ადამ პარკერ სმიტი 36 წლის ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტია, რომელიც ცნობილია თავისი სკულპტურებით, ინსტალაციებითა და ნახატებით. ბაკალავრის ხარისხი სანტა კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიღო, ხოლო მაგისტრის – ტაილერის ხელოვნების სკოლაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ხელოვანი საკმაოდ პოპულარულია თავისი არაორდინალური, საინტერესო ნამუშევრებით. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ცდილობს საკუთარი ქმნილებებით გაიმეოროს და გადმოგვცეს ადამიანის ქმედებები ან მოვლენები. მნახველისთვის ისინი ერთდროულად ნაცნობიცაა, მომნუსხველიცა და უცნობიც. არტისტის ტრაგიკომედიული ინსტალაციები უცენზუროა, პირადი, შავი იუმორით დატვირთული და ხშირად დამთვალიერებლის უშუალო ჩართვას, მონაწილეობას მოითხოვს. ისინი სავსეა იმ საგნებითა და თემებით, რომლებიც ავტორის შიშიდან და მისწრაფებებიდან მოდის, „დანაგვიანებულია“ ეჭვიანობით, აკვიატებებით, სიბილწით, მოწონებითა და მიმზიდველობით.

არტისტის არაორდინალურობა შემდეგშიც ჩანს: მან ერთ-ერთი გამოფენა თავისი ხელოვანი კოლეგებისა და მეგობრებისგან დაუკითხავად წამოღებული ნამუშევრებისგან მოაწყო. თავიდან ძალიან ნერვიულობდა, არ ეგონა თუ მეგობრებისგან/კოლეგებისგან „მოპარვას“ შეძლებდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს წარმატებით მოახერხა. 90 მათგანს ესტუმრა სტუდიაში, 77 შემთხვევაში გეგმა წარმატებით განახორციელა, „დაზარალებულთაგან“ ერთ-ერთი მისი შეყვარებულიც იყო, ქეროლინ სალასი, რომელიც მოქანდაკეა და იელის უნივერსიტეტში ასწავლის; მხოლოდ ერთხელ მოახერხეს „ქურდის“ გამოჭერა და ეს პატარა ბავშვმა შეძლო. ხელოვანი გამოფენამდე დაუკავშირდა მეგობრებსა და კოლეგებს და წაღებული ნივების შესახებ აცნობა და მათგან ნებართვა მიიღო ნივთების გამოსაფენად. ამ გამოფენით მას სურდა ეჩვენებინა, როგორ ენდობიან არტისტები ერთმანეთს და რა მარტივად და უპრობლემოდაა შესძლებელი იდეის მოპარვა და რომ ეს მათი სამყაროს განუყრელი ნაწილია.

ადამ პარკერ სმიტი ახლაც აგრძელებს მუშაობას და მნახველის გაოცებას ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნამუშევრებით. სწორედ ამ კატეგორიაში ხვდება მისი ბოლო ქმნილება, რომელსაც „გატაცება, მოწონება“ ჰქვია. იგი ცდილობს, სურათის სტატიკურობას სიცოცხლე შესძინოს და ჩვენ თვალწინ აამოძრაოს. ეს არის ტილოზე დაბეჭდილი გოგონას სურათი. გოგონას თავზე ადამიანის თმა არის მიმაგრებული და სურათთან სპეციალურად დადგმული ჰაერდამბერიდან წამოსულ ნიავზე ირხევა. დამეთანხმებით, ძნელია ასეთი სურათი დაგავიწყდეს.

 

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest