„სრულიად შესაძლებელია ჩვენი ცოდნის ისე გაღრმავება, რომ მთვარეს გავცდეთ და ვენერასა და მარსს მივაღწიოთ, მთავარია ენთუზიაზმი, შემოქმედებითობა და გამბედაობა გვეყოს.“- ალექსანდრე ქართველი 1958

 

17 ნოემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმმა უდიდესი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი ემიგრანტისა და ავია კონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის /1896-1974/) ცხოვრება და შემოქმედება. ასევე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა. მნახველი გაოცდება იმ ფორმებისა და დეტალების მრავალფეროვნებით, რაც ამ გენიალური ადამიანის შემოქმედებას ახლავს თავს. ის, არა მხოლოდ ტექნიკური სიზუსტით ქმნიდა ნამუშევრებს, არამედ ზედმიწევნით დახვეწლი დიზაინით ასრულებდა თითოეულ მოდელს. ყველა მათგანში იგრძნობა განსაკუთრებული მიდგომა, პროფესიონალიზმი და უნიკალურობა, რაც ალექსანდრე ქართველს ასე განასხვავებს ამ სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებისგან.

ქართველიშვილი ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში დაიბადა. 1914 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, 1917 წელს – იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციითა და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს.ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა.

 

„მოდის დრო, როდესაც, წარმოსახვა, რომელსაც მეცნიერება და კვლევა უმაგრებს ზურგს, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებლად იქცევა.“- ალექსანდრე ქართველი 1960

 

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალ. ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი 1922 წელს დაამთავრა დამომდევნო ხუთი წელი ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე მუშაობდა. 1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა “Bernar-Ferbua V-2” დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში. მათ ერთად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam”-ი უწოდეს, 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company.” 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 “Thunderbolt” (“მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილებაა ალ. ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავები: F-84 “Thunderjet”, Republic F-105 “Thunderchif” და Republic F-84.

„ჩვენ ახლა ასტრონავტიკის საწყისებთან ვართ. ჩვენი თანამგზავრები დაფრინავს, მაგრამ ამას რა აზრი აქვს, როცა ისინი თვეობით ან წლობით ფრენის შემდეგ იწვის ან ქრება. მაგრამ როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ადამიანს გავუშვებთ კოსმოსში ნებისმიერი ფრენის საბოლოო მიზანი მაინც ადამიანის ტრანსპორტირებაა; ხომალდების ფრენა კარგია, თუმცა, სანამ ადამიანი მთვარეზე ან სხვაგან ფეხს არ დადგამს, პრობლემას გადაჭრილს ვერ ვუწოდებთ.”- ალექსანდრე ქართველი 1960

ალექსანდრე ქართველმა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა სამხედრო ავიაციის სფეროში და იმ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, რომელთა გავლენაც მნიშვნელოვნად გასცდა მათი ძირითადი საქმიანობის სფეროს. ენთუზიაზმით აღსავსე გამომგონებელმა დაარღვია ყველა მანამდე არსებული ჩარჩო. მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10 დღემდე ითვლება ამერიკულ ავიაციაში არსებულ ყველაზე ეფექტურ მოიერიშე თვითმფრინავად. იმდენად, რამდენადაც ალექსანდრე ქართველი აქტიურად იყო ჩართული შეერთებული შტატების სამხედრო საქმიანობაში, მისი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული შპიონაჟის, გატაცების და ლიკვიდაციის რეალური საფრთხეების გამო. მხოლოდ გრიფი „საიდუმლოს” მოხსნის შემდეგ, როდესაც ალექსანდრე ქართველის შესახებ სმითსონის ინსტიტუტისა და NASA-ს არქივებში დაცული მასალა გახდა ხელმისაწვდომი, საზოგადოებამ შეიტყო მისი უმნიშვნელოვანესი წვლილის შესახებ – მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მიერ საჰაერო უპირატესობის მოპოვების საქმეში. ალექსანდრე ქართველის ფუძემდებლური კონსტრუქტორული გადაწყვეტები პასუხობდა ფრანკლინ დელანო რუზველტის, ჰარი ტრუმენის და ამერიკული ავიაციის პიონერის ჩარლზ ლინდბერგის ეპოქის გამოწვევებს.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ალ. ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი დისშვილია ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

 

გამოფენა 2016 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

 

ალექსანდრე ქართველის ცნობილი პროექტებია:

Bernard 191GR

Ferbois aircraft Seversky P-35

Seversky SEV-3

Republic P-47 Thunderbolt

Republic XF-12

Republic F-84 Thunderjet

Republic F-84F Thunderstreak

Republic F-105 Thunderchief

Rockwell X-30

Republic XF-103

Republic P-43 Lancer

Republic XF-84H

Fairchild A-10 Thunderbolt II

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

წყარო: ვიკიპედია, www.nplg.gov.ge

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest