10 წლიანი სამუშაოების შემდეგ სანტიაგო კალატრავას ჩანაფიქრმა საბოლოოდ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ფრთები გაშალა. ჯერ-ჯერობით შენობის მხოლოდ ნაწილია მნახველებისთვის გახსნილი, მაგრამ წლის ბოლოსთვის მთლიანი ტერმინალი დაიწყებს ფუნქციონირებას და მოსახლეობას შეეძლება არა მარტო მეტროთი, არამედ საქალაქთაშორისო მატარებლითაც სარგებლობა.

კალატრავა ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორი, სტრუქტურული ინჟინერი, სკულპტორი და მხატვარია. იგი ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინითა და ინჟინრული ნამუშევრებით და მრავალი ჯილდოც აქვს მიღებული თავისი უსაზღვრო ნიჭის გამო. ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერმინალი არქიტექტორის პირველი ნამუშევარი არაა ამ ტიპის შენობების აგებისას, მისი გონების ნაყოფია შტადელჰოფენის რკინიგზის სადგური ციურიხში, ალამედას ხიდი და მეტროს სადგური ვალენსიაში, Liege-Guillemins რკინიგზის სადგური ბელგიაში და სხვა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სადგური ქვემო მანჰეტენზე მდებარეობს. იგი მოემსახურება ოთხ შიდა საქალაქო ხაზს, ასევე ასრულებს საქალაქთაშორისო რკინიგზის სადგურის ფუნქციასაც (აკავშირებს ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსის), რომლითაც დღეში 50000 მგზავრი მაინც სარგებლობს. პირველად იგი 1909 წლის 19 ივლისს გაიხსნა, როგორც ჰადსონის ტერმინალი, რომელიც შემდეგ დაანგრიეს და 1971 წელს თავიდან ააშენეს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. 11 სექტემბრის ტერაქტმა ეს ადგილი მიწასთან გაასწორა; 2003 წელს დროებითმა სადგურმა დაიწყო ფუნქციონირება, სანამ არქიტექტორის იდეა ხორცს შეისხამდა და ნიუ-იორკს ახალ, ორიგინალური ფორმისა და დიზაინის შენობას შესთავაზებდა.

ტერმინალი ელიფსური ფორმის „ფრთებიანი“ პავილიონისგან შედგება, რომელსაც „ოკულუსი“ დაარქვეს, მის ქვეშ კი მეტროსა და რკინიგზის ხაზების რთული ბადეა განთავსებული. პავილიონის იატაკი თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული და გარშემო ორ დონეზე განთავსებული გასაქირავებელი კომერციული ფართებითაა გარშემორტყმული. მათი გახსნა აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება. დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დასათვალიერებელი პლატფორმა და შუშის ლიფტებია.

არქიტექტორი ცდილობდა შენობა ფრინველისთვის მიემსგავსებინა, ამიტომ მას თითქოს გაშლილი ფრთების ჩონჩხის ფორმა აქვს; თავდაპირველად მოძრავი სახურავის გაკეთება იყო ჩაფიქრებული, პავილიონის „ფრთები“ ფრენის ეფეტს შექმნიდნენ და ამით შენობის სურათი უფრო გამყარდებოდა, მაგრამ ხარჯების გამო ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა. ბუნებრივი განათებისთვის, პავილიონს ჭერამდე 100 მეტრის სიგრძის ვიტრაჟები მიუყვება. იგი ყოველი წლის 11 სექტემბერს გაიხსნება ტერაქტის შედეგად დაღუპულთა სამახსოვროდ. შენობის გვერდები შემინულია.

ოკულუსის ექსტერიერზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა ინტერიერი ისევ დამუშავების პროცესშია, სწორედ ამიტომ სადგურის მხოლოდ ნაწილი გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. პროექტის ღირებულება 3,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც თავიდან განსაზღვრულ თანხაზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა. ამის გამო არქიტექტორი ხშირად ხდებოდა კრიტიკის მსხვერპლი და რთული დღეებიც გამოიარა, თუმცა ამ ყველაფერს მისთვის ხელი არ შეუშლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობის ბოლომდე მისაყვანად.

ტერმინალი რადიკალურად განსხვავდება მის გარშემო არსებული სხვა შენობებისგან. იგი მნახველში აღფრთოვანებას იწვევს და მას საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრად, ბევრისთვის საყვარელ ადგილად გახდომას უწინასწარმეტყველებენ. მოლოდინი იმისა, რომ შენობა გაწეულ ხარჯებს დროთა განმავლობაში სრულად აანაზღაურებს, რეალურია.

თუმცა ამ დადებით შეფასებებთან ერთად შენობამ კრიტიკოსთა ქარ-ცეცხლშიც გაიარა, დახარჯული თანხისა თუ თავისი ფორმის გამო; მხოლოდ დრო გვიჩვენებს იყო თუ არა კრიტიკოსთა დამოკიდებულება გამართლებული. მანამდე კი დაველოდოთ სანამ ტერმინალი სრულ ფუნქციონირებას დაიწყებს და დაიპყრობს ნიუ-იორკელების გულებს.

 

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest