ახალგაზრდა არტისტმა, ლუკა აქიმიძემ გამოფენა : “ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI” თავისივე სახლის ინტერიერში, კაკლებში წარმოადგინა. სხვა და სხვა ფაქტურის, ზომის, კონცეფციისა და ფერთა საინტერესო გამის მქონე ნამუშევრები, მინიმალისტურ სივცეში იყო გამოფენილი და მნახველისთვის ძალიან კარგად აღსაქმელ ექსპოზიციას წარმოადგენდა. ლუკა თითოეულ ნამშევარს დეტალურად უხსნიდა მნახველებს, რამაც ამ გამოფენის აღქმა უფრო გაადვილა და მთავარი სათქმელი ადრესატებამდე მიიტანა.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავწერე ლექსები, რომლებიც მერე რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ვერავის წავაკითხებდი და გადავწყვიტე, ამ ლექსებისთვის გამეკეთებინა ჩემი ანბანი, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ მე მეცოდინებოდა. როცა ამ ანბანზე ვმუშაობდი, სხვა ლექსებიც დავწერე და ვიფიქრე, რომ ისინი უფრო ახლოს იყო იმ ყველაზე მთავართან თუ მთლიანთან, რასაც ალბათ პოეზია ეძებს. მივხვდი, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდებოდა, ნებისმიერი ტექსტის ქვეშ სხვა ტექსტს ვიპოვნიდი, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა ფსკერთან და გადავწყვიტე, ამ ანბანისთვის სიტყვიერი მნიშვნელობა დამეკარგა და ასე მესაუბრა ან გამეგო იმის შესახებ, რაც არ ვიცი, ან მომავალში გავიგებ.”

 

“ცნობიერების რუქა“, რომელიც პირდაპირ კედელზე შესრულებულ კომპოზიციას წარმოადგენს, ლუკას და მისი მეუღლის ნანა კალანდაძის ერთობლივი ნამუშევარია. აქ 3000-მდე იეროგლიფია და თითოეული უნიკალურია. მნიშვნელობა არ აქვს კითხვას რომელი მათგანიდან დაიწყებ და რა თანმიმდევრობით გაყვები, როგორც ლუკა ამბობს, მას შეიძლება წინასწარმეტველების რუკაც დაარქვა, რადგან ხელოვნებაში ხან და ხან რაღაცას გამოსახავ, მაგრამ მისი ზუსტი მნიშვნელობა ბოლომდე არ იცი. მომავალში კი თუ ნამუშევარი გულრწფელია, ის კონკრეტულ მნიშვნელობას აუცილებდალ იძენს.

 

ბოლო დროს ავტორისთვის საინტერესოა კერამიკასთან და მასშტაბებზე მუშაობა. მასშტაბის თვალსაზრისით – მაგალითად კერამიკის ნიმუშში, რომელიც არც თუ ისე დიდ მოცულობას იკავებს, ჩატეულია პიგმენტის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ყოს ხელოვანს სამუშაოდ. საინტერესო აქ ის არის, რომ დროის განზომილება აბსტრაქტული და პატარა მოცულობაში შეკუმშული ხდება.

 

„ეს ოთხი სიმბოლო კულტურულად აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ამ ნამუშევარში ჯვარი აღებული მაქვს მისი პირვანდელი, მზის, მნიშვნელობით და გამოხატულია ერთი დღის ნათების მოძრაობა.“

 

„15ის რომ ვიყავი, რაღაც მომენტში ისე მოხდა, სახლში ჩაკეტვა მომიწია და ყველას ჩამოვშორდი. ამ დროს არც ვწერდი, არც ვხატავდი, მოკლედ, რაღაც თავშესაფარი მჭირდებოდა და ეკლესიაში დავიწყე სიარული. და უცებ, საიდანღაც, პირველად გამიჩნდა წინააღმდეგობრივი ფიქრი, მივხვდი, რომ მთელი ცხოვრებაა ვატარებ ჯვარს, ვიცოდი რომ ჯვარი სიმბოლოა, რომ სიმბოლოს მნიშვნელობა აქვს და მე წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა, რასაც ამდენი ხანი ვატარებდი. მოკლედ, ეს იმდენად არ მომეწონა, გადავწყვიტე, ჩემით ამეხსნა. იმ დროს მათემატიკაში გეომეტრიას გავდიოდით და გამახსენდა წრფეები და მივხვდი რომ ჯვარი ორი წრფის, ორი უსასრულო მონაკვეთის გადაკვეთის ადგილია და მე ვარ, საიდანაც ეს ათვლა იწყება. გვერდზე დედაჩემი მეჯდა, იმასაც ეკიდა ჯვარი და მივხვდი, რომ ყველა ადამიანი თუ საგანი უსასრულობის ათვლის წერტილია და აქ რაღაც დიდი მთლიანობა და სამყაროს ფასი დავინახე. ფიქრიდან რომ გამოვფხიზლდი, ამ მიხვედრით იმხელა სიამოვნება ვიგრძენი, გადავწყვიტე, ეს კიდე უნდა განმეორებულიყო და ამის შემდეგ დავიწყე კითხვა, წერა, ხატვა… ცოტა ხნის წინ რამდენიმე ასეთ საკვანძო ისტორია შევკრიბე და ამათ შესახებ მოთხრობების კრებულის გაკეთება გადავწყვიტე. რომ დავწერე და წავიკითხე, დავინახე, რომ სიტყვებში რაც ყველაზე მთავარი ქონდათ ამ ისტორიებს, ის აბსტრაქტულობა იკარგებოდა. ტექსტის გაგრძელება ზემოდან გადავაწერე, მერე კიდევ და იქამდე, სანამ სიტყვებმა საბოლოოდ ერთმანეთი არ შეავსეს და წინ გამოსახულება და მუხტი წამოვიდა, რაც იქ ყველაზე მთავარი იყო.“

ლუკას მიერ გამოყენებული მასალა და ტექნიკა ძალიან მრავალფეროვანია. როგორც ის ამბობს, ზოგი ნამუშევარი თავის თავს თვითონ ქმნის. შეიძლება ფიზიკურად არაფერს აკეთებდე რაღაც მომენტში, მაგრამ შენი ნამუშევარი დაჟანგვის, გაჟღენთვის და სხვა პროცესების ხარჯზე თავად ქმნიდეს საკუთარ სახეს.

 

„ეს ნამუშევარი შემდეგი გამოფენის შესავალია. არ მომწონს, რომ ბორჯღალს დაკარგული აქვს პირვანდელი მნიშვნელობა და ცუდ ეროვნულობასთან ან რაგბთან ასოცირდება და მინდა და მნიშვნელოვანი მგონია, რომ მას დაუბრუნდეს ის მისტიკური იერი, რაც თავიდან ქონდა.“

 

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვნება მიბმულია სივრცესთან, რომელშიც ის შეიქმნა და არსებობს. მისი მიზანია იმ წესრიგის გაცნობა მნახველისთვის, რომელიც მის ხელოვნებაში დევს. მომდევნო ორი გამოფენა უახლოეს მომავალში იგეგმება, ჯამში სამი ღონისძიებიდან შემდგარი ერთი ციკლი. შემდგომ გამოფენაზე 21 მაისს ლექსების პრეზენტაცია არის ჩაფიქრებული.

„ხელოვნება ერთადერთი სივრცეა, სადაც ჟანგს და ოქროს თანაარსებობა თანაბარი ფასით შეუძლია“ – ლუკა აქიმიძე

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest