2015 წელი დასრულდა და IDAAF-ში გასული წლის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ამბებს გადავავლეთ თვალი. ამ სტატიაში ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

 

1. კომპანია „სოკარმა“ იალბუზის ქუჩაზე ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული შენობა, დანგრევის ნაცვლად, მიწის დონიდან 3,5 მეტრით ასწია, რათა საავტომობილო გზის დონეზე მოხდეს მასთან დაკავშირება. აღსანიშნავია, რომ შენობას მომავალში სასტუმროს ფუნქცია ექნება.

2. თბილისში ყველაზე მაღალი Millennium Hotel -ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

 

3. ვერეს ხეობა რეკრეაციად ცხადდება. „ჩარჩო გეგმის“ კონკურსში გამარჯვებულად „არქიტექტურული ბიურო“-ს პროექტი დასახელდა. კონცეფციის თანახმად, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

 

4. თბილისის გენერალური გეგმა დამტკიცდა. პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები და ორგანიზაციები. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.

 

5. AXIS TOWERS-ი მშენებლობის პროცესშია.

6. ვაკის პარკი ისევ დასაცავია. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორი მშენებლობისთვის ემზადება.

7. გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის პროექტში ICOMOS-ის ეროვნულმა ჯგუფმა გაიმარჯვა. „ტფლისის ჰამქარი“ თბილისის მერიისგან მემორანდუმის შეთანხმების შესრულებასა და პროექტის სწორედ ამ სახით განხორციელებას ითხოვს.

8. თბილისის მერია პუშკინის მოედანზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ემზადება. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ქალაქის ამ მონაკვეთს გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთავს, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების აზრით, პირიქით, ესტაკადა უშნოდ ჩაეწერება ქალაქის ამ ისტორიულ ურბანულ ქსოვილში და ამასთან ერთად, მეტ ტრანსპორტს მოიზიდავს და უფრო გადატვირთვას მოძრაობას.

9. თბილისის მერიამ „პანორამა თბილისის“ პროექტი წარმოადგინა. მოსახლეობის მასშტაბური პროტესტისა და აქციების მიუხედავად, მთაწმინდის მონაკვეთზე მაინც გაიჩეხა ხეები და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

10. საყდრისი, უძველესი ქართული ოქროს საბადო განადგურებულია!

11. მირზა შაფის ქუჩის განვითარებისთვის გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში კომპანია „დემარკის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა, თუმცა შედეგებს დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ჯერ-ჯერობით პროცესი ჭიანურდება.

12. ქალაქ თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის კუნძულის განვითარების კონცეფცია მაისში წარმოადგინა, რასაც მოსახლეობაში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. თუმცა პროექტის განვითარება ამ ეტაპზე შეჩერებულია და იდეა იდეად რჩება.

13. ახალი სტადიონის არქიტექტურული ესკიზი გახდა ცნობილი ქალაქ ბათუმში. პროექტის ავტორი ესპანური კომპანია Iberproex Engineering & Project Management-ია. ბათუმის „დინამოს“ სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და მისი დასრულება 2017 წელს იგეგმება.

14. ყაზბეგში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. არქიტექტურული პროქტის ავტორი MHD ჯგუფია.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest