ზრდასრულებს ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ . ბავშვების უმეტესობა კი დროის უდიდეს ნაწილს საბავშვო ბეღებში ატარებს. უფროსები აუცილებლად ინტერესდებიან ამ შენობებში არსებული პირობებით, ჰიგიენით, მენიუთი და ა.შ. მაგრამ ძალიან იშვიათად თავად შენობით, როგორც ასეთი.

ზოგადად დღეს სახელმწიფო საბავშვო ბაღების რაოდენობის თვალსაზრისით თბილისში ცალსახა პრობლემა არის. ბავშვის დარეგისტრირება ჯგუფში მოსახვედრად რთული ამოცანაა და მუდმივად არის ადგილების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამა და ყველა სხვა პირობა კერძო ბაღების სრულ უმრავლესობას უკან იტოვებს მშობლები იძულებულები ხდებიან ადგილების არ არსებობის გამო შვილები რომელიმე კერძო ბაღში მიიყვანონ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავისი შიდა თუ გარე სივრცეებით ბავშვისთვის საჭირო ყველა პირობის დაკმაყოფილებას.

იდააფი დღეს წარმოგიდგენთ თბილისის რამდენიმე საუკეთესო და საინტერესო საბავშო ბაღის შენობას. მართალია არც ერთი მათგანის არქიტექტორის ვინაობა ცნობილი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას. თითოეულში იგრძნობა თუ რამდენად დიდი ყურადღება ექცეოდა ამ ფუნქციის ნქონე შენობებს არც თუ ისე შორეულ წარსულში.

ჩვენს ჩამონათვალში პირველი შენობაა „იმედი საბურთალო“. მის შესახებ იდააფისთვის ცნობილი ის გახდა, რომ შენობა 1984 წელს აშენდა გერმანელთა ჯგუფის მიერ, ამ ადგილზე განთავსებული კინოლოგიური ცენტრის ნაცვლად. იმ დროისთვის ქალაქის ეს ნაწილი ახლად ყალიბდებოდა და აქაური მაცხოვრებლებისთის ე.წ. „М.В.Д”-ს (შინაგან საქმეთა სამინისტრო) თანამშრომელბის შვილებისთვის ეს აუცილებელი ობიექტი გახდა.

გეგმარება ლოგიკურად არის დალაგებული. შენობის ყველაზე საინტერესო ნაწილი მის ცენტრში მოთავსებული დარბაზია, მის გარშემო დახვეული პანდუსით. განათება ყველგან ბუნებრივია. ადგილის რელიეფმა ხელი შეუწყო ეზოს რამდენიმე დონედ მოწყობას, შენობის წინა და უკანა მხარეზე. ფასადი კი დამახასიათებელი მოზაიკით არის გამორჩეული.

შემდეგი 150-ე ბაღის შენობა XX საუკუნის დასაწყისში აშენდა, ისევე როგორც ძველი თბილისის ამ ნაწილში არსებული დანარჩენ შენობათა უმრავლესობა. შენობის მფლობელი თბილისის შეძლებული მაცხოვრებელი გაიდამაკინი იყო. მას უძრავი ქონება 1917 წელს ჩამოართვეს და მას შემდეგ შენობის დიდი ნაწილი საბავშვო ბაღის ფუნქციას ასრულებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაგებობამ ლაზარეთის დანიშნულება მიიღო. 1990 წლებში გეგმარებაში და შიდა სტრუქტურაში ისევ ტრანსფორმაცია მოხდა, ის ფუნქციის ნაწილობრივმა ცვლილებამ გამოიწვია – კერძოდ კი სკოლის შეთავსებამ. ამას ისიც დაერთო რომ 2008 წელს შენობაში დევნილები შეასახლეს. 2009 წელს შენობის რეაბილიტაცია მოხდა და მან ფუნქცია სრულად აღიდგინა. მოგვიანებით ფასადიც განახლდა. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით ვარდისფრად შეღებილი კედლის სიბრტყე ქუჩის განშლას და კონკრეტულად ამ ნაგებობას სტილისტურად ნაკლებად შეეფერება. საინტერესო დეტალია ეზოს საყრდენ კედელზე დატანილი ბარელიეფი საბჭოთა დროის სახელწოდებით „საბავშვო ბაღი #14“, ბარელიეფი ასევე ვარდისფრად არის შეღებილი. ის აუცილებლად გაგახსენებთ ფიროსმანის „გოგონას საჰაერო ბუშტით“, ცოტათი საბჭოთა ჟესტიკულაციით და რა თქმა უნდა გამოსახვის სტილით. საკვირველია, მაგრამ ფასადის დეკორის გარკვეული ნაწილი დღემდე უცვლელად შენარჩუნდა.

საბჭოთა არქიტექტურის საინტერესო დანატოვარია 95-ე საბავშვო ბაღის შენობა. დღეს იქ რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ნაგებობის ენერგოეფექტური სისტემებით აღჭურვა ხდება. შენობის მოცულობა ქუჩის განშლაში ლოგიკურად ზის. ფასადის საინტერესო ელემენტებია ფანჯრის ღიობები, უმეტესად ილუმინატორის სახით გადაწყვეტილი. შენობას ზომიერი ეზო აქვს და ტერასების გარკვეული რაოდენობაც. ნაგებობის მთავარი ღირსება ინტერიერში ცენტრალური ნაწილის გარშემო მოწყობილი კიბე და გუმბათის ქვეშ მოქცეული ცივრცე ექსტერიერიდანაც აღიქმება პირამიდის მსგავსი მოცულობის სახით.

დღეს საბავშვო ბაღების მშენებლობა თბილისში მიმდინარეობს, მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ თბილისის გარეუბანში, გლდანში 182-ე ბაღის მშენებლობა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს აშკარა მცდელობა შენობა იყოს თანამედროვე, მოცემული არქიტექტურა აშკარა დახვეწას და გარე მოპირკეთებისთვის გამოყენებული მასალები მეტ ყურადღებას მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას ინტერიერზეც. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც თბილისის მერიის ვებ გვერდი იუწყება შენობის აშენებით 350 ბავშვისთვის შეიქმნა შესაძლებლობა მომდევნო სასწავლო წლისთვის.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest