იდეის ავტორი: ნიკოლოზ კაპანაძე

კურატორი: ნინა პატარიძე

მდებარეობა: თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა

31 მარტს თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში ხელოვანმა ნიკოლოზ კაპანაძემ ინსტალაცია სახელად: „ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა“ წარმოადგინა. ინსტალაცია ვიზუალურად ურბანული ხასიათის არის, მისი ძირითადი ნაწილი ნაცრისფერი “მონოლითი” და მასში წრიული სიცარიელეა, რომლის კონტურსაც განათება მიყვება.

ავტორისგან:

„ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად საკუთარ თავში ბადებს ახალ ეკოლოგიურ თუ ვიზუალურ კატასტროფას, რომელიც ნელ-ნელა ილექება ჩვენს ფილტვებსა და მეხსიერებაში და საბოლოოდ, მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ქალაქი ყველაზე მკაფიოდ მასში მიმდინარე პროცესებს ირეკლავს: მისი ვიზუალური მხარე მეტყველებს სოციალურ ნიშნებზე, რომელთა წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი უკონტროლო მშენებლობების, ხეების სისტემური ჭრის, გამონაბოლქვზე სუსტი რეგულაციის და სარეკრეაციო ზონების დეფიციტის შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

პროექტის ფარგლებში თბილისის 4 განსხვავებულ ლოკაციაზე განთავსდა სენსორები (ბარათაშვილის ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ბოტანიკური ბაღი, აღმაშენებლის გამზირი), რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავდნენ ჰაერის დაბინძურების ხარისხს. პარალელურად, თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერიაში წარმოდგენილი იყო ინსტალაცია, რომელიც ამ მოცემულობის ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

პროექტში გამოყენებულია სენსორები, რომლებიც არდუინოს ანუ მიკროკონტროლერის ბაზაზეა აწყობილი: მოიცავს ჰაერის ხარისხის საზომ ჩიპსა და GSM გადამცემს.

სენსორები ჰაერიდან მიღებულ მონაცემებს რეალურ დროში აგზავნიან. ამ მონაცემებზე პირდაპირი წვდომა აქვს ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში განთავსებულ ინსტალაციას, რომელიც ტრანსფორმირდება მონაცემების ცვალებადობის მიხედვით.“

პროექტის იდეის ავტორი ნიკოლოზ კაპანაძე მულტიმედია არტისტია, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. მან იაკობსის უნივერსიტეტში დაამთავრა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი, რასაც მოჰყვა მაგისტრატურა ციფრულ მედიაში, შედეგად, ამ ორი სფეროს სინთეზმა, ახალი ტიპის ნამუშევრების შექმნას შეუწყო ხელი.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=mtqi__uA76Y

 

მეტი პროექტის შესახებ:

http://embers.network/index.php/en/home_en/

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია „პროპაგანდას“ სახელოსნოს ღია კონკურსის ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ფოტო და ვიდეო: ნინა პატარიძე | ნიკოლოზ კაპანაძე

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest