხედვა დიდი ხნის განმავლობაში. ბალანსი უნდა დაიცვა და შენს თავთან იყო მართალი და ამას დამთვალიერებელიც აუცილებლად დაინახავს. რავიცი, მე მჯერა ამის და იმისიც, რომ ნამდვილი იმპულსები აუცილებლად გაიკვალავს თავის გზას.მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს სტილისტიკას, იქნება ეს ულტრაკონცეპტუალური თუ ნაივური, ის თავისას იპოვის, საკუთარ ფორმასაც თვითონ შეიძენს. პირველად ჩემს ნამუშევრებს ქეთა ნახულობს და ჩემი პირველი კრიტიკოსია. რაღაც რჩევებს მაძლევს, რომლებსაც შემდეგ აქტიურად ვიყენებთ.

 

-გყავს თუ არა ფავორიტები თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში?

ძალიან ბევრი ნიჭიერი არტისტია საქართველოში ბევრის დასახელება შემიძლია, ამიტომ არ ჩამოვთვლი. თუმცა ყველაზე წარმატებული მხატვრები ვინც უცებ შემიძლია გავიხსენო ანდრო ვეკუა და თეა ჯოჯრჯაძე არიან, რომლებმაც საერთაშორისო სივრცეში დაიმკვიდრეს თავისი ადგილი.

 

– გაქვს რაღაც კონკრეტულად გამოკვეთილი შთაბეჭდილებები, გამოკვეთილი თემები ან მოტივები რაც შენთვის შთაგონების წყაროა. რაიმე ისეთი რაც მხოლოდ შენთვისაა განსაკუთრებული და ყოველთვის მიიღებს შენში გამოძახილს?

-არა, ფიქსირებული არაფერი მაქვს, ეს დედამიწაზე ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერი რამ. თუმცა ერთი ის შემიძლია თამამად ვთქვა რომ, ალბათ, ქეთა ნამდვილად არის. მასთან ერთი საუბრიდან შეიძლება უკვე ერთი ნამუშევარი გამოვიტანო. ჰო ერთი, რამეა კიდევ- გუგლი, იდეების ოკეანეა – ჩავყოფ ხელს და რამეს ამოვიღებ ხოლმე. ხელოვნებას კი არა, სულ რომ სპორტს შეეხებოდეს შეიძლება რაღაც იმპულსები წამოვიღო ხოლმე, ისეთ კარგ რამეებს ვაწყდები. ყველა ეპოქას აქვს თავისი ინსპირატორი, მგონი დღეს ესაა.

 

როგორი დამოკიდებულება გაქვს კომერიცალიზაციასთან და შენთვის რას ნიშნავს წარმატებული მხატვარი?

– ვერ ვიქნები ისეთი მაგარი ტიპი, რომ ვთქვა, არ მაინტერესებდეს კომერცია და მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა ადამიანებს ჩემი შემოქმედება „თავ-ზარს დასცემს“. კი, რათქმაუნდა, უმთავრესად ამისთვის მუშაობ, მაგრამ ეს არ არის იმის საშუალება, რომ ამით იცხოვრო. მე ვთვლი, რომ უნდა იფიქრო ამაზეც – თუ ეს დიდად არ მოახდენს ნამუშევრებზე გავლენას და პირველად ხაზებს არ დაგაკარგინებს, მაგრამ ალბათ, რთულია ამ ბალანსის შენარჩუნება, დამოკიდებული ხდები კურატორებზე და დამთვალიერებლის მოთხოვნებზე. არ მგონია, რომ მხატვრები, რომლებიც ბრენდდებიან კარგავენ სულს და პაპსავდებიან, არიან კომერციულად ძალიან წარმატებული მხატვრები, რომლებიც თავის სიმართლეს ინარჩუნებენ, ასე რომ ამის არ მეშინია. მე რაც შემეხება, ცხადია, საერთაშორისო ბაზარი მაინტერესებს, როგორ შეიძლება რამეს ქმნიდე და არ გინდოდეს ათი კაცის მაგივრად, ათი ათასმა ნახოს. სურვილი, რათქმაუნდა, მაქვს, თუმცა ეს სფერო ყველანაირი გაგებით იმდენად არაპროგნოზირებადია, არავინ იცის მეც სად ვიქნები ერთ წელიწადში შემოქმედებითად.

 

 

ავტორი: ელენე ფასური

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest