10. რეკრეაციული ზონები სტატუსის გარეშე, მათში პრივატიზებული ნაკვეთები და მიმდინარე მშენებლობები

იქეთ დეველოპერი თბილისის მერიის აქტიური ხელშეწყობითა და აქეთ ბეტონის ჯუნგლებში ამომხრჩვალი მოსახლეობა, რამდენიმე წელია თავგანწირულ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის მერია საბჭოთა დროინდელი ქალაქის გენგეგმიდან შემორჩენილი ცარიელი ადგილების ათვისებას აქტიურად განაგრძობს. ყველა ასეთი ტერიტორია თბილისის ცენტრსა და განსაკუთრებით გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება.

გენგეგმის არარსებობის გამო გრძელდება ყველა, აბსოლიტურად ყველა ცარიელი ნაკვეთზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა. თბილისი ნელ-ნელა ტიპურ ჩინურ საცხოვრებელ კვარტალს დაემსგავსა, უშნო კორპუსებში ჩატენილს, სადაც იმედები სუფთა ურბანულ გარემოზე მაშინვე კვდება.

სწორედ ამიტომაა საჭირო, თბილისში სარეკრეციო ზონების სტატუსის სასწრაფოდ განსაზღვრა, (გარეუბნებში განსაკუთრებით) მათში პრივატიზებული ნაკვეთების გაუქმება და მშენებლობის აკრძალვა.

აქვე ფოტოები ვარაზის ხევიდან, იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ ადვილად ახერხებს დეველოპერი მერია ნებართვის მოპოვებასა და ქალაქის ცენტრში, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის წარმოებას.

9. მაღალ სართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემა ყველა შესაძლო ნაკვეთში, ქალაქის გენგეგმის არსებობის გარეშე

თბილისს რომ ზედმეტსახელი ჰქონდეს, ეს „კორპუსა“ იქნებოდა. საიდუმლო არაა, რომ სამშენებლო სფერო ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და შესაბამისად, ყველგან მაღალ სართულიანი კორპუსი შენდება.

მერია, ცხადია, ყველაზე დიდ დეველოპერულ წამოწყებებს ხელს მთლიანად უწყობს. არ იწუხებს თავს სერიოზულად მოეკიდოს გეგნგეგმის სწორად და ხარისხიანად დასრულების საკითხს და ამასობაში თბილისის მახინჯი კორპუსების მუზეუმს დაემსგავსა. ჩვენი საამაყო ისტორიის მქონე დედაქალაქი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ადგილობრივმა მმართველობამ მოახერხოს და ასეთი ისტორიული ქალაქის იდეალურად განსავითარებელი ურბანული გეგმა რამდენიმე წელში სრულ ქაოსად აქციოს და თან ამაზე სარფიანადაც „მოითბოს ხელი“. დიდად არც წინა წლებში, ბოლო რეგულაციებამდე გაცემული მშენებლობის ნებართვები კონტროლდება, ამიტომ ხშირად, მაგალითად, 15 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეიძლება 10 პარკინგის ადგილი ჰქონდეს და ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩვენს დედაქალაქში.

ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ქალაქს გენგეგმა არ გააჩნია. არ ვიცით ის რა მიმართულებით ვითარდება, რა იქნება 10 წლის შემდეგ. ახლა თბილისში ყველგან მხოლოდ „ნაკვეთები იყიდება, კორპუსის მშენებლობის ნებართვით“.

 

8. ბაზრების გეგმარება, იერსახე, ანტისანიტარია, გარევაჭრობა

ბაზარი დღევანდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მსუყე ისტორიული მასალა გვაქვს, როგორი იყო ძველად ბაზრები თბილისში და ქალაქის იერსახის ეს განუყოფელი ნაწილი წესით ახლა უკვე განვითარების მაღალ საფეხურზე უნდა იყოს, ლამაზ დახლებზე გამოფენილი ჭრელა-ჭრულა პროდუქტითა და უამრავი საინტერესო მასალით, თუმცა ყველაფერი პირიქითაა. დღეს თბილისში ბაზარი არის ადგილი, რომელიც ასოცირდება ანტისანიტარიასთან, ქაოსთან, სტრესთთან, ცუდ სუნთან, წვიმიან ამინდში ტალახთან და ქარიან ამინდში მტვერთან.

ნოდარ დუმბაძე წერს: “გინახავთ ზაფხულში ნავთლუღის ბაზარი? აი ასეთია სწორედ ჯოჯოხეთი“ და მას მერე არც არაფერი შეცვლილა, პირიქით, ძველი საბჭოთა კონსტრუქციები ახლა უკვე სავალალოდ მორყეულია, ელექტროობისა და წყლისმიმღები სისტემები ამორტიზებული, სუნი და ანტისანიტარია ერთიორად გამძაფრებული.

თბილისში ბაზრებს არ გააჩნია არანაირი რეგულაცია, რომელიც რეალურად მოერგება მომხმარებლისა და გამყიდველის მოთხოვნებს და გარევაჭრობა აღარ გახდება საჭირო. არ არსებობს ბაზრების განვითარების კონკრეტული გეგმა და თუ არის რამე მცდელობა ამ მხრივ სიტუაციის შეცვლისა, ის არაპრორიტეტულია და უფრო ემსახურება ერთჯერადი ანგარიშის ჩაბარებას კონკრეტული უწყებისთვის. თბილისის ბაზრების მოწერსიგება არ დგას დღის წესრიგში, ისე როგორც, მაგალითად, მერიის მოხელეების პირადი მანქანებითა და პრემიებით უზრუნველყოფა.

 

 

7. მტვრიანი და ჭუჭყიანი ქუჩები, რომლებიც არ ირეცხება

როგორი მტვრიანი ქალაქია თბილისი? – ისეთი, სახლში დილით გადაწმენდილი მტვერი, საღამოს რომ ისევ ისეა. მტვერია ყველგან: ქუჩებში, სახლებში, მანქანებში… რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ამას, თბილისის მერია უნდა ზრუნავდეს და უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული გეგმა მტვრისა და ტროტუარის კიდეებში დაგროვებული ჭუჭყის მოშორებაზე და ეს მხოლოდ რუსთაველის გამზირს არ უნდა ეხებოდეს. ახლა თბილისის ქუჩები არ ირეცხება, არ სუფთავდება მტვრისგან და არ ხდება მათი სათანადო მოვლა.

ერთი მცირე ნიავია საჭირო და თბილისის გზები უდაბნოს ემსგავსება, ხედვა და სუნთქვა ერთდროულად ჭირს და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამას მივეჩვიეთ, ყოველდღიურობა გადა, ისე, როგორც ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანისთვის გზიდან გვერდის ავლა ან შავი ბოლის მხრჩოლავი ავტომანქანები. მერიამ რამდენჯერმე გარე ვაჭრობით განთავისუფლებულები ტერიტორიები „სპეციალური ხსნარით“ მორეცხა და ამით ამოიწურა ეს საქმე. არადა თბილისი გაცილებით დიდია, ქუჩაც ბევრია და მათ სისუფთავის დაცვა რეგულარულად სჭირდებათ. თბილისის მოსახლეობა არ იმსახურებს ასეთი მტვრიანი ჰაერის სუნთქვას!

 

6. ქალაქის სანიაღვრეების კრიზისი

წაიკითხავს ამ სტატიის მე-7 პუნქტს „თბილისის მერიის მტვერთან ბრძოლის სამსახურის“ უფროსი და იტყვის,“ რომ მოვრეცხო, ეს ამდენი წყალი სად წავიღოო?“ და მართალიც იქნება. ერთი პატარა წვიმაა საკმარისი იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში მდინარეებივით ნიღვარი წამოვიდეს და ტბასავით გუბეები დადგეს. ცოტა ძლიერ წვიმაში ქალაქის მოძრაობა პარალიზებულია: წყლის ნაკადი მოდის ყველა მხრიდან, ამას შენობების სანიაღვრე მილებიდან ჩამოსული წყალიც ემატება (ზოგჯერ ხომ პირდაპირ მე-2 სართულიდანაც მოთქრიალებს ნაკადი) რაც ქვეითების გადაადგილბას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის. მოკლედ წვიმაში თბილისის ყველა ქუჩა ერთ დიდ გასაბერ აუზს ემსგავსება.

გზები შენდება ისე, რომ ერთი სანიაღვრე არაა გათვალისწინებული პროექტში, უკვე არსებული ერთი-ორი კინკილა „ასფალტის ღრიჭო“ რომ ვერ შველის სიტუაციას, ამას ყოველი წვიმიანი ამინდის დროს ვხვდებით. ახალი სანიაღვრე სისტემის გეგმის შედგენა და მისი მოწყობა უფრო და უფრო ძნელად შესასრულებელ მისიასა და შორეულ მომავალს ემსგავსება: თბილისი. 2156 წელი. ძლიერი წვიმაა, მაგრამ საფეხმავლო და სამანქანო მოძრაობა შეუფერხებლად გრძელდება. კი აბა.

მანამდე ვუყუროთ დატბორილი ქუჩების ამსახველ ვიდეოებს, ყოველი წვიმის მერე რომ აქტიურად ვცელდება ინტერნეტში. კარგი გასართობია.

5. პარკინგის სისტემის არარსებობა საცხოვრებელ ზონებში

არვიცი, ალბათ, თბილისის ძველი შენობების 100% და ახალი „სილამაზეების“ 80% ისეა დაგეგმარებული და აშენებული, რომ პარკინგზე ნაფიქრიც კი არაა. შესაბამისად, თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ და თქვენი ბინის ფანჯრები ქუჩის დონეზეა, ყველაზე მეტად შესაძლებელია, რომ დილას მეზობლის მანქანის გამონაბოლქვმა გაგაღვიძოთ, რომელიც ღამით თქვენი ფანჯრის წინ დააპარკინგა. ერთისთვის ეს წვრილმანი დეტალი, მეორესთვის მთლიანი დღის ხასიათის განმსაზღვრელია, ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თბილისურ ეზო თავისი სილამაზითა და სტრუქტურით არის ის, რაც ამ ქალაქის უნიკალურ იერსახესა და ხასიათს განსაზღვრავს. ტიპური თბილისური მრავალბინიანი საცხოვრებელი არის ქუჩაზე გამოსული ფასადით, ეზოში შესასვლელი თაღითა და სადარბაზოთი; უმეტესწილად იატაკზე ულამაზესი ფილებით ან მოზაიკით, უკეთეს შემთხვევაში მოხატული ჭერითა და კედლებით. ეზოში სრულიად განსხვავებული, ქუჩისგან დამოუკიდებელი და თბილი გარემო გვხვდება. შემინული შაშაბანდი, აივნები ხის მრავალფეროვანი დეკორით, გამწვანებული ეზო… ეს თბილისური ეზოები და მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილი ახლა მანქანების გასაჩერებლ ადგილად იქცა. რამდენი ხე მოიჭრა და ყვავილი ამოიძრკვა რომ უფრო მეტი მანქანა დატეულიყო ეზოში… დროა შედგეს თბილისური ეზოების აღორძინების პროექტი, მოეწყოს პარკინგები ეზოებს გარეთ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, შენობასთან ახლოს. დავუბრონოთ თბილისს ავთენტური ის იერსახე, რასაც ჩვენი ქალაქი უკვე დიდი ხანია რაც იმსახურებს!

 

 

4. საავტომობილო გზების მშენებლობა ქუჩების გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთვის მიზნით

ამ საკითხზე ბევრი დაიწერა და ეჭვი მაქვს კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან თბილისში ახალი გზების მშენებლობაზე უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა ჩვენი საყვარელი მერიის მხრიდან. ყველაზე მტკივნეულად ქალაქმა კოლმეურნეობა-თავისუფლების მოედნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გადაიტანა. ასფალტი დაესხა თბილისის გალავანის იმ არქეოლოგიურ მონაკვეთს, სადაც შუა საუკუნეებში იყო საბაჟოს მსგავსი ოთახი და თბილისში შემოსვლისას მსოფლიოს სხვადასხვა მონეტებს იხდიდნენ. მოკვლევისა და ჩვენი დედაქალაქის შესახებ ახალი ფაქტების აღმოჩენის ნაცვლად, აქ ახლა მტვრის „ბუდე“ და დიდი ტალახიანი ორმო გვაქვს, ღამე გაუნათებელი და ფეხით რომ ვერ გაივლი ისეთი. სამაგიეროდ, ავტომანქანები დადიან აქტიურად. ანუ მერია აშენებს გზებს, ისედაც მომრავლებული მანქანებისთვის გადაადგილებას ხელის შესაწყობად. იმის მაგივრად, რომ საზოგადეობრივი ტრანსპორტი გააძლიეროს და ქალაქში გადაადგილება კომფორტული გახდეს ავტობუსით, მეტროთი და ტაქსით, პირიქით, ხელი უფრო ეწყობა ავტომობილების მომრავლებას.

ერთი შეხედვით აბსურდია, მაგრამ რეალობა. მაშინ როცა ნორვეგია მთლიანად კრძალავს მაქანების მოძრაობის ქალაქის ცენტრში, ინგლისი დიზელზე მოქმედ მანქანებს, ჩვენ ელემენტარული სავალდებულო ტექდათვალიერების კანონიც კი არ გავქვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კანონის მიღებით, მთელი „მხრჩოლავი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოღება მოგვიწევს სისტემიდან.

თბილისი ვეღარ უძლებს ამდენ სულელურ გადაწყვეტილებებს და უუნარობას მმართველი ორგანოების მხრიდან, რომლებიც რეალურად მომავალზე კი არაა ორიენტირებული, არამედ იმ კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული ამომრჩევლის ხმების მობილიზებაზე. თითებზე ვითვლი დღეებს როდის დაგვემხობა ქალაქი თავზე, ასეთ პირობებში ურბანულ კოლაფსამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.

 

3. Ⴑაზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ მთავრობის მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება

რამდენიმე წელია, რაც თბილისი დადგა სერიუზოული პრობლემის წინაშე, გამონაბოლქვის მიერ დაბინძურებული ჰაერი; სუნი და მტვერია ყველგან. ქუჩაში ფეხით სიარული თითქმის წარმოუდგენელია, მაგალითად, კოლმეურნეობა-თავისუფლების მოედნის მიმართულებით ფეხით მოძრაობა აბსოლიტური კატასტროფაა და ზოგადად ყველგან, სადაც სამანქანო მოძრაობის ორი ან მეტი ზოლი და ვიწრო ტროტუარებია, ქვეითი მთლიანად მუქი ფერის გამონაბოლქვშია გახვეული და თუ მითუმეტეს ქარიანი ამინდია, ქალაქი უდაბნოს ემსგავსება და სუნთქვა კი არა ხედვაც კი ჭირს. ამის მიზეზი ერთის მხრივ ბოლო წლებში მომატებული მანქანების რაოდენობაა.

ავტომანქანები ამ პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ქალაქის მთავრობა რამდენიმე წელია არ აჩქარებს სავალდებულო ტექდათვალიერების კანონის მიღებას, რაც პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორტს სჭირდება.

ამორტიზებულ ყვითელი ავტობუსებს, უარეს მდგომარეობაში მოძრავი სამარშუტო ტაქსები ემატება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია კერძო საკუთრებაშია და ასე უტიფრად ბედავს ყოვლდღიურ გამოყენებაში ჰყავდეს ეს „მხრჩოლავი მანქანები“ რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არის სიბინძურის ბუდე და მათი ნახშირივით შავი გამონაბოლქვი ჩვეულებრივად იფრქვევა გარემოში, თან ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და ისე მიეჩვია მოსახელობა, აღარავის უკვირს. რამდენი საპროტესტო ბანერი გაეკრა, თითქოს დაიწყო მოძრაობა ტექდათვალიერების შემოღების მიზნით, მაგრამ არაფერი შეცვლილა, კომპანია ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს მუშაობას და თბილისის მერიაც არ იმჩნევს, „თვალები აქვს დახუჭული, ვითომ სძინავს.“

მომატებული მანქანები და გამონაბოლქვის პრობლემა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასწორ ფუნქციონირებასა და მთავრობის მიერ ამ საკითხთან არასერიოზულ დამოკიდებულებაში. ცხადია 40 ლურჯი ავტობუსის შამოყვანით ამ პრობლემას არ ეშველება და უნდა დაფიქრდეს სატრანსპორტო დეპარტამენტი, ხომ არ ჯობია პრიორიტეტად დადგეს გამართული და კომფორტული საჯარო ტრანსპორტი ემსახურებოდეს თბილისს, იქნება ეს მეტრო, ავტობუსი, ტაქსი და აღარ გახდებოდა ამდენი ავტომანქანის მოხმარების საჭიროება მოსახლეობაში. ვის უნდა სუნიან და ჭუჭყიანი ავტობუს/მარშუტკით მგზავრობა, როცა ძალიან იაფადაა შესაძლებელი ავტომანქანის შეძენა და მისი მოხმარება?

 

2. საფეხმავლო გზების (ტრტუარები, ზებრა) გეგმარების არარსებობა

თბილისში სამანქანო გზებისა და მათთან დაკავშირებული აქსესუარების (შუქნიშანი, კუნძული და ა.შ) მოწყობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან მსუყე თანხები იხარჯება, თუმცა არასდროს თბილისის ისტორიაში, არც ერთ მთავრობას არ დაუსვამს საკითხი ქვეითებისთვის საფეხმავლო გზებისა და მოძრაობის სქემების დაგეგმარებისა.

თბილისში A პუნქტიდან B პუნქტში ფეხით მოხვედრა გაურკვევლი მარშუტია, წინასწარ არასდროს იცი სად რა დაბრკოლებას შეხვდები და რა დროში მიაღწევ დანიშნულების ადგილს. ფეხით სიარული ერთგვარი თავგადასავალია, არასასიამოვნო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით აღსავსე – ერთგან მანქანაა დაპარკინგებული, მეორეგან სამშენებლო ღობეს უკავია მთლიანი ტროტუარი, მესამეგან გარე ვაჭრობის ჯიხური ამ დახლია წინაღობა, მეოთხეგან ჟოლობიდან პირდაპირ შუა ტროტუარზე მოჩქეფს წყალი და კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.

ქალაქში არ არსებობს ქუჩებს შორის დამაკავშირებელი დაგეგმარებული საფეხმავლო გზები, რის მიხედვითაც ქვეითს ექნება მარშუტი და წინასწარ განსაზღვრული სამოძრაო მიმართულება დანიშნულების ადგილას მისაღწევად. სწორედ ამის გამოა, რომ სამანქანო გზებზე ქვეითები ყველა შესაძლო მონაკვეთში ქაოტურად კვეთენ გზებს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია და მოძრაობასაც აფერხებს, მაგრამ თბილისში ყველა მოქალაქე და მძღოლი თითქოს ადაპტირებული და მიჩვეულია მსგავს ქმედებებს, ეს პროცესები ქალაქის ყოველდიურობა გახდა.

იმის გამო, რომ მსგავსი ქაოტური ქუჩის გადაკვეთები აღეკვეთათ, თბილისის მერიის რომელიღაცა „ჭკვიანმა“ სამსახურმა ყველაზე უფრო ხალხმრავალ და პრობლემურ მონაკვეთებში მოაჯირები დაამონტაჟეს.

მათი ვიზუალური მხარე რომ გვერდით გადავდოთ და მაგალითისთვის თამარ მეფის გამზირი ავიღოთ, ძალიან უხერხულ და სასაცილო სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდებით.

ვისაც ამ ადგილას ჯერ არ გაგივლიათ, მოკლედ გაგაცნობთ სიტუაციას: ეს მოაჯირები იწყება იმ მანძლიდან, რომ ტროტუარზე მოძრავი ქვეითი თავიდან ამას ვერც კი ამჩნევს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ქუჩის გადაკვეთის დრო დგება. წინ შუქნიშანია, სადაც ლოგიკურად ზებრა უნდა იყოს და ქვეითი კვეთდეს გზას, თუმცა აქ წინაღობად მოაჯირი გხვდებათ. გზას აგრძელებთ და ქუჩის გადაკვეთას მაქანების შუა სამოძრაო ზოლშიღა ახერხებთ, შუქნიშნიდან მოშორებით, ზებრის გარეშე, უამრავი ავტომანქანის ბორბლებისა და გამონაბოლქვს შორის. ამის შემდეგ ტროტუარზე ასასვლელად წინაღობად ისევ მოაჯირი გხვდებათ და სამანქანო გზის კიდეში აგრძელებთ მოძრაობას, რათა ისევ შეძლოთ ტროტუარზე მოხვედრა. იგივე მეორდება ამ კონკრეტული გზა გასაყარის ოთხივე მხარეს და შესაბამისად, ხალხის ნაკადი ყველა მხრიდან მაინც ქაოტურად მოძრაობს, ამ სულელური მოაჯირების გამო კი უფრო არაკომფორტულ გარემოში. მოკლედ, ეს ან იმდენად გენიოსური ჩანაფიქრია, რომ უბრალო მოკვდავები ინსტრუქციის გარეშე ამას ვერ ვხვდებით, ან ვისაც ამ საქმის მოგვარება აბარია, ერთხელაც კი არ გაუვლია ამ ადგილას, ურბანიზმისც კი არაა მისი პროფესია და საერთოდ რას ვითხოვთ…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც სამანქანო გზები არსებობს და იგეგმება, ისევე უნდა განვითარდეს საფეხმავლო მოძრაობის მონაკვეთები და ქალაქის მმართველობამ ამ მიმართულებით პროფესიონალებთან ერთად სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა.

 

1. ერთი სიტყვა: მ ტ კ ვ ა რ ი

ყველაზე დიდი ურბანული შეცდომა, რაც ოდესმე თბილისს დაუშვია, არის მდინარე მტკვრის იგნორირება. წლები გადის ისე, რომ ქალაქი მისკენ არც იხედება, თითქოს არც არსებობს. ბლანტი, სუნიანი და ტალახისფერი, ჯებირებს შორის ჩაკარგული საქართველოს „დედა მდინარედ“ წოდებული ეს მდინარე სრულიად მივიწყებული და გაუცხოვებულია ქალაქის ცხოვრებისგან. პოტენციალი მისი ქალაქის ურბანულ გარემოში ინტეგრირებისა დიდია, თუმცა ნება და პროექტი მისი რეკრეაციად გარდაქმნისა – 0.

მტკვარი ოდესღაც ადგილი თბილისის საამაყო კინტო და ყარაჩოღელების, წყლის წისქვილებისა და გადმოკიდებული აივნებისა, ახლა გაუქმებული სარწყავი არხივითაა. აი ასე მარტივად, ამხელა მასა დევს უფუნქციოდ.

მსოფლიოს კარგ ქალაქებში მდინარისა და ქალაქის ურთიერთობის უამრავი საინტერესო მაგალითი გვაქვს. პირველრიგში მდინარეები აქტიურად იწმინდება და იქ მტელი ქალაქის, ბოდიში და კანალიზაცია არ ჩედინება.

სუფთა ნაპირებზე ეწყობა საფეხმავლო რეკრეაცია, უამრავი ხე, მცენარე ყვავილითა და ეკო სისტემით, რომელსაც იხვები, ციყვები, უამრავი მწერი და ჩიტის სახეობა წარმოადგენს. რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ თბილისის ეკო სისტემის აღორძინება. საქართველოს ფაუნის ცხოველებმა და ფრინველებმა უნდა მოიბრუნონ ჩვენსკენ პირი და დაუბრუნდნენ პარკებს და სკვერებს.

უნდა შევეცადოთ და მტკვარს მივცეთ ახალი სიცოცხლე, საინტერესო სივრცეებიტა და სანაპირო ზოლით.

 

 

ამ სტატიის გარეშეც ნათელია, რომ თბილისს 10-ზე მეტი პრობლემა აქვს და ამ სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება. ამის მიზეზი არის ის, რომ რეალურად სახელმწიფო მათ არ აგვარებს, ეს პრობლემები ერთმანეთს ემატება და უფრო სერიოზულ ურბანულ დილემას ქმნის. ეტყობა ქალაქის მმართველობა კოსტავას ქუჩიდან დანახულ თბილისს ისე არ ხედავს, როგორც ამას აქ მაცხოვრებლები ვგრძნობთ.

მთავრობა, რომელიც მთლიანად ინვესტორის სურვილებსაა მორგებული, ვერასდროს შესთავაზებს კომფორტულ ქალაქს თავის მოსახლეობას!

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest