ალდო როსი (1931-1997) მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიანი იტალიელი არქიტექტორია, თუმცა გარდა ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ იგი პროდუქტის დიზაინერი, თეორეტიკოსი და მხატვარიც იყო. ალდო როსი არაერთი ურბანული თეორიის ავტორია. მისი არქიტექტურული სტილი პოეტური, მსუბუქი და ლაკონურია. არქიტექტურის კრიტიკოსი ადა ჰიუქსტაბლი მას ახასიათებს, როგორც პოეტს, რომელსაც არქიტექტორობა ხვდა წილად.

მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად თეორიულია და 1920-იანი წლების იტალიური მოდერნიზმისა და ვენეციური კლასიციზმის გავლენას განიცდის. მის შემოქმედებაში ირეკლება იტალიელი სიურეალისტი ფერმწერის ჯორჯო დე კირიკოს იდეოლოგია. როსის ზოგი ახალ რაციონალისტად მიიჩნევს, ზოგი კი მის მიდგომას მიამიტურ რეალიზმს უწოდებს მისთვის დამახასიათებელი მარტივი ფორმების გამო – კუბი, კონუსი, პარალელეპიპედი…თუმცა ამ სტატიაში არ განვიხილავთ ალდო როსის არქიტექტურულ შემოქმედებას. გვინდა იგი განსხვავებული კუთხით დაგანახოთ.

დრევანდელი ორშაბათის ინსპირაციაა ალდო როსი, როგორც დიზინერი, რომელსაც არაერთი მასობრივი წარმოების პროდუქტის დიზაინი ეკუთვნის. მისი, როგორც პროდუქტის დიზაინერის მოღვაწეობა 1980 წლიდან იწყება, როცა ის გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას ,,ალესის” პროექტში “Tea & Coffee Piazza” (ჩაისა და ყავის მოედანი).ამ დროისთვის ალდო როსი პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. პროექტის დასრულების შემდეგ ის პროდუქტის დიზაინით ინტერესდება და ყავის მადუღარების სერიაზე იწყებს მუშაობას.მისი შენობებისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური, ლაკონური სტილი მის მიკრო-არქიტექტურულ ფორმებშიც ჩანს.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Il Conico და La Conica (1983), კონუსის ფორმის მეტალის ჩაიდანი და ყავის მადუღარა, რომელიც ,,ალესის” პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო. ეს როსის პირველი მასობრივი წარმოების პროდუქტებია და ოთხმოციანი წლების დიზაინის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

მოდელი 9094 ყავის ან ჩაის გასაფილტრად გამოიყენება. პროდუქტი განკუთვნილია სამ ფინჯანზე.

შემდეგიყო La Cupola (1988) ისევ ყავის მადუღარების სერიიდან, ამ შემთხვევაში როსი მაქსიმალურად ახლოს დგება საზოგადოების მოთხოვნილებებთან და გემოვნებასთან. მადუღარა ალუმინისგანაა დამზადებული და ტემპერატურის შესანარჩუნებლად სქელი ალუმინისვე ძირით სრულდება. La Cupola განკუთვნილია იტალიური მოკას მოსადუღებლად.

ყავის მადუღარათა სერიას მოყვა საათების დიზაინი „Momento”, რომლებიც ,,ალესის“ მიერ წარმოებული მაჯისა და კედლის მეტალის პირველი საათები იყო.

ალდო როსისვე ეკუთვნის ARP Studio-ს ხალიჩების (ARP Studio) დიზაინი, რომელიც გეომეტრიული და აბსტრაქტული ფორმებით გამოირჩევა. დიზაინერმა არჩევანი ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებზე გააკეთა.

ალდო როსი ასევე მუშაობდა ავეჯის დიზაინზე Molteni, Up&Up და Unifor-თან.მისი სკამების დიზაინი მარტივი, გეომეტრიული ფორმებით გამოირჩევა.

როსის დიზაინის ძირითადი პრინციპი უცვლელი იყო, გაეთვალისწინებინა მომხმარებელთა სურვილები. 1990 წელს ის გახდა პირველი იტალიელი არქიტექტორი, რომელიც პრიცკერის პრიზით დაჯილდოვდა. მან კარგად იცოდა როგორ გამოეხატა აბსტრაქცია მკაცრი, ორიგინალური ფორმებითა და გეომეტრიული ფაქტურებით.მისი საკულტო ნამუშევრები, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ბევრი თანამედროვე არქიტექტორის და დიზაინერის შთაგონების წყაროა.

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest