ყოველთვის ისე არ ხდება, რომ რამდენადაც კარგია მუსიკა ალბომში, ისეთივე კარგი იყოს მისი დიზაინიც, თუმცა ამ სტატიაზე მუშაობისას ერთ რამეს მივხვდი: მუსიკოსი, რომელიც კარგ მუსიკას წერს, გულმოდგინედაც ზრუნავს იმაზე, რომ თავისი ნამუშევარი კარგად შეფუთოს. ამისთვის არსებობენ დიზაინერები, ადამიანები, რომლებმაც ეს სფერო ცალკე ხელოვნების დარგად აქციეს და მსმენელიც მუსიკასთან ერთად მის გარეკანსაც დიდი ინტერესით ელოდება.
სტატიაში წარმოგიდგენთ 2013 წლის მუსიკალური ალბომების 22 საუკეთესო და 11 ცუდ დიზაინს, იმ ადამიანებს, რომლებმაც გულმოდგინედ იშრომეს საუკეთესოს სახელის მოსაპოვებლად და იმათაც, ვისაც ეს ამ წელს არ გამოუვიდა.
1. Fort Romeau – Stay/True
Label: Ghostly International
Artwork: Michael Cina
ეს ის შემთხვევაა, როცა გარეკანი დეკორატიულ მნიშვნელობას ატარებს, არანაირი ქვეტექსტი არ გააჩნია და მაინც საუკეთესოა. ალბომის აბსტრაქტული ქავერი Michael Cina-ს სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ბევრი მუშაობის შედეგია. თვალს ვერ წყვეტ მის დიზაინს, ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშია თავისი ფერების დინამიური და მომაჯადოვებელი გამით და იმ ემოციით, რაც ერთი-ორად საინტერესოს იმ ხდის მუსიკას, რომელიც მის შიგნითაა.
2. Mount Kimbie – Cold Spring Fault Less Youth
Label: Warp
Artwork: Leif Podhajsky
Leif Podhajsky ცნობილია თავისი აჩვეულებრივი Artwork-ებით ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიცაა Foals , Lykke Li ,The horrors,Grimes ,Bonobo და ა.შ. მასვე ეკუთვნის ვიდეო Mount Kimbie-ს თრექზე “Made to Stray“ . თუ გადაავლებთ თვალს მის ნამუშევრებს მიხვდებით, რამხელა ენერგიისა და პროფესიონალიზმის მატარებელი და როგორი განსაკუთრებულია თითოეული მათგანი.
3. Landmark-Void
Artwork: Giorgi Chichinadze
ვინც არ იცით, Landmark ქართული ჯგუფია და ძალიან კარგ მუსიკას ქმნის. პირელად Void-ი თავისი გარეკანით დამამახსოვრდა, არც მუსიკას გაუცრუებია იმედები – დღემდე ჩემი საყვარელი ალბომების სიაშია. ალბომის დიზაინზე გიორგი ჭიჭინაძემ იმუშავა. ფერების დინამიური გრადაცია, წარწერის დახვეწილი შრიფტი და ირემი, რომელიც თითქოს მთების ნისლიდან გამოდის, საკმარისია იმისთვის, რომ ის VOID საუკეთესოების სიაში იყოს, სადაც ყოფნას ის ნამდვილად იმსახურებს.
4. Baths – Obsidian
Label: Anticon Records
Artwork: Alex Takacs
ეს ბნელი გარეკანი აშკარად უკავშირდება Baths-ის ემოციას, რაც ალბომზე მუშაობის დროს ჰქონდა და მუსიკას რომელიც მის მიღმაა. ახალგზრდა რეჟისორი Alex Takacs, რომელმაც დიზაინზე იმუშავა, ასევეა ავტორი ვიდეოსი Baths-ის თრექზე “Lovely Bloodshow”. ამ ალბომის გარეკანი საუკეთესოების სიაში ტყულად არ შესულა,დიზაინერმა შეძლო და მუსიკა ზუსტად გადმოსცა თავის ნამუშევარში, ფაქტობრივად ის თავიდანვე გიქმნის იმ განწყობას რომელის მოსმენის დროს გეუფლება.
5. The Horrors – Higher
Label: Banquet Records
Artwork: Leif Podhajsky
Leif Podhajsky-ის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი. შეზღუდული რაოდენობით გამოცემული ეს ალბომი თავიდანვე გიზიდავს თავისი დიზაინით, სადაც გადმოცემულია „მარმარილოს ფსიქოდელია“ , ამ მასალის ფაქტურა ასახულია სხვადასხვა ფერებში, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია თვალისმომჭრელად ლამაზი და მკვეთრი ტონებით.
6. Zomby-with love
Label: 4AD Records
ალბომი განსაკუთრებულია ყველაფერით, პირველ რიგში მუსიკით და მერე თავისი წყვდიადის ვარდებით . ყვავილების თემა დიზაინში ყოველთვის მომწონდა და Zomby -მ ძალიან კარგად შეძლო თავისი ბნელი და მისტიკური მუსიკისთვის ღია იასამნისფრად შეფერილი ვარდები მიესადაგებინა.
ამ ლინკზე ნახავთ 4AD-ის ანიმაციას, სადაც ალბომის დეტალები უფრო კარგად ჩანს:
http://www.4ad.com/images/With_Love_Slow.gif
7. Sigur Ros– Kveikur
Label: XL Recording
Artwork : Lygia Clark
Sigur Ros -ის ეს ალბომი სხვა ნამუშევრებთან შედარებით უფრო მძიმე ჟღერადობისაა, რაც ალბომის დიზაინიდანვე იგრძნობა. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა Lygia Clark -მა ეს ფოტო 1967 წელს გადაიღო . თითქოს საშინელებათა ფილმის კადრიაო, მუქ ფონზე ჩანს ორი ადამიანი, შავი და თეთრი ნიღბებით, რომლებსაც კლარკი უბსკრულის ნიღბებს უწოდებდა. ამ თემაზე მას რამოდენიმე ფოტო ნამუშევარიც აქვს შექმნილი და რამდენადაც მისი სტატიებიდან წავიკითხე, ისინი თერაპირული მნიშვნლობისაა,ემყარება ფსიქოლოგიურ საფუძვლებს და საკმაოდ ღრმა შინაარსი გააჩნია. ვისაც დაგაინტერესებთ, ვრცლად ინფორმაცია ამ ნამუშევრებზე ,შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ:
http://interartive.org/2012/09/the-therapeutic-art-of-lygia-clark/
8. Jesse Futerman- Exquisite Basement
Label: Jus Like Music Records
Artwork :Alice Dufay
ყოველთვის მომწონდა ფერადი, სადა და პოზიტიური ენერგიით დამუხტული ნამუშევრები. ეს ალბომიც ერთ-ერთი მათგანია, როგორც მუსიკით, ისე დიზანით. საყვარელი გოგო ალისა, რომელმაც მასზე იმუშავა, სხვა მსგავსი არაჩვეულებრივი ნამუშევრების ავტორიცაა. მისი ბავშვურად მიამიტური დამოკიდებულება და ძალიან ხალისიანი განწყობა აშკარად ეტყობა მის ნამუშევრებს და Exquisite Basement-იც ერთ-ერთი მათგანია. ალისას სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის ბლოგზე:
http://alicedufaydessine.blogspot.com/
9. Lumerians – The Hight Frontier
Label: Parisian Records
Artwork : Bruno 9li
ახალგაზრდა ბრაზილიელი არტისტი Bruno 9li სხვებისგან თავისი განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევა. ხატავს სამყაროს ,სადაც არაფერი თავის თავს არ გავს ,მაგრამ მაინც ხვდები რა არის. ამ გარეკანზეც გაურკვეველი წარმომავლობის ცხოველი დგას ბუნების ფონზე და უცნაური ფორმის ყვავილებიდან არაფრისმთქმელი თვალებით იყურება. მკვეთრი ფერები, მათი ჰარმონიული დამოკიდებულება ერთმანეთთან და არტისტის დამახასიათებელი ქარიზმა არის ის, რაც ალბომს ასე მიმზიდველს ხდის.
10. Foals – Holy Fire
Label: Warner Bros/Transgresiive
Artwork: Leif Podhajsky
და ისევ ავსტრალიელი არტისტი Leif Podhajsky, რომელმაც წელს აშკარად მთელი თავისი ენერგია გამოიყენა და შექმნა ნამუშევრები, რომლებიდანაც ფაქტობრივად ყველა დასახელდა საუკეთესოდ და დამსახურებულადაც, რადგან თითოეული მათგანი თავისი ინდივიდუალურობითა და საკუთარი ისტორიითაა გამორჩეული. რაც შეეხება Holy Fire-ს, ჩემი აზრით ერთ-ერთი დიდებული ნამუშევარია. მზის ჩასვლა, წყლის სტიქია, ადამიანები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულები შედიან ტალღებში და საერთო მღელვარება ,რომელიც ამ ფოტოდან მოდის ალბომის ჩართვისთანავე ჰარმონიულად გრძელდება – იდეალურ გარეკანს იდეალური მუსიკა ცვლის.
11. Washed Out – Paracosm
Label: Sub Pop
Artwork: Sara Cynwar
ვინ ვინ და washed out -მა ნამდვილად ყველაზე კარგად იცის ვის მიანდოს თავისი დახვეწილი მუსიკა ღირსეული დიზაინით შესაფუთად. ასე იყო პირველი ალბომის შემთხვევაში და ასეა მოხდა ეხლაც.
ყვავილის ჯიშები, რომელიც დიზაინერმა Sara Cynwar -მა New York-ის ბიბლიოთეკაში მოიძია, ფოტოშოპში დაამუშავა, კომპოზიციას vintage სტილი მისცა და სადა თეთრი ფერის შრიფტით შემსრულებელი და ნამუშევრის სახელი დააწერა. როგორც თვითონ აღნიშნა Creativebloq-თან ინტერვიუში, ეს თემატიკა თვითონ ერნესტის (Washed Out) თხოვნით აირჩია, რადგან მუსიკოსი ამ ალბომზე ქალაქის ხმაურისგან შორს, ბუნებაში მუშაობდა (რაც ალბომს პირველივე თრექიდან ეტყობა) და უნდოდა დიზაინიც შესაბამისი და ძალიან სადა ჰქონოდა. სარა მიხვდა ერნესტის გულის ნადებს და მუსიკის შესაბამისი ღირსეული ნამუშევარი შექმნა.
12. Tyler The Creator – WOLF
Label:Odd Future
Artwork: Mark Ryden
ტაილერი თავისი ძალიან სახასიათო სტილით გამოირჩევა და სიმღერებიც ისეთი აქვს, თითქოს დიდმა კაცმა დაწერა, არადა ეს ლაწირაკი 22 წლისაა და უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მუსიკალურ სამყაროში. WOLF -ის გარეკანზე ცნობილმა მხატვარმა მარკ რაიდენმა იმუშავა. მან მუსიკის მიღმა სწორედ ის ლაწირაკი დაინახა, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი და შექმნა სურეალისტური გარეკანი ტაილერის პორტრეტით, სადაც მისი ბავშვური მიამიტურობა ძალიან კარგად ჩანს. დეტალების აღქმა კი (ხეზე თვალი,კუნძზე თოჯინის თავი) თქვენთვის მომინდვია.
13. HVL–Flats
Label:Voyager
Artwork: Brendan Monroe
Flats ქართველი არტისტის გიგი ჯიქიას იგივე HVL-ის EP-ია, რომლის გარეკანიც თავიდანვე მომეწონა სადა, მაგრამ დახვეწილი დიზაინის გამო . ის კალიფორნიელი მხატვრის, ბრენდან მონროს ერთ-ერთი ილუსტრაციაა ნამუშევრიდან, რომელსაც ქვია „სიარული“. როგორც მხატვარი აღნიშნავს: (ციტირება)
„ეს ნამუშევარი მარტოსული ადამიანის მოგზაურობაა სიზმარში, რომელიც კოსმოსისა და რეალობის გასაყარზეა. მთავარმა გმირმა აღმოაჩინა, რომ საგნები სულაც არაა ისეთი,როგორებიც მას ყოველთვის ეგონა რომ იყო.“
HVL-ის მუსიკა კი ნამდვილად მოუხდებოდა სიზმრებში გასერნებას, სიზმრებს კოსმოსზე.
14. James Blake – Overgrown
Label: Universal Republic Records
თავიდან საერთოდაც არ ვაპირებდი ამ ალბომზე დაწერას. ჯერ ერთი, როგორც წესი არ მომწონს ხოლმე ქავერები, რომლებზეც შემსრულებელის ფოტოა გამოსახულა და მეორეც, ყოველთვის სუბიექტური ვარ ამ მუსიკოსის მიმართ და კარგის მეტს მასზე ვერაფერს ვწერ. ეს ალბომი ის შემთხვევაა, როცა თოვლში მომავალი ბლეიკი სულაც არ მეჩვენება ჩვეულებრივ მოვლენად, პირიქით, უკანა ფონზე ლურჯი ფერის ჰაერი მას უფრო იდუმალს ხდის . იმ ცივ განწყობას კი რაც თოვლისა და შიშველი კედლის დანახვისას ჩნდება, მუსიკა პირველი ნოტებიდანვე ანეიტრალებს.
15. Atoms for Peace-AMOK
Label: XL Recordings
Artwork: Stanely Donwood
Stanely Donwood ტომ იორკის კარგი მეგობარია და ძალიან ხშრად Radiohead-ის პირად არტისტსაც უწოდებენ ხოლმე, რადგან ჯგუფის თითქმის ყველა ნამუშევარი მისი დიზაინით არის დარელიზებული. AMOK -ის დიზაინიც მისი ერთ-ერთი ილუსტრაციიდან შეარჩია. თეთრ-შავში გადაწყველი გარეკანი სულაც არ არის ერთფეროვანი, პირიქით, სამყარო რომელიც მის მიღმაა ერთი ორად საინტერესო გეჩვნება და მოუთმელნად ელი ალბომის ჩართვას.
16. Jay-Z – Magna Carta Holy Grail
Label: Roc-A –Fella/Roc Nation/Universal
ჩემი აზრით, Jay-Z ყველაზე გავლენიანი პერსონაა მუსიკაში და არამარტო. ყოველთვის მომწონდა მისი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ, მისი გემოვნება და ნამუშევრების ხარისხი-რასაც აკეთებს ყველაფერი კარგად გააზრებული და დახვეწილი.
Magna Carta Holy Grail-იც ერთ-ერთი საუკეთესოა . ინსპირაცია რეპერს XIV საუკუნის მოქანდაკის: ბატისტა დი დომენიკო ლორენვცის სკულპტურის „Alpheus and Arethusa” -ს ნახვის შემდეგ მოუვიდა . ნამუშევრის შინაარსი ძველი ბერძნული მითოლოგიიდანაა და ასახავს ნიმფა Arethusa -ს გარდაქმნას მდინარედ. იგი ემსახურებოდა ღმერთ Alpheus -ს და სწორედ მისგან დაღწევის მიზნის გარდაიქმნა წყლის ნაკადად. ალბომის გარეკანს ამ სკულპტურის შავ-თეთრი ფოტო წარმოადგენს. არ ვიცი Jay-Z ამით თავის გარდაქმნას გვამცნობს თუ უბრალოდ დაინახა სკულპტურა და გადაწყვიტა ,რომ მოუხდებოდა მისი ალბომის გარეკანს,მაგრამ ფაქტია,რომ შედეგი მართლაც კარგი გამოუვიდა.
17. Killer Mike & El P – Run Jewels
Label:Fool‘s Gold
Artwork:Nicholas Gazin
უუხ როგორი მაგარი მუსიკაა და როგორი მაგარი გარეკანი აქვს. წელს განსაკუთრებით აქტუალურია ზომბების თემა. მე კი დიდად არასდროს მიზიდავდა, მაგრამ ამ ალბომზე გამოსახული ცისფერი ხელები ოქროს ყელსაბამით ძალიანაც მომწონს. ნიკოლას გაზინს სხვა ნამუშევრებიდანაც აშკარად ეტყობა როგორ უყვარს მსგავსი არსებები და არც ამ ალბომზე მუშაობისას დაიშურა ენერგია. ამ ორ მონსტრიკს კი რომლებსაც Killer Mike და El-P ქვიათ, ძალიან მაგარი ქავერი გაუკეთა. რაც მთავარია მუსიკას 100%-ით შეესაბამება.
18. Free Time – Nothing But Nice
Label: Under Water Peoples
მოკლედ,მე მივხვდი რაა, რომ ესეთი, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ნამუშევრები უფრო მამახსოვრდება, ვიდრე დალაგებული ქავერები. სადაც ყველაფერი გარკვევით ჩანს. ამ დიზანმა ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ალბომი დაანონსდა. ალბომს ქვია “არაფერი, მაგრამ სასიამოვნო“ და ზუსტად იგივეა გარეკანიც – არაფერი, გუაშით დახატული უაზრო ფორმებია, მარამ ლამაზია, სასიამოვნო საყურებელია და უბრალოდ მოგწონს. აი ასე, ყველანაირი ქვე ტექსტების გარეშე.
19. Siriusmo-Enthusiast
Label: MonkeyTown
ნიჭიერი გერმანელი მუსიკოსის, სირიუსმოს ახალი ალბომის გარეკანი (ისევე როგორც მუსიკა) ძალიან მომეწონა. ამ მარტივი დიზაინის არტვორქზე ჩანს პიანინო გატეხილ კლავიშით,ალბომის სახელწოდება და ალბათ მეტი მრავალფეროვნებისთვის მგლის სათამაშო. მომეწონა ისიც , რომ ვინილები სტანდარტულად შავი არაა და წითელ /მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი.
20. Phoenix – Bankrupt
Label: Glassnote Records/Loyaute
ალბომის გამოსვლისთანავე გამოწვია ინტერესი მისმა გარეკანმა, რომელზეც ატამია გამოსახული. როგორც ჯგუფის წევრებმა განმარტეს, ის ენდი ვორჰოლის გავლენით შეიქმნა პოპ არტის სტილში. პიქსელებში გამოსახული მკეთრი ფერის ატამი დაბალანსებულ ფონზეა გამოსახული და თითქოს ბანკროტ Phoenix-ს ამის მეტი არც აღარაფერი დარჩა.
21. The National-Trouble Will Find Me
Label: 4AD Records
Artwrk: Bohyun Yoon (Instalation, 2003)
ალბომის გარეკანზე გამოსახულია დეტალი Bohyun Yoon-ის ინსტალაციიდან ,რომელსაც „ფრაგმენტაცია“ ქვია. ნამუშევარი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის შიშველ სხეულებს, რომლებიც სარკის ოთხი პანელითაა დაყოფილი. ამ ნამუშევარში Yoon-მა პარალელი გაავლო თანამედროვე მეცნიერებასა და ადამიანის სხეულზე პლასტიკური ქირურგიის შედეგებს შორის.
Trouble Will Find Me -ის გარეკანი წარმოადგენს შავ-თეთრ ფოტოს ამ ინსტალაციიდან: გოგონას სარკიდან თავი აქვს გამოყოფილი და ჩვენსკენ იყურება. ჩემი აზრით, ემოციური და საინტერესო გარეკანია ,თუ გაინტერესებთ ალბომის დიზაინის მთლიანი კომპოზიცია 4AD Records-ი რამოდენიმე ფოტოიან Gif-ს გვთავაზობს.
იხ ლინკი:http://cdn.makeagif.com/media/5-21-2013/qkNBgG.gif
ასევე რამოდენიმე ფოტო ინსტალაციიდან.
22. Oneohtrix Point Never – R Plus Seven
Label:WARP
Artwrk: Georges Shwizgebel – “Le ravissement de Frank N. Stein” (animation 1982)
ალბომის გარეკანი აღებულია ანიმაციიდან „ფრანკენშტეინის აღტაცება“ რომელიც Georges Shwizgebel-მა 1982 წელს შექმნა. ეს სურეალისტური ნამუშევარია, სადაც ფრანკენშტეინის ოთახიდან ოთახში მოგზაურობაა ასახული და ალბოის გარეკანიც სწორედ ერთ-ერთი ამ ოთახის კადრს წარმოადგენს. პირველად თვალში სახასიათო ფორმები გხვდება და ფერები, რომელიც ცოტა არ იყოს მძიმეა და უცნაურად იდუმალ განწყობას ქმნის, ხოლო ვისაც ეს ანიმაცია არ გინახავთ და დაგაინტერესათ, აი ლინკიც:
http://www.youtube.com/watch?v=XmMyx2_4STg
ყველაზე ცუდი 11 დიზაინი
1. Lorde – Pure Heroi ne
Label: Universal
„საინტერესო“ გარეკანია იმით, რომ მასზე არაფერი არ ხდება. Pitchfork წერს,რომ დღევანდელი პოპ კულტურის კამარაზე Lorde შავი ხვრელია, რაც აშკარად უკონცეფციო ვიდეო „Tennis Court”-იდან კარგად ჩანს. ალბომის დიზაინიც ყველანაირ შინაარსს მოკლებულია: შავ ფონზე ნაცრისფერი ასოებით წერია შემსრულებელი და ალბომის სახელწოდება. არადა 17 წლის გოგოა Lorde, ცოტა მეტი სიხალისე და კრეატივი კი არ აწყენდა .
2. Kanye West-Yeezus
Label: Roc-A–Fella
ოფიციალურად ალბომს გარეკანი არ გააჩნია, პლასტმასის შეფუთვას, რომელშიც CD დევს, მხოლოდ წითელი ქაღალდის ნაგლეჯზე აწერია Yeezus. ბევრმა ის წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომის დიზაინად დაასახელა, მაგრამ მიუხედავად ჩემი მიდრეკილებისა მინიმალიზმისაკენ, მაინც ვფიქრობ, რომ რა უაზრო მუსიკაცაა ალბომში, ისეთივე უაზრო გარეკანი აქვს. Kaney-ს დაავიწყდა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივი კია, მაგრამ ყველაფერი მარტივი გენიალური არ არის.
ამ ალბომზე მუშაობისას მუსიკოსი პარიზში ცხოვრობდა და ლუვრის მუზეუმში ეძებდა ინსპირაციას, წესით რამე კარგი უნდა შემოეთავაზებინა, მაგრამ ვერაფერი ღირებული ვერ მივიღეთ.
3. Yong Yong – Love
Label: Night School
ეს ის შემთხვევაა, ყურადღების გამახვილებაც რომ არ ღირს, მაგრამ ისეთი უაზროდ სასაცილო გარეკანია, გულმა არ გამიძლო.
4. DJ Koze – Amygdala
Label: Pampa Records
ჩაფხუტიანი კოზე ამხედრებულია ირემზე და საეჭვოდ უმზერს რაღაცას ან ვიღაცას. უკან ბუნება ვარდისფერია, მაგრამ პოზიტიურად სულაც არ გამოიყურება.
5.The Strokes-Comedown Machine
Label: RCA
Artwork: Brett Kilroe, Tina Ibanez.
The Strokes ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია, მაგრამ ამ vintage გარეკანმა, სადაც ლეიბლის ლოგოზეა მთელი ყურადღება გამახვილებული,იმედები გამიცრუა. მართალია, ბევრმა ის საუკეთესო დიზაინად დაასახელა, მაგრამ როცა სხვა ასევე საუკეთესო ალბომების ქავერებს გადავხედე, მივხდი რომ ეს იმათთან ახლოსაც კი ვერ მივა.
6.Yeah Yeah Yeah – Mosquto
Label: Dress Up; Interscope
Artwork: Shimbe
კიდევ ერთი ჩემი საყვრელი ჯგუფის სრულიად გაუგებარი გარეკანი. ეს იმ კატეგორას მიეკუთვნება, სპეციალურად მოწყობილი ტვინი რომ გჭირდება მის გასაგებად. ამ ბავშვის დანახვამ, რომელსაც ობობას მსაგავსი კოღო კბენს, ცოტა არ იყოს შემზარა, მაგრამ ეტყობა მარტო მე არა, რადგან თვითონ Shimbe-მაც თქვა Rolling Stones-თან ინტერვიუში, საბოლოო შედეგი რომ დავინახე, თავიდან მეც მაგრად შემეშინდაო.
7. Tyga – Hotel California
Label: Cash Money Records
Tyga იმ რეპერების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ყველაზე მეტად თავიაანთი მილიონების სახალხოდ გამოჩენა უყვართ. ამ გარეკანზეც მისი ქონებაა დახვავებული. აქეთ ვეფხვი წევს ძვირადირებული ვილას ტერასაზე,(სხვათაშორის, თურმე ნამდვილი ვეფხვია. Photoshop-ი არ გეგონოთ) იქით კიდევ თვით ტიგა დგას ნორკის შუბაში (თუ რისიცაა, მაინც და მაინც ვერ ვერკვევი,მაგრამ ალბათ მთელი ჩემი სანათესაოს ქონებაზე ძვირი ღირს) თავზეც ბეწვის ქუდი ახურავს, ოქროს „100 კილოიანი ძეწკვებიც“ ჰკიდია და მეფურად გვიმზერს. არადა ეს ყველაფერი შეიძლებოდა ძალიანაც მიმზიდველი ყოფილიყო, მთელი ეს მისი ავლადიდება ესე უხვად რომ არ ჩაეყარათ ამ ერთ ქავერში.
8. Nightlands-Oak-Island
Label: Secretly Canadian
ეს ბიჭი ძალიან მომწონს თავისი ორიგინალური ვიდეოებითა და მარტივი, ხალისიანი მუსიკით. Nightlands, იგივე Dave Hartley-ს ეს ალბომიც სწორედ ამ განწყობისაა. იგივეს ვერ ვიტყვი ალბომის დიზაინზე. ვერცხლისფრად შეღებილი მუსიკოსი ფოთლების ფონზე დგას, რობოტივით გაშეშებული. სასაცილოდ კი გამოიყურება, თითქოს მეზობლის ბავშვებმა გააშიშვლეს, ვერცხლისფრად გადაღებეს, ეს კიდევ სირცხვილით ბუჩქებიდან ვერ გამოდის . J
9. Panteros 666 – Baby F-16
Label: Bromance
Victor Watel იგივე Panteros 666 თავისი ექსცენტრიული სტილით თავიდანვე გამოირჩეოდა. საინტერესო თრექებს კი წერს, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სპეციფიკური გემოვნება გჭიდება, რომ ისინი მოგეწონოს. ასეა თუ ისე, ჩემი აზრით უინტერესო და არაფრისმთქმელი გარეკანია, თვითონაც არ შეუწუხებია თავი მისი განმარტებით.
10. Chase & Status- Brand new machine
Label: Mercury Records
Artwork: Big Active ( Mat Maitland/Alan Sailer)
Big Active 1990 წელს დაარსებული ცნობილი ლონდონური კომპანიაა,რომელიც დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. მათ სახელს უკვაშირდება ნამუშევრები ისეთი მუსკოსებისათვის, როგორებიცაა : Elton John; Muse; Keane; Foals; London Grammar; T.E.E.D და ა.შ. Brand New Machine-ს გარეკანზეც ამ კომპანიამ იმუშავა.
წითელ ფონზე შავმა წარწერამ აშკარად არ გაამართლა, თან ეს ფორმა რაზეც სმაილია გამოსხული ვერ მივხვდი რა არის, სამწუხაროდ არც ავტორებს უწერიათ რამე განმარტება, რაც აშკარად საერთო სენია, არც მუსიკოსი თვლის საჭიროდ და არც დიზაინერი ახსნა მიაწეროს რას ნიშნავს ესა თუ ის ნამუშევარი, საბოლოო ჯამში კი სრულიად გაუგებარი შინაარსის Artwork შემრჩა ხელში.
11. Arctic Monkeys – AM
Label- Domino
კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ბენდი და კიდევ ერთი მინიმალისტური ქავერი,რომელზეც შავ ფონზე თეთრად გამოსახულია ელექტრო ტალღის მსგავსი ფორმა და რომელიც აღებულია მათი ვიდეოდან სიმღერაზე- Do I Wanna Know? არანაირი ქვეტექსტი მას არ გააჩნია,როგორც ხედავთ ისე გაიგეთ.
ავტორი: ნანა ზაალიშვილი


