"გალავანი დაახლოებით მე–11–13 საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. აღმოჩენილია ხუთი კოშკი, მათ შორის ორი დიდი გოდოლი. ამ გალავნის არსებობა საიდუმლო არ ყოფილა, გალავანი ძველ რუკებზე დატანილი იყო და მის შიგნით ძველი თბილისი იყო მოქცეული. აღმოჩენილ ორ დიდ კოშკს შორის უნდა ყოფილიყო შესასვლელი კარი, რომელსაც დიღმის კარი ერქვა.

ძველად ყველა კართან სპეციალური საბაჟოები იყო ხოლმე განთავსებული, სადაც ის ვაჭრები, ვისაც რაიმე შეჰქონდა ქალაქში, ბაჟს იხდიდნენ. ამ ადგილას აღმოჩენილია ძალიან საინტერესო ნივთები: კერამიკა, სამაჯურის ნაშთები, მინა, მონეტები, რაც სწორედ საბაჟოს არსებობაზე მიუთითებს. ვახტანგ გორგასლის დროინდელი ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, თუმცა ეს ერთ–ერთი ბრწყინვალე აღმოჩენაა.

ისტორიულად გალავანი პუშკინის ქუჩიდან ნარიყალასკენ მიდიოდა, შემდეგ სიონის მიმართულებით ეშვებოდა, სიონიდან ანჩისხატამდე უხვევდა და კვლავ ბარათაშვილის მიმართულებით გამოდიოდა. კედლის ის ნაწილი, რომელიც პუშკინის ქუჩიდან ნარიყალამდე იყო, ამჟამად სახლების ქვეშაა მოქცეული და მისი გათხრა არ იგეგმება." - მერაბ ძნელაძე, ეროვნული მუზეუმის მეცნიერი.